სამშაბათი, სექტემბერი 16, 2025

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ოსაკას მსოფლიო გამოფენა-ფორუმზე მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მსოფლიო გამოფენა-ფორუმზე (Osaka Expo 2025) მორიგი წარმატებისთვის დააჯილდოვეს. მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა-ფორუმი ექვსი თვის განმავლობაში, 13 აპრილიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მასზე ჩვენი ქვეყანა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიურმა ცენტრმა (ISTC) ქართულ-იაპონური სამეცნიერო კოლაბორაციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით წარდგენილ საგრანტო პროექტს – “GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით” – უმაღლესი შეფასება მისცა და ოსაკას ექსპოზე მისი პრეზენტაცია საკუთარ პავილიონში, ცენტრის მიერ დაფინანსებულ გამორჩეულად წარმატებულ სამ პროექტთან ერთად გამართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ISTC-ის ხელმძღვანელობამ ქართულ-იაპონურ კვლევით კოლაბორაციას უმაღლესი შეფასება მისცა და იაპონიის მთავრობასთან შეთანხმებით, ოსაკას გამოფენა-ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ორი ქართველი მეცნიერის ვიზიტი დააფინანსა. ვიცე-რექტორის თქმით, Osaka Expo 2025-ში სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ვახტანგ ჯღამაძემ და ნათია მარგიანმა მიიღეს მონაწილეობა.

“ოსაკაში, მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენა-ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერთა ჯგუფის წარმატება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ ერთი თვალსაჩინო დემონსტრაციაა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა და თავისი კვლევითი შესაძლებლობებით, საგრანტო პროექტის შესრულების მაღალი ხარისხით დამსახურებული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

საგრანტო პროექტი, რომელიც კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესებას ეხება, პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გლობალურ გამოწვევებს. ის ფაქტი, რომ ISTC-მა სწორედ ამ პროექტს მიანიჭა უმაღლესი შეფასება და წარადგინა ოთხ გამორჩეულ ნამუშევარს შორის, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა შრომა სრულად შეესაბამება უმაღლეს თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტს და ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მზარდ როლს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო კვლევით სივრცეში.

მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ ოსაკას ექსპოზე მოპოვებული კიდევ ერთი აღიარება ამაღლებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციას, ზრდის ნდობას ქართული მეცნიერების მიმართ და რას ასე მნიშვნელოვანია, ქმნის მყარ საფუძველს ახალი კვლევითი კოლაბორაციებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თაოსნობით, აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების წარმართვისა და ინტელექტუალური პოტენციალის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების უნარი. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულებს,” – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტის – “GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით” – უცხოელი კოლაბორატორია ცნობილი იაპონელი მეცნიერი, ნაგაოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი მასატოში ტაკედა. ქართველ მეცნიერებთან წარმატებული თანამშრომლობის ნიშნად, გასულ წელს საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნოლოგიურმა ცენტრმა დააფინანსა პროფესორ ტაკედას სამეცნიერო ვიზიტი საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე – GTUnano2024 – დასასწრებად. იაპონელმა მეცნიერმა წარადგინა პრეზენტაცია და ამავე დროს, იყო ამ კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იაპონელი კოლეგა აგრეთვე ესტუმრა სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტს და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია დაათვალიერა. 

ISTC-ის ოფისის ინიციატივით, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში პროფესორ ტაკედასთან ერთად მომზადდა Osaka Expo 2025-ზე წარსადგენი პრეზენტაციის ორენოვანი (ინგლისური და იაპონური) ვერსიები. ISTC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციას გამოფენის დამსწრე ბიზნეს და სამეცნიერო წრეების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად.

Osaka Expo 2025-ზე ასევე წარმატებული სამეცნიერო გუნდების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ქართველი მეცნიერები დაჯილდოვდნენ მაღალი გემოვნებით შესრულებული “აღიარების სერტიფიკატით”, რომელიც Osaka Expo 2025-ზე იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წარმომადგენელს – ნათია მარგიანს გადასცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს – 30-მდე აქტივისტი სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რაც სავარაუდოდ, პნევმატური პისტოლეტია – დაკავებულია...

