საქართველოსა და ყირიმის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის აგრესიამ მკაფიოდ გამოავლინა რუსეთისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნული განცხადება ჰააგაში, ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უნდა გვახსოვდეს ეს დისკუსიების დროს, რადგან არსებობს რუსეთის საფრთხე. ეს მიმდინარე თვეს ვთქვი, თუმცა ამის ფონზე წლებია, ვცხოვრობთ. ევროპაში რუსეთის მესამე ომმა დაადასტურა ეს საფრთხე. საქართველოსა და ყირიმის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის აგრესიამ მკაფიოდ გამოავლინა გრძელვადიანი საფრთხე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდით, ევროპა იღებს მეტ პასუხისმგებლობას თავის უსაფრთხოებაზე.
„თავდაცვაში რეინვესტირების გაგრძელებით, ყველა წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპელები, ნატო-ს ფარგლებში ევროპული საყრდენის შესაქმნელად მუშაობს. სწორედ ამას ვუჭერთ მხარს უკვე რამდენიმე წელია: ევროპა, რომელიც მეტს ხარჯავს, მეტ პასუხისმგებლობას იღებს თავის უსაფრთხოებაზე და ტვირთის უფრო დიდ წილს იღებს. რამდენიმე წელია, ეს ამერიკის სურვილია, ევროპული აუცილებლობაა. ჩვენ ეს გვჭირდება საკუთარი თავისთვის და უფრო დამოუკიდებელი რომ ვიყოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.