ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026

ქართული ჩაის ველური ჯიშები – მსოფლიოს ინტერესის საგანი

„ჩაის წარმოების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებდა“

საქართველოში ჩაი პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ, სამოვარი და ჩაის სერვიზი ერეკლე II-ს უსახსოვრა. 1809 წელს კი გურიის სამთავროს უკანასკნელი მმართველის, მამია V გურიელის ბაღში სხვა ეგზოტიკურ მცენარეებთან ერთად არასამრეწველო დანიშნულებით ჩაის პირველი ბუჩქი დაირგო. 1847 წელს ყირიმის „ნიკიტსკის“ ბოტანიკური ბაღიდან, გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით, ოზურგეთის სააკლიმატიზაციო ნაკვეთში ჩაის პირველი, ჩინური ბუჩქები გადმორგეს. ბუჩქებმა გაიხარა. ამ ფაქტმა საქართველოში ჩაის წარმოების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

1893 წელს ალექსანდრე პოპოვმა ჩინეთიდან 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, ლიუ ძძუინ ჭოუ მოიწვია, რომელმაც საქართველოში სამ ათეულ წელზე მეტი იცხოვრა. მისი ხელმძღვანელობით ჩაქვში ჩაის პირველი პლანტაციები გაშენდა. ამუშავდა ჩაის პირველი ფაბრიკაც, რომელიც ინგლისური წარმოების მანქანა-დანადგარებით იყო აღჭურვილი. ამან ხელი შეუწყო ჩაის კულტურის რეგიონში განვითარებას, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, კრასნოდარის მხარეს, ირანს, თურქეთსა და უკრაინას მოიცავდა.

1900 წელს, პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე, ქართულმა ჩაიმ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა წარწერით – „მსოფლიოში საუკეთესო პოპოვის ჩაი საქართველოდან“.

XX საუკუნის შუა პერიოდში საქართველო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩაის წამყვანი მწარმოებელი გახდა. 1980-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ჩაის ინდუსტრიის განვითარებამ პიკს მიაღწია. მეჩაიეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა საქართველოს ეკონომიკაში. მოკრეფილი ჩაის რაოდენობით ის ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკას შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილას იყო. დღეს საქართველოში, მეჩაიეობა, როგორც დარგი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. თუმცა, ქართულ ჩაის მსოფლიო ბაზრის ყურადღების მიპყრობის რეალური პოტენციალი გააჩნია…

შოთა ბითაძე წყლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი პროდუქტით, ჩაით, ჩინეთში საქმიანობისას დაინტერესდა. ნელ-ნელა შვილთან, გიორგისთან ერთად მისი წარმოება დაიწყო, შეიმუშავა ჩაის დაყენების ქართული მეთოდი (რომელმაც სამხრეთ კორეაში გამართულ ჩაის ოსტატთა მსოფლიო ჩემპიონატში ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა), გამოიყვანა ჩაის ახალი ჯიში და ახლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით ჩაის ველური ჯიშების აღმოჩენა-წარმოებითაა დაკავებული. მამა-შვილს მათ მიერ გახსნილ ჩაის მუზეუმში ვესტუმრეთ, სადაც უამრავი სახეობის ჩაის შესაძენად და ექსპოზიციის დასათვალიერებლად ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან…

შოთა ბითაძე:

-ახლახან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურათა მუზეუმის სოფლის მეურნეობის განყოფილების წარმომადგენელს ვუმასპინძლეთ. ჩაის შესახებ სამეცნიერო კვლევების ავტორს აინტერესებდა როგორ მოხვდა ჩაი ამ რეგიონში. ვაჩვენე ჩაის გზა საქართველოში. ვორონცოვის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩაის მცენარისა და ჩაის კულტურის გავრცელების საქმეში ალექსანდრე პოპოვი გახლდათ. თანამედროვე ფულით მას ამ საქმეში მილიარდამდე აქვს დახარჯული. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთის იმპერიას ბევრი ჩაი სჭირდებოდა. ეს კი საკმაოდ დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული, რადგან ჩინეთი ჩაის ოქროზე, ვერცხლზე, ძვირფასეულობაზე ყიდდა. სურდათ, ასევე, არმიასა და ფლოტში ღვინის პორცია ჩაით ჩაენაცვლებინათ. ქართული ჩაი საბჭოთა კავშირის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში იყიდებოდა. ეს ორი რეგიონი დღესაც ჩაის ყველაზე დიდი მომხმარებელია. დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ბაზარი დაიკარგა, ჩაის შემოტანა საქართველოს ნაცვლად შრი-ლანკიდან დაიწყეს. შედეგად, საქართველოში მეჩაიეობა, როგორც დარგი, აღარ არსებობს. ამ საქმის კვლავ წინ წამოსაწევად დიდი თანხის გამოყოფაა საჭირო. გარდა ამისა, არსებობს შრი-ლანკა, კენია. საშუალო და საშუალოზე დაბალი ხარისხის მასიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ჩაის წარმოებაში საქართველო მათ კონკურენციას ვეღარ გაუწევს.

