15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

Read Time:1 Minute, 28 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.

პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების, თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.

ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.

შესაბამისად, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და, შესაბამისი კრიტერიუმებით, ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს – დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.

იუსტიციის სამინისტროს – წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კეკელიძე-არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები
Next post ლუკა სირაძის დაღუპვის გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