კვირა, დეკემბერი 7, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) – რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY) გაიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, EYE კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ტარდება, ესწრებოდნენ: ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ივან დლიუგოსის უნივერსიტეტის (Jan Długosz University in Czestochowa, პოლონეთი) ვიცე-რექტორი მარცინ სოსნოვსკი, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი სელია პედრო, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, EYE-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი გიორგი მოლოდინი, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი, სტუ-ის სტუდენტი ანნა გოგალაძე და სხვები.

55-ე საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თბილისში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიას ქმნის. საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ 55-ე საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“. ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეირჩა EYE-ის აღმასრულებელი კომისიის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის დასტურია. ეს არჩევანი ადასტურებს, რომ თანამედროვე ინჟინერია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტით ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ინჟინრების ინოვაციური ენერგია უზრუნველყოფს ახალი იდეების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახალგაზრდული ხედვა და კრეატიული ნამუშევრები ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა რეალურად გარდაიქმნება ინოვაციად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონფერენციის მასპინძელი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების წარსადგენად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აფართოვებს საქართველოს როლს გლობალურ საინჟინრო და სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტმა სელია პედრომ და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ.

EYE კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 100-ამდე დელეგატი – ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი (გერმანია, იტალია, პოეტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი) ახალგაზრდა მკვლევრები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები: ილონა შეყილაშვილი – სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრი – თემით: „ხელოვნური ინტელექტი და განვითარება; ადეტუნჯი აიოადე – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მასშტაბირებადი, რეალური ცხოვრების გადაწყვეტილებებისთვის” და „ჭკვიანი მშენებლობის სისტემები; მარიამ კენჭაძე – „გონების თამაშები: ნეიროჩარტი კრიმინალი ციფრულ ეპოქაში“; ალექსანდერ ჩიშევიჩი – „ხელოვნური ინტელექტით მართვადი ელექტროკარდიოგრამის დიაგნოსტიკა: ღრმა სწავლება და დიდი ენობრივი მოდელები ჭკვიან ჯანდაცვაში”; გოგი გორგილაძე და ნია ფოფხაძე – სტუ-ის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრები – „მინიმალიზმი: შეზღუდვა თუ თავისუფლების გზა“; გიორგი ფაცაცია – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და მომავალი მიმართულებები“; პოლ ჯენკინსონი – „მდგრადობა – ჩვენი თაობის გამოწვევა“; გიორგი მუშკუდიანი – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის და საოპერაციო ხარჯების შემცირება განახლებადი ენერგიის, ჰიდროენერგიისა და თხევადი გაგრილების დახმარებით; დარენ მაკდონალდი – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი ვეტერინარულ დიაგნოსტიკაში: პარაზიტული ინფექციების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში“ და „ხელოვნური ინტელექტი პარაზიტოლოგიაში“; ავთანდილ ბიჩნიგაური – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინდიკატორების აღმოჩენა და მართვა აკადემიურ ნაშრომებში“; გიორგი ოტიაშვილი – არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრი – „ორი უბნის შედარებითი ანალიზი ვილნიუსსა და თბილისში“; ამირან ლაზარიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მაცივარ-კონტეინერი ხილისა და კენკრის ტრანსპორტირებისთვის“; ა. კვინიკაძე – „ინტელექტის განვითარების ალტერნატიული გზები“; თინათინ იორდანიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები სამრეწველო სექტორში: გამოწვევები და შესაძლებლობები“;

სტუ-ს ინფორმაციითვე, ორგანიზაციაში – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ – საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა. „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მოლოდინი, რომელიც „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია; „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ გენერალური მდივანი კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ანნა გოგალაძეა.

„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები