უსუფაშვილი „დროებითი პრეზიდენტის“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის

Read Time:1 Minute, 2 Second

“შენების მოძრაობის” ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი „დროებითი პრეზიდენტის“ არჩევის და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან სააგენტო “ინტერპრესნიუს” განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, როგორც თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ის თავს ვალდებულად თვლის, რომ “ბოლო წამამდე ეძებოს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩაჰბარდეს რომელიმე არასწორ მხარეს”.

“ასეთი ფორმულა ჯერ კიდევ მოიძებნება, თუკი მხარეები უმძიმესი საარჩევნო პროცესის ფინიშის სწორზე მაინც წამით შეჩერდებიან და გაიხსენებენ, რომ მომხდურ გარეშე მტერთან კი არა, ქვეყნის ბედ-იღბალზე ზიარი პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტთან აქვთ საქმე.

ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატები შეძლებდნენ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყანას გაამაგრებდა, საზოგადოებას დაამშვიდებდა და პოლიტიკურ პროცესს აღმშენებლობით კალაპოტში გადაიყვანდა – პროპორციული არჩევნები, დროებითი პრეზიდენტი, მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოები:

1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით;

2. ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მისი მთავარი ამოცანა იქნება 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, რის შემდეგაც იგი გადადგება;

3. კონფრონტაციული არჩევნების საბოლოო შედეგისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად სახელისუფლებო ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გადავლენ არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფის რეჟიმზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი აიღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 2.26% მიიღო.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 90.5%-ით გაიზარდა
Next post სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა