ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

ტატა ხვედელიანი – ე.წ. მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების საკითხს, თავის დროზე ვთქვით, რომ არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს

ე.წ. მმართველი პარტიის პრეროგატივაა, როგორ გადაწყვეტენ მანდატების შეჩერების საკითხს. თავის დროზე ვთქვით, რომ არჩევნები არ ასახავდა ხალხის ნებას და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ისინი არ არიან რევოლუციონერები და აღიარებენ ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

„დადგინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული არავინ არ არის, არცერთი მოქალაქე, არცერთი პოლიტიკოსი. ვხედავთ ბოლო დღეებში და, ზოგადად, 2024 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ საკანონმდებლო ცვლილებებს და ძალადობრივ აქტებს, რომლებსაც ე.წ. მმართველი პარტია ახორციელებს. აქედან გამომდინარე, მანდატების შეჩერება მათი პრეროგატივა არის, როდის და როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს. ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, თანმიმდევრულად და მკაცრად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ამ მიმართულებითაც ეს არის მათი პრეროგატივა, იმსჯელებენ თუ არ იმსჯელებენ და როდის იმსჯელებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების დასრულებისთანავე, მაშინ როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები ზეიმობდნენ, ხედავდა ამ მოცემულობას. პირველებმა ვთქვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უმძიმეს დარღვევებით და ეს იყო არჩევნები, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვახორციელეთ ის ნაბიჯები, რაც გადავდგით. უარი ვთქვით საპარლამენტო მუშაობაზე და არ მიგვიღია მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში დღემდე. არ მიუღიათ ჩვენს ე.წ პარლამენტის დეპუტატებს ხელფასები, ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც ითვალისწინებდა რეჟიმთან ბრძოლას იმ ფორმებით, რა ფორმებითაც რეჟიმთან, ბოლო თვეებია, ვიბრძვით. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის ის, რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც აღიარებს ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ არჩევნების ინსტრუმენტს, რათა დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს ე.წ ხელისუფლებას. ასევე, ბოიკოტს არ ვეთანხმებით ბოიკოტისთვის, თუმცა ჩვენ რომ დღემდე არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ესეც ჩვენი არჩევანია. ვთვლით, ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას და, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსეი გონჩარენკო – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას

საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. არის შეკითხვა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.გონჩარენკოს თქმით, მათ „ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გადაარჩინონ საქართველო მოსკოვისგან და დაუბრუნონ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“.„წევრი ქვეყნებიდან ექვსმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოა. საქართველო თვითონ არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები?როდესაც ისინი აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ლიდერებს, ვინც დგას მათ მხარდამხარ, არა პუტინთან. სწორედ ეს ხდება ახლა. აქ არის ჩვენი ყველას ბრალეულობაც. 2008 წელს იყო დრო, როდესაც უკრაინა და საქართელო ნატო-ს კართან იდგნენ. ნატო-მ თქვა, დიახ, მიგიღებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის. ბევრმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, პუტინმა ნათლად გაიგო და 2008 წლიდან მან დაიწყო ომი საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ის ანადგურებს ამ ქვეყნებს, ცდილობს, ყველა დაგვხოცოს, ცდილობს ამ ქვეყნების ოკუპაციას. ახლა ის საქართველოს ჰიბრიდულად იკავებს, რადგან ახლა ძალიან დაკავებულია უკრაინაში. ეს არ არის ტანკები, მაგრამ არიან მარიონეტები, ესენი არიან რუსეთის აგენტები, ვინც ახორციელებენ თავდასხმას საქართველოზე. ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ლუკაშვილი, რადგან ის საქართველოსგან ბელარუსს აკეთებს. ეს ბელარუსს ჰგავს, რომელმაც დაკარგა დემოკრატია, შემდეგ სახელმწიფოებრიობა და ახლა ოკუპირებული სახელმწიფოა. სწორედ ასე ხდება ახლა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით გიორგი ვაშაძეს, სხვა ლიდერებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, რომ დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

ერიკ-ნილს კროსი – სიჩუმე ღალატია, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – საქართველო ზღვარზეა, რომ დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც დღეს...

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით - საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.ჩემი კითხვაა - კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის.რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთი.და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასბმლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.საერთოდ არავითარი დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისმა ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ - გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველებმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ - ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ - მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, - განაცხადა კროსმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამი პროფესორი ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორ და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ერთ პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქროს მედალი გადასცა არქიტექტორს, პროფესორ ჯუმბერ მალაღურიძეს, რომელიც დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ჯუბმბერ მალაღურიძე არის 219 ნაშრომის, მათ შორის: 27 აშენებული, 11 განუხორციელებელი პროექტის,10 სასწავლო - მეთოდური პროგრამისა და 6 სახელმძღვანელოს, 47 სამეცნიერო სტატიის და 4 მონოგრაფიის, 10 საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტატიისა და 106 მხატვრული ნამუშევრის ( გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა ) ავტორი. ასევე, რექტორმა ოქროს მედალი გადასცა საქართველოს და საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, "საავტომობილო ტრანსპორტის" დეპარტამენტის უფროსს, 250 -ზე მეტი ნაშრომის ავტორს ჯუმბერ იოსებიძეს და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, მრავალი ნაშრომის ავტორს, რომლის ძალისხმევით მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სტუ-ში შესაძლებელი გახდა ისტორიული საავიაციო-საინჟინრო პროგრამის აღდგენა, რამილ ზუკაკიშვილს.როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ჯუმბერ მალაღურიძის, ჯუმბერ იოსებიძის და რამილ ზუკაკიშვილის მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობასა და მაღალი სტანდარტის სწავლება-სწავლის პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი სტუ-ის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით, დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალი მეცნიერის მოღვაწეობის აღიარებაა, ეს არის მადლობისა და დაფასების სიმბოლო იმ ღვაწლისთვის, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ თავგანწირვას, ერთგულებას და შემოქმედებით ძალას ეფუძნება. დღეს ეს ღირსეული ჯილდო, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გადავეცით გამოჩენილ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით, სამეცნიერო წვლილითა და მომავალი თაობების აღზრდისადმი მიძღვნილი საქმიანობით დაიმკვიდრეს საყოველთაო აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აფასებდეს ღირსეულ მეცნიერებს. მათ, ვინც ყოველდღიურად აშენებს ცოდნის ტაძარს, ქმნის ნოვაციურ იდეებს და უზიარებს ამ სიმდიდრეს სტუდენტებს. ასეთი ადამიანები არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საყრდენი არიან. გულითადად ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ღირსეულ ჯილდოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და ახალ მიღწევებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ აკადემიური საბჭოს წევრად მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ურთმელიძე, აკადემიური საბჭოს წევრად დაამტკიცა.

ბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება

მხნედ ვარ. ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა, პირიქით, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ლიდერ, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.

ბოლო სიახლეები