პარასკევი, თებერვალი 7, 2025

ბადრი კოჭლამაზაშვილი – სააკაშვილის მხრიდან უკვე მეშვიდე ადვოკატი ჩაერთო, რაც პროცესის გაჭიანურების ეჭვს აჩენს, სასამართლო რისკებს დააზღვევს და იმსჯელებს სახელმწიფო ადვოკატის დანიშვნაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა. მიზეზი საქმეში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატის, გიორგი ჩალაძის ჩართვა გახდა. სააკაშვილმა ადვოკატების, შოთა თუთბერიძისა და შოთა კახიძის აცილება მოითხოვა.

როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა, საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ადვოკატების ცვლილება კითხვის ნიშნებს აჩენს, რამდენად კეთილსინდისიერია დაცვის მხარე საკუთარ ქმედებებში. მოსამართლის თქმით, უკვე რიგით მეშვიდე ადვოკატი ერთვება სააკაშვილის ინტერესების დაცვაში, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ბრალდებულ სააკაშვილს და მის ადვოკატებს პროცესის გაჭიანურება სურთ.

როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რისკების დაზღვევის მიზნით, სასამართლო იმსჯელებს სახელმწიფო ადვოკატის დანიშვნაზე.

„განცხადება მოგვაწოდეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, ჩვენ აღარ წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და მისი ინტერესების დაცვას გააგრძელებს გიორგი ჩალაძეო. როდესაც ეს ხდება დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, სასამართლოს აძლევს გარკვეულ საფუძველს, ეჭვი შეიტანოს ადვოკატების მხრიდან საქმის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში. ალბათ ხშირად გაიგებდით, გსმენიათ როგორც მხარეებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას, ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს, ხშირია ხოლმე პრეტენზიები, რომ საქმის განხილვა გაგრძელდა, წლების განმავლობაში იხილება. მინდა, შევახსენო მათ, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული, უნდა იცოდეს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაცვის მხარის მტკიცებულებებს ვიკვლევთ, დაცვის მხარეს აქვს ეს დრო დათმობილი. მათ თუ მიაჩნიათ, რომ უფრო მცირე დროშიც შეიძლებოდა საქმის დამთავრება, მაშინ შეეძლოთ, ეს დრო შეემცირებინათ. დღეს ამ ფაქტის წინაშე დადგომა კი, მიუთითებს იმაზე, რომ დაცვის მხარე არ არის დაინტერესებული მოცემული საქმის განხილვის დასრულებით. მიხელ სააკაშვილის მხრიდან უკვე მერამდენედ ხდება ადვოკატის შეცვლა, მეშვიდე ადვოკატი ჩაერთო პროცესში მისი ინტერესების დასაცავად და ჩაერთო დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, როდესაც მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულებულია როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მხრიდან. ადვოკატს მოცემულ საქმეზე, მტკიცებულებების ნაწილში, სჭირდება იმ ყველაფრის მოსმენა, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესზე იქნა გამოკვლეული. ეს სასამართლოს უჩენს გარკვეულ ეჭვს, რომ პროცესის გაჭიანურებაა მიზნად დასახული. ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეს, პროცესის დაწყებამდე ვიგებთ ჩამოცილების საკითხს წინა ორი ადვოკატის მხრიდან, როცა მათ სამი კვირა ჰქონდათ მიცემული დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. შეეძლოთ, ეს პოზიცია მანამდეც გაეჟღერებინათ. ამიტომ, სასამართლო ასეთ რისკებს თავიდან დააზღვევს. როგორი განცხადებაც წარმოგვედგინა დღეს ადვოკატების მხრიდან, არ ვართ დაზღვეული, რომ ანალოგიური განცხადება არ წარმოგვედგინება შემდეგ სასამართლო სხდომაზეც, ჩალაძეც არ ჩამოცილდება და კიდევ მერვე ადვოკატი არ მიიღებს მონაწილეობას პროცესში. ამიტომ, სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით და დანიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა ფრაგმენტები ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, პუბლიცისტებისა და ფილოსოფოსების ცნობილი ტექსტებიდან დედანსა და თარგმანში საჯაროდ წაიკითხეს, გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები შესთავაზეს. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მიწვეულმა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრმა, მწერალმა და მთარგმნელმა ნანა შალამბერიძემ თავისი შემოქმედება გააცნო, ასევე, საკუთარი ნაწარმოებებიდან და თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, ღონისძიებაში კი, პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებიც ენთუზიაზმით ერთვებიან. „ამ თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას, რითაც მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პროცესით ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თვითონაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მნიშვნელოვანია ისიც, ამით გვიძლიერდება ურთიერთმოტივაცია, რათა სწორედ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფად ცვლადი ინოვაციების, გაჯეტების, სოციალური ქსელების საუკუნეში შევიყვაროთ კითხვა, ერთმანეთს გავუზიაროთ განუმეორებელი შთაბეჭდილებები, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს, თამამად გადმოიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, ახალბედა ავტორები და წავახალისოთ მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ. სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა მონაწილემ ფრაგმენტი ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნიდან წაიკითხა. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

მამუკა ხაზარაძე – გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი – ამ პარლამენტში დარჩენა ბიძინა...

რუსთაველის რვა ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულიად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 113 ხმა ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმა ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 100 ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის; 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილებების დასამტკიცებლად; 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად. „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატი გააჩნია. ეს იყო ჩვენი სტრატეგია, ეს იყო პროდასავლური ოთხი კოალიციური გაერთიანების სტრატეგია, რომ ეს ხალხი, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა არჩევნებზე, დარჩენილიყვნენ მარტო და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარების იძულება მომხდარიყო. დღევანდელ ვითარებაში შემდეგი მოცემულობა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გააჩნია, პარლამენტში დღეს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხის დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია-საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, იმ ძალის ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩემთვის ეს არის საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ძირძველად ეკუთვნის, მიათრევს დამპყრობლისკენ, რუსეთისკენ და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც არის მაგალითად, ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობილ რუს ბლოგერს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს

მალდივის კუნძულებზე, ცნობილ რუს ბლოგერს და მომღერალს, ნასტია ვიტონოვას ზღვაში ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალს ზვიგენმა ხელში უკბინა, რის გამოც ის პანიკაში ჩავარდა. მას ტურისტული ნავის ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ და ჭრილობა დაუმუშავეს. მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ვიტონოვას ხელი აქვს დასისხლიანებული და ის პანიკურ მდგომარეობაშია. ვიდეოში ბლოგერს მეგობარი ამშვიდებს, რომელიც ეუბნება, რომ ნაკბენისგან სისხლი არ მოეწამლება და მთავარია, რომ თითები არ დაკარგა.

პეტრე ცისკარიშვილი – გახარია მანდატს ებღაუჭება, მას ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დაუდგება, ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ხალხის, ოპოზიციის მხარეს, თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებენ“

გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება, უნდა რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ ფრაქციასაც სულ რამდენიმე თვეში დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აპრილ-მაისში ვნახავთ რეალურ სახეს, გახარიაs პარტია არის ხალხის, ოპოზიციის მხარეს თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებს“. „ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა და დაფიქსირება, ამ რეჟიმის ამ ფორმით ერთგვარი ლეგიტიმაცია, მათთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ყოფნა PACE-შიც კი არავის უნდა, ან „ოცნებას“ მოუწევს მათი გარიცხვა არა განცხადებების საფუძველზე, არამედ გაცდენების გამო. ეს ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დადგება. მაშინ ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ისინი ხალხის, ოპოზიციის მხარეს, უერთდებიან სულისკვეთებას, რომელიც არის, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, თუ „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმაციას აძლევენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია. ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი. წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

ბოლო სიახლეები