პროკურორი ვალდებული აღარ იქნება, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
„საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არათანმიმდევრული და ალოგიკურია. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან მიმართებით არ უნდა არსებობდეს, რადგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ავტომატურად მიზანშეწონილია. სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლებელია, ისეთი ახალი გარემოება გამოვლინდეს, რომელიც შესაძლოა, არა მხოლოდ იმაზე მიანიშნებდეს, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მიზანშეუწონელი იყო, არამედ აღნიშნული ახალი გარემოება შესაძლებელია, გახდეს იმის საფუძველი, რომ თუ შემაჯამებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაუქმდეს ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება და სისხლისსამართლებრივი დევნა განახლდეს, როგორც ამას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 108-ე მუხლი ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ კი არ წარმოიშობოდეს, არამედ აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