-თუმცა, კონკურენციას გაუწევს ხარისხზე და არა რაოდენობაზე ორიენტირებული ორიგინალური, მაღალი ხარისხის პროდუქციით…

– სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართულ ჩაის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საგემოვნო თვისებები აქვს. ამის გამო მისით ევროპაც ინტერესდება და ჩინეთიც.

ჩაის დაყენების ქართული მეთოდი შეიმუშავეთ…

– არსებობდა ჩაის დაყენების რუსული, ინგლისური, ჩინური, ინდური და სხვა მეთოდები, ქართული კი არ იყო. დეკანტერი, საერთოდ, წითელი ღვინისთვისაა. ჩვენ მასში ქართული წესით თეთრი ჩაი დავაყენეთ. „ჩაის დაყენების ქართული მეთოდი დეკანტერში მართვადი ექსტრაქციით“ – ასე ჰქვია მეთოდს, რომელმაც შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: საუკეთესო გემო, საუკეთესო არომატი, საუკეთესო ნარჩენი გემო და დაყენების მეთოდი. თეთრი ჩაი ისე დავაყენეთ, რომ მისგან სხვადასხვა სახეობის ჩაებისთვის დამახასიათებელი გემო და თვისებები მივიღეთ.

როდის და როგორ დაინტერესდით ჩაის წარმოშობისა და წარმოების საკითხებით?

– ჩინეთში ჩემი მეგობარი, სინოლოგი ზურა მამნიაშვილი ცხოვრობს. სხვათა შორის, მან პირველმა თარგმნა უშუალოდ ჩინურიდან ქართულად. ამჟამად ქართულ-ჩინურ ლექსიკონზე მუშაობს. მისი მიწვევით იქ 90-იან წლებში წავედი. ჩინური მედიცინითა და სპორტით ვიყავი გატაცებული. იქ ჩასულმა შევიტყვე, რომ არსებობს დამოუკიდებელი დარგი – ჩაის თერაპია. ჩაით პირველად ამის გამო დავინტერესდი. მოვიარეთ ჩინეთისა და სხვა ჩაის მწარმოებელი ქვეყნების ჩვენთვის საინტერესო რეგიონები. 2006 წლიდან ქართული ჩაის წარმოება დავიწყეთ და პირველი პარტია 2010 წელს უკრაინაში გავიტანეთ. ქართული ჩაის შესყიდვით უკვე ჩინელებიც დაინტერესდნენ. ჩინეთში ჩაის ექვსი ძირითადი სახეობაა, მათი ქვესახეობები კი 10 000-ს აღწევს. საქმის დაწყებისას ვეძებდი პირებს, ვინც ჩაის კონკრეტული სტანდარტით მოიყვანდა. ვასწავლიდით ჩაის პლანტაციების ახლებური მეთოდებით მოვლას. მოგვიანებით, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“ ჩამოვაყალიბეთ. აქ გაწევრებული არიან ისინი, ვისაც საკუთარი პლანტაციები აქვს, მათ ორგანულად უვლის და ჩაის ასოციაციის სტანდარტის მიხედვით ამზადებს. ახლა უკვე პლანტაციები თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს. ძირითადად, გურიას, იმერეთსა და სამეგრელოს მოვიცავთ. როგორც ღვინო განსხვავდება რეგიონების მიხედვით, ასეთი სხვაობაა ჩაის შემთხვევაშიც. ოზურგეთში შავ გრეხილ ჩაის ამზადებენ, ჩოხატაურში კლასიკურს, იმერეთში კი – ველურ შავ და თეთრ ჩაის. მოცვისა და მთის შავ ჩაის ვიღებთ ჭიათურის რაიონის სოფელ ნიგოზეთში.

ცნობილია, რომ ბუნებრივი სელექციით ჩაის ჯიშის გამოყვანა რთული პროცესია. თქვენ კი მოახერხეთ და ახალი ქართული ჯიში – „ქართული მეწამული“ გამოიყვანეთ…

– ეს ჯიში დავით თენიეშვილთან ერთად გამოვიყვანე. მთელ საქართველოში ვეძებდი ჩაის მცენარეს, რომელსაც ყველაზე წითელი შეფერილობა ექნებოდა. ჩინურ, კენიურ და იაპონურ მეწამულთან შედარებით, ქართული მეწამულის საგემოვნო თვისებები გაცილებით უკეთესია. ჩინეთში იუნანის პროვინციაში ჯიშების გამოყვანის ინსტიტუტი არსებობს, სადაც მეთოდის შესასწავლად სპეციალურად ჩავედი. საქართველოში მაღალი ხარისხის ჩაის საწარმოებლად მონოპლანტაციების გაშენებაა საჭირო.

თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით ველური ჩაის მოძიება და წარმოებაა…

– ამ ყველაზე მაღალი კატეგორიის ჩაის ფოთოლში მიკრო და მაკროელემენტები გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა სახეობებში. გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო არომატული და გემრიელია, ბიოქიმიურ ანალიზებში ჩანს, რომ მისი შემადგენლობა გაცილებით მრავალფეროვანია და ორგანიზმისთვის სასარგებლო განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება. უკვე ჩამოყალიბებულ ეკოსისტემაში, სადაც ჩაი იკრიფება, ადამიანი საერთოდ არ ერევა. არანაირი სასუქი, თუნდაც, ორგანული. მცენარე  ბუნებრივ მდგომარეობაშია, არ არის სტრესის ქვეშ, ფესვთა სისტემა და ზედა ნაწილი ბალანსშია. მე და გიორგი ყველგან ვეძებთ ველური ჩაის მცენარეებს. მაგალითად, ინდოეთში ცნობილ დარჯელინგის შტატში მცირე რაოდენობით არის ველური ჩაის ნარგავები. ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ, რომელიც ვიეტნამში მსაჯად ჩემპიონატზე მიიწვიეს, ჩემი თხოვნით ველური ჩაის მცენარეები იქაც მოძებნა. კარგი ხარისხის ველური ჩაია, ასევე, კრასნოდარში. პირველად ველური ჩაი საქართველოს ტერიტორიაზე ქვემო იმერეთში, სოფელ ეწერში ვნახეთ. არის, ასევე, ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულსა და ნიგოზეთში, სამეგრელოში, ვანის რაიონსა და გურიაში. ველურ ჩაის არავინ აქცევდა ყურადღებას, რადგან მისი მოსავლიანობა ნაკლებია, ვეგეტაცია განსხვავებული აქვს, იკრიფება მხოლოდ კვირტი და კვირტის ფოთოლი. ასეთი გამოცდილება ჩვენ გარდა ჯერ არავის აქვს.

გიორგი ბითაძე:

გიორგი, ჩაის ტურიზმის მიმართულებითაც ხომ არ მუშაობთ?

– დიახ, ტურისტები ამ მიზნით გურიაში ჩაგვყავს. მალე პროცესში გეზრულსაც ჩავრთავთ. უცხოელებს მუზეუმებში დაცულ ჩაისთან დაკავშირებულ ისტორიულ არტეფაქტებს ვაცნობთ. კარგი ექსპოზიცია ინახება ბათუმში, ძმები ნობელების მუზეუმში. ასევე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ვაჩვენებთ ლიუ ძძუინ ჭოუს სახლს ჩაქვში. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ცენტრის დამფუძნებელი მისი შვილთაშვილი, მალი ყანდარელია. მალი ცნობილი მხატვრის, გივი ყანდარელის მეუღლეა. ლიუ ძძუინ ჭოუს ერთ-ერთმა ვაჟმა ცოლად ქართველი, ნონა თუშმარიშვილი შეირთო. ჩინეთში წასულებს შვილი, მალი შეეძინათ. განათლების მისაღებად რუსეთში წასულმა მალიმ კულტურული რევოლუციის გამო ჩინეთში დაბრუნება ვეღარ შეძლო და თბილისში ჩამოვიდა. სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, სადაც ცნობილი მხატვარი, გივი ყანდარელი გაიცნო და მასზე ოქორწინა… ისევ ჩვენს ტურს რომ დავუბრუნდეთ, ტურისტებს, ასევე, ვათვალიერებინებთ პლანტაციებს, ვაცნობთ ჩაის კრეფისა და მოვლის პროცესს. სურვილი უჩნდებათ ეს საკუთარი ხელითაც გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩიას ტურიზმის განვითარებას, ღვინის ტურიზმისაგან განსხვავებით, სამთავრობო დონეზე ყურადღება არ ექცევა. ერთადერთი, ვისაც მართლა აქვს ჩაის განვითარების ინტერესი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ დანელიაა.

როგორ უნდა დავაყენოთ ჩაი ისე, რომ არც გემოვნური მახასიათებლები დაეკარგოს და არც სასარგებლო თვისებები?

