პარასკევი, აპრილი 24, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა გავზარდოთ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა ხელი, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა, ვანგ ვენთაომ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას.

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე, ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცისა და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62 პროცენტით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148 პროცენტით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რამდენ ხანს გაგრძელდება უნალექო ამინდი – მეტეოროლოგის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„დღეს დასავლეთ საქართველოში ამინდი უფრო ნოემბერს ჰგავდა, ვიდრე აპრილსა და გაზაფხულს, მაღალ მთაში თოვდა კიდეც, ხვალ იგივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება - მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ასე რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. 25 აპრილს - გამოიდარებს. 26 აპრილს - უმეტესად უნალექო დღე შენარჩუნდება. 27 აპრილში - ისევ გაუარესდება ამინდი და წვიმა დაბრუნდება. ასე მიილევა აპრილი სტაბილური სითბოს გარეშე, მხოლოდ ხანმოკლე უნალექო პერიოდებით“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

სიახლე, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ილია წულაია – „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, საუბარია დაახლოებით, ორ მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე

„ტრამპ თაუერ თბილისი“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, – ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.წულაიას თქმით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.„ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.საუბარია დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ Trump Tower-ს, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც, რომელიც ახალი დანიშნულება იქნება თბილისისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი და სასტუმროები. ძალიან ბევრი პოზიტიური ამბავი მოჰყვება ამ პროექტის მშენებლობას. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან როგორც სასტუმრო, ისე სარესტორნე მიმართულებით და ზოგთან კონტრაქტიც კი გვაქვს უკვე გაფორმებული. ამ ყველაფერს ეტაპობრივად დავაანონსებთ. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაგარი და მიმზიდველი უბანი გაკეთდება, რომელიც დანიშნულების ადგილი იქნება როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველებისთვის.გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump-ის ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, – აცხადებს ილია წულაია.„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა.მისივე თქმით, აშშ-ს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ცვლილება არ განუხორციელებია და, შესაბამისად, ვაშინგტონს ირანზე იერიში არ მიუტანია.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

მასუდ ფეზეშქიანი – ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა, ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ირანის პარლამენტის სპიკერ და ამავდროულად ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურებიან.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისინი აღნიშნავენ, რომ ირანში არა რადიკალები არამედ, „რევოლუციონერები“ არიან, ქვეყანაში კი ერსა და მთავრობას „რკინის ერთობა“ აქვთ.„ირანში არ არიან რადიკალები. ჩვენ ყველანი „ირანელები“ და „რევოლუციონერები“ ვართ, ერისა და მთავრობის რკინის ერთიანობით, რევოლუციის უზენაესი ლიდერისადმი სრული მორჩილებით, ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა; ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი“, – წერენ ფეზეშქიანი და ღალიბაფი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში დაპირისპირებაა და ვერ გაურკვევიათ თუ ვინ არის მათი ლიდერი.

ბოლო სიახლეები