ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026

სუს-ი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების, მნიშვნელოვანი წვლილი:

„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს საქართველომ განაგრძო თავისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმისა და ტერორიზმის ხელშემწყობი აქტების, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების, კიბერტერორიზმის, წვრთნის, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირების, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების კრიმინალიზაციას.

ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ ევროკომისიის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა ფართოდ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

ანგარიშში ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები, მათ შორის, აპრილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „დაეშში“ გაწევრებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით. მაისში, ივლისსა და ნოემბერში სამსახურმა ჩაატარა სპეციალური ოპერაციები საქართველოს 8 და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქის დაკავების მიზნით ტერორისტულ ორგანიზაცია „დაეშში“ გაწევრების, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისა და ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით.

ანგარიშში დადებითაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე პირველადი რეაგირების განხორციელების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ქვეყანამ გააგრძელა მუშაობა სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში მონაწილეობის გზით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დასრულდა 2023-27 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

დოკუმენტში პოზიტიურადაა ასახული ის გარემოება, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო პოლიციამ შეიმუშავა ახალი მობილური დაკვირვების სისტემა და გააძლიერა მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობები. 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე სამეთვალყურეო ვიდეოსისტემით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაერო-ს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომლის მიზანია ტერორისტული დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული გადაადგილების თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის მონაცემების გამოყენებით.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, უწყებებმა გაზარდეს უსაფრთხოების ზომები და გააძლიერეს საზღვრის დაცვა. ამასთანავე, ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში – „ზღვის მცველი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, საანგარიშო წელს კი დამატებით ამოქმედდა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი – ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამაში, რომელსაც 2022 წლის ბოლოს შეუერთდა.

ანგარიშში ასევე ხაზი აქვს გასმული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ დაამტკიცა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ტერორიზმთან, ტერორიზმის დაფინანსებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული მიზნობრივი ფინანსური სანქციების სამართლებრივი ჩარჩოს გასაძლიერებლად.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

დაბოლოს, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, გაერო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთო-სთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან. ქვეყანა არის „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და მონაწილეობს კოალიციის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ ილია მეორემ...

საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და თვითმყოფადობა განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი საყრდენი.„ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობასა და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას საფუძვლად დაედო უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები. სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს. ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება.„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას.მადლობას ვუხდი სიმპოზიუმის ორგანიზატორებს, მეცნიერებს, სასულიერო პირებს და ყველა სტუმარს. მჯერა, დღევანდელი დიალოგი და სამომავლო თანამშრომლობა ღირებულ წვლილს შეიტანს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების განმტკიცების საქმეში. გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. საერთაშორისო სიმპოზიუმს  ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით — წელს სრულიად საქართველო საზეიმო სულისკვეთებით აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ჩვიდმეტი საუკუნის წინ ჩვენი ერის მიერ გაკეთებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა სულიერმა არჩევანმა საუკუნოდ განსაზღვრა ქართველი ერის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანის“ გახსის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საუკუნეთა მანძილზე საქართველო წარმოადგენდა როგორც გეოგრაფიულ და ცივილიზაციურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ასევე კულტურული თუ კონფესიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული თანაარსებობის უნიკალურ სივრცეს.„ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან მუდმივი ჭიდილისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკაა. ამ ურთულეს გზაზე ნებისმიერი ძნელბედობის ჟამს ქართველ ერს საყრდენად დედაეკლესია ევლინებოდა — იგი კრავდა და აერთიანებდა ხალხს, იცავდა ჩვენს მამულს, მშობლიურ ენას, ეროვნულ ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებას.ქრისტიანობა ჩვენთვის იყო სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც უმძიმეს ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია ფასეულობებია.დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენია ვალია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი?“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი“.„ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას — მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა.სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური.1700 წლის წინათ ჩვენი წინაპრების არჩევანმა ჩვენი ერის მარადიული არსებობა განსაზღვრა. დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა აღიმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება.ჩვენი საერთო ვალია, ეს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური და ეროვნული იდენტობა უვნებლად გადავცეთ მომავალ თაობებს, რადგან საუკუნეთა ქარტეხილებში გამოწრთობილი ეს მემკვიდრეობა არის ძლიერი, ერთიანი და სუვერენული საქართველოს უმთავრესი საწინდარი.ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა… ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირა დღეს! დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ, საიდანაც განსაკუთრებით ჩანს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მნიშვნელობა.სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე – მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. და აი, როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვირვებამ, გაოცებამ შეიპყრო ისინი.ჩვენს ცხოვრებაშიც ასე გვემართება ხშირად: მრავალი ჩვენგანი დიდხანს, წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ ეს, ამაზე გვეუბნებიან ხოლმე, არაერთხელ გაგვიგონია ასეთი სიტყვები.რა არის ამის მიზეზი? – რომ გვავიწყდება ღმერთი, გვავიწყდება, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, მივანდოთ ეს საქმე უფლის ნებას და წყალობას, შევთხოვოთ შეწევნა. ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც, წარუმატებლობაც.ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3). ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა.ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალ. 126, 1).მართლაც, როდესაც ადამიანი გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავის ჭკუას და ძალას კი არ ენდობა, არამედ ესავს ზეგარდამო ლოცვა-კურთხევას და შეწევნას. ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა.ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: „უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ამ საქმეზე“. თუ გვაქვს საშუალება, მოძღვართანაც მივიდეთ და ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, მთლად უკეთესი! ამაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი საქმის და ამა თუ იმ წამოწყების წარმატება.რა თქმა უნდა, ეს დიდი სასწაული რომ იხილეს მოციქულებმა, შეეშინდათ, გაუკვირდათ. განსაკუთრებით პეტრეზეა აღნიშნული სახარებაში, რომ მასში გაიღვიძა სინანულმა. მან გააცნობიერა, რომ უღირსია, იყოს მაცხოვრის გვერდით; დაუჩოქა მას და უთხრა: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო“. უფალმა მიუგო: „ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან გახდები შენ კაცთა მონადირე“ (ლკ. 5, 8-10).რას ნიშნავს „კაცთა მონადირე“? როგორ უნდა მოინადირო ადამიანი? ადამიანის მონადირება ნიშნავს მის გადარჩენას ბოროტებისგან, ეშმაკის მახეებისგან, ცოდვისგან, მის შემობრუნებას ქრისტესკენ, სულის ცხონებისკენ. ასეთი მონადირება კაცთა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მახეები მრავლად არის დაგებული და მრავალი ებმება ამ მახეებში, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ერთგული მსახურების, თავისი სიტყვის, თავისი ეკლესიის მეშვეობით მოგვიწოდებს, მოგვიხმობს თავისკენ და სულის გადარჩენისკენ. შეგახსენებთ მის სიტყვებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“ (მთ. 11, 28 ).კიდევ ერთი რამ იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ სახარებაში. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, ასეთი საოცარი თევზჭერა ჰქონდათ, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს თავიანთი ბადეები, ყველაფერი და გაჰყვნენ, შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია ჩვენთვის. ჩვენც, როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, რომელთა შესახებ შესანიშნავად წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცსაც არ გაუვლია გულში სიკეთეები, რომლებიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს (I კორ. 2, 9).რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელება, ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი, ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით, ყოვლადწმინდით, სახიერით, ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ – იქადაგა პატრიარქმა შიო მესამემ.

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა...

დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები.„გვახარებს, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ.განვლილი ოცსაუკუნოვანი გზა გვარწმუნებს, რომ არ უნდა შევდრკეთ მრავალგვარი საცდურის წინაშე, არამედ პირიქით, უნდა განვმტკიცდეთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული, ვნებული და მკვდრეთით აღდგომით მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი. კვლავაც აღვიჭურვოთ მისი სწავლებით და სათნოებებით და ნიშნად ჩვენი ერთგულებისა, ჩვენი რწმენისა და ერის გადასარჩენად წინაპრების მიერ საუკუნეებგამოვლილი, ტკივილიანი, მაგრამ დღესაც მანუგეშებელი სიტყვებით დავამოწმოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“. ეს იყო ჩვენი წინაპრების სიმტკიცის წყარო, ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მომავალი გადარჩენის მთავარი საწინდარიც. გისურვებთ, სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართოს ჩვენი სიმპოზიუმის მუშაობაც. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლაწმინდა სამებამ მოგვმადლოს მტკიცე რწმენა, ძალა და მადლი, რათა უფლის ერთგულებით, სამშობლოს მსახურებით და მოყვასის სიყვარულით ვიაროთ წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა მიმყვანებელი გზით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ბოლო სიახლეები