მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს.
ლუის ენრიკე: „ყველა მოთამაშე მზად არის. უნდა დავტკბეთ ამ მომენტებით, რადგან არასდროს იცი, მსგავსი მატჩები კიდევ გექნება თუ არა. გუნდი მოუთმენლად ელის ნახევარფინალში თამაშს. ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება უკეთესი.
სტაბილურობის კუთხით „ბაიერნი“ შეიძლება ოდნავ გვისწრებს, რადგან მათ მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ვაჩვენებთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.
ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება? ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პირველად გამარჯვება შვების მომატანი იყო. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაში ვართ“.

ხვიჩა კვარაცხელია: „„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ. გასულ სეზონში დატვირთვა დიდი იყო და სეზონის დასაწყისში გადაღლილები ვიყავით, თუმცა ახლა ფიზიკურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.
„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კარგად მახსოვს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თან ტრავმირებულებიც გვყავდა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.
რაც შეეხება ჩემს დარტყმას, ამ კომპონენტზე ყოველდღიურად ვმუშაობ – როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. პენალტების შესრულება გუნდში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, მათ შორის, მეც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პარიზში 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას მიუნხენის „ალიანს არენა“ 6 მაისს უმასპინძლებს.

