577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი და ის ადამიანები, ვინც აქ თავისივე ქმედებებით თავის რეიტინგს მინუსისკენ მიაქანებენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე.
მისივე თქმით, ეს პროცესი ევრობიუროკრატების მხრიდან ეფექტური ვერ არის.
„მათ, ამ პროცესში გარკვეული ეფექტი რომ მიღწეული ჰქონოდათ, აქ შედეგი დღეს სულ სხვა იქნებოდა – ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტული შედეგისა და ეფექტის მიღწევა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მოამზადეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს. საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 22-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

