ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

მეუფე შიოს დღევანდელი ქადაგება

„ღვთის სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი…“, – იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეშვიდე კვირას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს იყო წაკითხული სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი ახალგაზრდა რჯულის მეცნიერთან, რომელმაც ჰკითხა მას, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? (ლკ. 18, 18). უფალმა მას გაახსენა ძველი აღთქმის მცნებები: „არა იმრუშო“, „არა კაც ჰკლა“, „არა იპარო“, „არ მოიტყუო“, „პატივი ეცი შენს მშობლებს“ (გამ. 20, 12-16; რჯ. 5, 16-20) და ა. შ.

კაცმა მიუგო, რომ ამ მცნებებს ბავშვობიდან იცავდა, მართალი ვარ ღვთისა და ადამიანთა წინაშეცო. თუ ასე ფიქრობს, თუ მიაჩნია, რომ ასეთი მართალია და ყველაფერს იცავს, მაშ რატომ ეკითხება მაცხოვარს? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, ჰგონია, რომ ის მართალია დაწერილი რჯულის წინაშე, ან რჯულით თითქოს მართლდება, მაგრამ რჯულის მიღმა არის კიდევ უფრო დიდი სიმართლე; რომ რჯულის მხოლოდ ასე ფორმალურად დაცვა არ არის საკმარისი; საჭიროა, რჯულის სულის გაგება, ჩაწვდომა ამ სულისა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს. მაცხოვარი მას ასევე ეტყვის: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, თუ შენ ყველაფერ ამას იცავ, მაშინ მიატოვე შენი ქონება და მე გამომყევი“ (ლკ. 18, 22).

ეს კაცი მდიდარი იყო მატერიალურად, მაგრამ ამის გარდა, ძვირფასო ძმებო და დებო, იგი მდიდარი იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენითაც, თავისი სათნოებების, თავისი სიკეთის შეგნებით იყო მდიდარი. მას ეგონა, რომ ყველაფერი შეასრულა ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და მართალია. უფალი ამბობს, რომ მათ შორის ასეთი სიმდიდრეც უნდა მიატოვოს ადამიანმა. თუ ამას არ იზამს, სასუფეველში ვერ შევა. აი, ასეთი საოცარი დიალოგია. მაშასადამე, ღვთის სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი.

თუ ადამიანს ჰგონია, რომ დამსახურებების გამო მიიღებენ, მიიტანს იქ თავის სიმართლეს და უფლებებს, რომ მას უფლება აქვს მისი დამკვიდრების, ასეთი ადამიანი სასუფეველში ვერასდროს შედის, არამედ – მხოლოდ ის, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი უფლება არ აქვს სასუფევლისა, არანაირი დამსახურება არ აქვს და არაფრით ღირსი არ არის. აი ასეთების წინაშე იხსნება, ძვირფასო ძმებო და დებო, სასუფევლის კარი. ამრიგად, ეს უნდა ვისწავლოთ – უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ შევა სასუფეველში“, აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზედაც უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5, 3).

როდესაც დავგლახაკდებით (კარგი გაგებით), გავხდებით უმწეონი ამ გაგებით, რომ მხოლოდ ღვთის წყალობისა და სიყვარულის იმედი გვექნება, მეტი არაფრის, აი, მაშინ დამკვიდრდება ჩვენშიც და განივრცობა ჩვენ ირგვლივაც სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – იქადაგა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები