26 მაისი თითოეული მოქალაქის დღე არის და ამ დღის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის, პარტიული ნარატივების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მოსახლეობისთვის ერთიანობის დღეა და ამ დღის სხვა მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
„როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ბოიკოტისტი ოპოზიციის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ. ის, რომ ისინი გარკვეულ ქმედებებს მიმართავენ მათი მუშაობის ეფექტიანობისთვის, მისასალმებელია. მოქალაქეებთან კომუნიკაციაც, რომ დაიწყეს ესეც მისასალმებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით ხდება. ჩვენ არჩევნებამდე, 2025 წელსაც ყველას ამას ვუხსნიდით. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აზრი და ის, რომ საქართველოს ბედი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო სახელმწიფო მნიშვნელობის დღეების გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. თარიღებზე ჩამიკიდება ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბრის პროვოკაცია, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიგეგმა და ნებსით თუ უნებლიედ იმ ადამიანებმა, ვინც 4 ოქტომბრის აქცია დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს, ამ ყველაფერმა ჩვენი პოლიტიკური ვითარება დაამძიმა. ჩვენ გვყავს უფრო მეტი შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომლებიც დღეს ციხეში ჰყავთ გამოკეტილები.
26 მაისი სახელმწიფო მნიშვნელობის დღეა. 26 მაისი ჩვენთვის დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე ჩვენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ დღეს ვიზეიმებთ. ეს თითოეული მოქალაქის დღე არის და ამ დღის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და პარტიული ნარატივების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენთვის მიუღებელია. იმ დღეებში, რომლებშიც ქვეყანა და მოსახლეობა უნდა ერთიანდებოდეს და ერთად აღნიშნავდეს სახელმწიფოებრივ დღეს, ჩვენთვის მოსახლეობის გაყოფა დაუშვებელია“, – განაცხადა ხვედელიანმა.

