კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასს დატოვებენ.
„იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს და სრულმასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გზა გაიხსნას, როგორც ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯერ კიდევ შარშანწინ, ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, ზელენსკიმ უნდა მისცეს ბრძანება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტონ ცეცხლი და დატოვონ დონბასის ტერიტორია, ასევე რუსეთის რეგიონების ტერიტორია“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინული ჯარების გასვლის შემდეგ „დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა და მხარეებს შეეძლებათ, მშვიდად გადავიდნენ მოლაპარაკებებზე“.
პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებები „ძალიან რთული იქნება და ბევრ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს“.
კითხვაზე, უნდა დატოვონ თუ არა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიც, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, „კიდევ ერთხელ გადაიკითხონ პრეზიდენტ პუტინის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.
2024 წლის ივნისში ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობებად დაასახელა უკრაინული ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან, ასევე უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წინადადება ულტიმატუმად შეაფასა, რომლის „ნდობაც არ შეიძლება“.