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 2009 წელს დაბადებული პირი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირებას ახდენდა. შსს ბესიკის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 30-მდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. შსს-ს თანახმად, აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. უწყების ცნობით, დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში, შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს.ამის შესახებ მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ დროს მისცემს ტრამპი პუტინს იქამდე, ვიდრე იმ სანქციებს დაუწესებს, რომლითაც იმუქრება.„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა, შეიძლება, მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება. ის ხელოვნურ ვადას არ დაასახელებს. მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები ევროპამაც დააწესოს. ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ პროდუქტებს, მათ შორის რუსულ ნავთობს. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – თქვა რუბიომ.სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ სურთ, წაახალისონ ევროპა, რეალურად გააკეთონ ის, რასაც ამერიკისგან ითხოვენ.

არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია – გია ვოლსკი

"არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა."სწორად სვამთ შეკითხვას. თუ გამოძიება მიმდინარეობს, გამორიცხავთ, რომ ვიღაცის გვარები, ყოფილი წევრები ფიგურირებდნენ?... მე გამოვრიცხავ. არა მარტო მე გამოვრიცხავ ამას, მაგრამ, ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს გამოძიებამ ყველა დეტალის შემცველი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით როდესაც ამბობ - მე კი გამოვრიცხავ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას, უკვე ტოვებ გარკვეულ შეკითხვებს შენი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ. ასეთი შეკითხვები არ არსებობს. ეს იმიტომ დასახელდა , რომ თქვენ შეკითხვა დამისვათ, რომ ხალხში რაღაც ნიჰილიზმი გაჩნდეს, არასტაბილურობის განცდა უნდათ შემოიტანონ.ჩვენი მხრიდან მინიშნებები რაზეც კეთდება, ამის იქით საკომენტარო დღეს არაფერია. არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია, ნებისმიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პაატა ბურჭულაძე – ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, რვა საათზე...

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი, „მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ“.„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, მშვიდობიანად გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. ვინმე თუ აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც. ამას ვერ შეაჩერებენ. ორი ვარიანტი აქვთ, მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა: „ცოტათი მაინც თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ, რომ აქცია იყოს მართვადი, რომ ხალხი არ იყოს უმართავი, თორემ ჩვენ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში“.ბურჭულაძე ამბობს, რომ მათი სურვილია, მშვიდობიანად დაამხონ ბიძინა ივანიშვილი.„ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი. მოგვეცით საშუალება, ეს მშვიდობიანად გავაკეთოთ. ყველას თუ დაგვიჭერთ, ხალხი გამოვა და ნახავთ, რა მოგივათ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იქნება სამი ლოკაცია, ამავდროულად, განაცხადა, რომ იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება.„ჩვენ უნდა გვქონდეს სამი ლოკაცია. ამ ლოკაციებს მოგვიანებით ვიტყვით. ველოდებით 200-დან 300 ათასამდე ადამიანს. პირველი საკითხი იქნება – გინდა თუ არა, ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, ყველა იტყვის – კი. იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენ ხელში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ. 4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის. ყველაფერი გამოცხადდება. ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება. მშვიდობას უნდა ბრძოლა, თორემ გამოსვლით და „ძირს ოლიგარქიას“ ძახილმა უკვე თავისი დრო მოჭამა. ბრძოლა ბოლომდე, არ უნდა დავნებდეთ. ჩემი აზრით, 8:00 საათზე უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან, არჩევნები ტყუილად ტარდება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.პაატა ბურჭულაძე ასევე ამბობს, რომ ამ დღეებში ძალოვნები მიმართავენ თავიანთ კოლეგებს, არ მიაყენონ შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებს.„ამ დღეებში ძალიან ბევრი კარგი მოწოდება იქნება, რომლებსაც ჩვენ გავასაჯაროებთ. ჯერ არ ვასაჯაროებთ, რადგან ძალიან ადრეა. ძალოვნები მიმართავენ ისევ თავიანთ კოლეგებს, რომ ხელი არ წაუცდეთ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება

გაგაცნობთ, სიახლეს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს:„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;ვებგვერდის მეშვეობით;მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ბოლო სიახლეები