– ჩაის დაყენების კლასიკური მოდელი შემდეგი გახლავთ: 5 გ. ჩაის მშრალი ფოთოლი 150 მლ. ანადუღარ წყალზე. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა – 95 გრადუსი. დაყოვნების დრო – 5 წუთი. პირველ რიგში კოფეინის ჯგუფის ელემენტები იხსნება. ამიტომ, პირველ ნაყენს მომწარო გემო აქვს და აღმგზნებია. მეორე და მომდევნო ნაყენებში ტანინების გავლენით სიმწარე იკლებს, სიმწკლარტე და სიტკბო იმატებს და ნაყენი სედატიური მოქმედებისაა. ჩაი შეგვიძლია მიყოლებით შვიდჯერაც კი დავაყენოთ. შვიდივე ნაყენში სხვადასხვა სახის ელემენტები იხსნება. სხვა ქვეყნებში ჩაის მიირთმევენ ასაკის, სეზონის, სქესის, კვების რაციონის, ხასიათისა და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჯობს, ერთი და იმავე ჩაის ნაცვლად სხვადასხვა მივირთვათ. ზამთარში წითელი, შავი და ჟასმინიანი მწვანე ჩაის მირთმევაა რეკომენდებული. სიცხეში კი – მწვანე და თეთრი ჩაის დაგემოვნება.

– თქვენი შეფასებით, შესაძლებელია, ქართველისთვის ჩაის წარმოება კვლავ წამყვან საქმიანობად იქცეს?

– რატომღაც მიიჩნევა, რომ ჩაი არ არის ქართული კულტურის ნაწილი. არადა, ახლახან ჩვენ ჩაის 170 წლის იუბილე ვიზეიმეთ. საქართველო ჩაის წარმოების სამრეწველო პოტენციალით ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაა, რაც ჩაის მაღალი ხარისხის გარანტიაა. ქართულ ჩაის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს -კარგი მიწა, წყალი, ჩაი… ქართულ ჩაის ნამდვილად აქვს შანსი მსოფლიოში ცნობილ სხვა ქვეყნებში დამზადებულ ჩაებს შორის გამორჩეული ადგილი დაიმკვიდროს…

 

შორენა ლაბაძე

ჯურნალი ,,გზა”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ მადიარი – უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს და არც იარაღს არ გაგზავნის

უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს და არც იარაღს არ გაგზავნის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.პეტერ მადიარის თქმით, უნგრეთის პოზიცია ახალი მთავრობის პირობებშიც არ შეცვლილა.„უნგრეთი არ გაგზავნის არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინაში. ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.ამასთან, პეტერ მადიარმა ევროკავშირთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვეტოს გამოყენება მხოლოდ ეროვნული ინტერესებისთვის ღირს.„ჩვენ არ ვიქნებით პროცესის შემაფერხებლები. ჩვენ ვიცით, რომ ამ კლუბის წევრები ვართ. ასევე ვიცით, რომ ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ვეტოს მხოლოდ ვეტოსთვის არ გამოვიყენებთ. ვეტოს გამოყენება სუვერენული უფლებაა, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ეს ნამდვილად ეროვნულ ინტერესს ეხება და მოლაპარაკებების ყველა სხვა გზა უკვე ამოწურულია. მე მჯერა მოლაპარაკებების. ცხრა წელი ბრიუსელში დიპლომატად ვიმუშავე და ვეტოს გამოყენება ერთხელაც არ დამჭირვებია“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატებისთვის – სააგენტო ახალ დეტალებს აქვეყნებს

შს მომსახურების სააგენტო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:,,სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.ქუთაისში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;ფოთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/mAkkE

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ ანხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა.გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. საქართველო - რუმინეთის ამხანაგური მატჩი მისთვის სწორედ 129-ე შეხვედრაა - ეს იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც კაშია ჩაატარებს.კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს.ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კაშიას კაპიტნობის პერიოდში გავიდა.

გიგა ავალიანის დედა – ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ უმაღლესი სასჯელი მიიღოს – მივმართავ გარეთ დარჩენილებს: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, დავმარხე და გგონიათ სახლში...

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი - თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი! - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ არა მარტო გიგა ავალიანის ღირსება დაიცვა, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა.„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მივმართავ იმათ, რომლებიც გარეთ არიან დარჩენილები: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და თქვენ გგონიათ, რომ ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი მიწაში რომ ჩავფინე, სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი და ყველა ასე მოისმენთ უმაღლეს სასჯელს, როგორც დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ.მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ახსენა, რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით, ღირსეულად დაიცვა, ღირსეული ახალგაზრდის, გიგა ავალიანის ღირსება. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა. მე ვიცი საქმის მასალებით ვინ არიან ესენი“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.ცნობისთვის, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

აშშ-ის საელჩო – მივესალმებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, ეს არის აშშ-ისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი

აშშ-ის საელჩო რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურას, ასევე, გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.„მივესალმებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალი ედებათ ქართველი მოქალაქეების მოტყუებაში, აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით საქართველოს პროკურატურას, ასევე გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ სამართალდამცავი ორგანოების ქართველ წარმომადგენლებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

ბოლო სიახლეები