კვირა, ივნისი 28, 2026

შიო მესამე – გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა“.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს! მამაო კახაბერ, მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აქ ნუგეშობს, ლოცულობს და სულს იცხონებს მრავალი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი დამსახურებაც, მათ შორის და იმ სამღვდელოების, რომელიც აქ, უკვე წლებია, მოღვაწეობს. მეც მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მისიონერული და სამოძღვრო საქმიანობისთვის, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენი ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ ესაუბრება თავის მოციქულებს, უკანასკნელად ეცხადება და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. ისინი, ამის მხედვარნი, გაოგნებულნი არიან. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და უთხრა: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას, იესო, რომელიც თქვენგან ზეცად ამაღლდა, ასევე მოვა, როგორც ამაღლდა ზეცად“ (საქმ. 1, 11). სახარება მოგვითხრობს, რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით. თითქოს განშორება მოხდა უფალთან, დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშ, რა ახარებდა მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? ჩვენც რატომ ვზეიმობთ ამ დიდ მოვლენას? პირველ რიგში, უფალი იესო ქრისტე დაჰპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ, განსაკუთრებით ამ მოვლენის მერე, მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა: საღვთო და კაცობრივი. ასევე, უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) – ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის, იმიტომ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხომ სწორია? მაშასადამე, ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის, ყველასთვის არის!

მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, სიყვარულით ის არის ჩვენში, ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას თუ ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, სიახლოვეს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი? ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.

კიდევ ერთ საიდუმლოსთან არის დაკავშირებული უფლის ზეცად ამაღლების მოვლენა. ეს არის აღთქმა იმისა, რომ იგი მეორედ მოვა დედამიწაზე, მეორედ მოვა, როგორც მეუფე და მსაჯული. როგორც იცით, უკვე დიდებით იქნება მისი მოსვლა, მაგრამ ამ მოვლენის დღისა და საათის შესახებ, როგორც თავად უფალი ბრძანებდა, არავინ იცის, მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის ეს. არის ცნობილი მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი და წინაპირობა მისი მეორედ მოსვლის.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, რომ, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენი მოქალაქობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს (ფილ 3, 20); გვმართებს, ვფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას, მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ 3, 2-1). როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და ჩვენი ნამდვილი, მარადიული სამშობლო არის ზეცაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება, ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, ამინ!“ – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა გიორგი გახარიას სახელსა და გვარს, არ ვიცი, რა ვალი აქვთ, რომ თავს ასე იკნინებენ

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი. თავადაც კარგად ხვდებიან ალბათ, რამდენად აცდენილი არიან საზოგადოების საკითხებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და საბოლოო განაჩენი გამოაქვს არჩევნების თუ ზოგადად რეაქციის გზით.„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს. არანაირი საკითხი არ აინტერესებდათ, ყველა კითხვა და საკითხი მიემართებოდა ერთ სახელს და გვარს, გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა – გიორგი გახარიას ფოტო. გქონდეს შესაძლებლობა, იყო პარლამენტის წევრი, მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვაში, შენ ამომრჩევლებს ესაუბრო და ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარიას ბედი. ეს არის, როდესაც დავალება აქვთ მიღებული. სადამდეც მიიყვანეს დღევანდელი სხდომა, თავადაც ნახეს, უმსგავსო საქციელია, რაც ვიხილეთ ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმაცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი.ინფორმაციას „საქართველოს ძველი ფილარმონია“ ავრცელებს.„საქართველოს ძველი ფილარმონია“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი და ღრმა სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“.გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო. 2018 წელს, ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა

ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.მისივე თქმით, „სისტემური ძალადობა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა“.„მოვისმინეთ ანგარიში ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა საქართველოს პარლამენტში საკუთარი ქოცური ზონდერული დაჯგუფების მეშვეობით, ძალადობით გადაწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ძალადობას,  სიძულვილის ენას ებრძვიან. დღეს კი მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა და ძალადობა არის საფირმო ნიშანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს ქიმიურად წამლავს. ამისი არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაც არსებობს. სისტემური ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა. დღეს ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად. ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანიათ თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები ქოცზონდერებად გადააქცია. ვნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა საქართველოს პარლამენტში შეაღწია და ეს სიმპტომია. ფაქტია, ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. მათ შორის ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა.მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ღირსეულად, სიმართლით იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის. ცდილობენ, შემოგვასაღონ, თითქოს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა განახორციელა თავდასხმა მათი პოლიტიკური გუნდის მისამართით, თურმე გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა სამ ოლიმპიურ ჩემპიონს და სამ თუ ოთხ სპორტსმენს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.კითხვაზე, „როდესაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რას გულისხმობთ, სარჩელის შეტანას აპირებთ?“, ბერდია სიჭინავამ უპასუხა:„ვისთან შევიტანოთ, გიორგი გვარაკიძესთან? წელიწად-ნახევარია, იძიებენ საქმეს გიორგი გახარიას თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის მოდული, როგორ საქმიანობს სამართალდამცავი სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მე ვამბობ, რომ პროფესიული, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება“.

შიო მესამე – ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ, პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად

ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომლითაც ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.„პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ის, რომ დღეს ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე ეროვნული ინტერესების დაცვაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა წუმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს, ასევე საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს.„დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორის მიმართ.ის, რომ დღეს ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არის მტკიცე, ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდესისა და უნეტარესი შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად დგომა. და რა თქმა უნდა, მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ უწმინდესო და უნეტარესო, უდიდესი თანადგომისთვის ქართული სახელმწიფოს მიმართ. უღრმესი მადლობა თქვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები