პარასკევი, მაისი 1, 2026

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი

12 აგვისტოს გამოქვეყნებულ გასული წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში „ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობა“ დაგმო და განსაკუთრებული ყურადღება „სიტყვის თავისუფლების“ შეზღუდვებზე გაამახვილა, – ამის შესახებ საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2024 წლის ანგარიშში, რომელიც ნათლად ასახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა“ გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

საფრანგეთში „გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების“ და ანტისემიტური აქტივობების აღორძინების შესახებ ანგარიშში შესული მონაცემები „სარწმუნო ინფორმაციას“ ეფუძნება.

ბრიტანეთზე საუბრისას კი ვაშინგტონი ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტის უსაფრთხოების ახალ კანონზე, რომლის მიზანიც ბავშვების უკეთ დაცვაა და რომელიც მანამდე ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა გააკრიტიკა.

ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა უარი თქვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დასახელებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „თავისუფალ საზოგადოებაში მთავრობის მხრიდან ცენზურა მიუღებელია“.

„მთავრობები პოლიტიკური ან რელიგიური მიზეზების გამო აგრძელებენ ცენზურას, თვითნებურ ან უკანონო თვალთვალს და შემზღუდველი კანონების გამოყენებას მათ წინააღმდეგ, ვინც მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბრიუსმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ თებერვალში, მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბევრი გააოცა ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, როდესაც განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება ევროპაში „უკან იხევს“, რითიც გაიმეორა ისეთი პარტიების მოსაზრებები, როგორიცაა ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ „ექსტრემისტულ მემარჯვენე“ ძალად მოიხსენია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს და ამით ბევრ მთავრობას ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე ქვეყნდებოდა ხოლმე. იგი აშშ-ის კონგრესის დაკვეთით მზადდება და გასულ წლამდე საცნობარო დოკუმენტად მიიჩნეოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წლევანდელი ვერსია მოამზადა წინა ადმინისტრაციამ, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობდა, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტი აიძულა, ანგარიშის სტრუქტურასა და ტექსტში ვრცელი ცვლილებები შეეტანა, რათა ასახულიყო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტები, როგორიცაა, მაგალითად, მისი წინააღმდეგობა მრავალფეროვნების პროგრამებთან ან აბორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

„წელს ანგარიში გამარტივდა, რათა ის უფრო სასარგებლო და ხელმისაწვდომი იყოს და ამჟამინდელი ხელისუფლების პრიორიტეტებს შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამასთან დაკავშირებით დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ანგარიშის ამჟამინდელი ვერსია საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით სამართლიანი არ არის.

დემოკრატი სენატორის, კრის ვან ჰოლენის თქმით, ამ ანგარიშის „პოლიტიზება“ მათ მიზანს საფრთხეს შეუქმნის და „შეამცირებს (…) ნდობას“ სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ.

მაგალითად, სალვადორზე საუბრისას, რომელსაც პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე მართავს და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს“.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია სალვადორს „მარასის“ გამო აკრიტიკებს, რომლის ბანდები ოდესღაც მოსახლეობას ატერორებდნენ. კრიტიკის საგანია აგრეთვე ე.წ. ტერორისტების განთავსების ცენტრში (CECOT) არსებული პირობები, რომელიც მკაცრი რეჟიმის ახალ, მაქსიმალურად უსაფრთხო ციხეს წარმოადგენს.

ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში ამ წლის დასაწყისში ასობით ვენესუელელი მოქალაქე გააძევა, რომლებიც გადაიყვანეს ციხეში, სადაც, მათი თქმით, ძალადობასა და წამებას განიცდიდნენ.

სალვადორისგან განსხვავებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პირქუშ სურათს წარმოაჩენს იმ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე, რომლებთანაც ტრამპის ადმინისტრაციას განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა აქვს. ასეთი ქვეყნები არიან, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.

„ადამიანის უფლებების მდგომარეობა წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში საგრძნობლად გაუარესდა“, – აცხადებს ვაშინგტონი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეტორიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და „ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯი“ გადადგა აფრიკაანსების – თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების – მიმართ, როდესაც საკუთრების „ექსპროპრიაციის“ გადაწყვეტილება მიიღო და ამით „ქვეყანაში რასობრივი უმცირესობების უფლებების ახალ დარღვევას“ შეუწყო ხელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ წლის დასაწყისში მკაცრად დაგმო კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მიწის გადანაწილების ხელშეწყობას იმ უსამართლობის გამოსასწორებლად, რაც აპარტეიდის მემკვიდრეობას წარმოადგენს.

რაც შეეხება ბრაზილიას, მასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სასამართლოებმა მიიღეს „გადაჭარბებული და არაპროპორციული ზომები“, რომლებიც „ზიანს აყენებენ გამოხატვის თავისუფლებას“ და „ზღუდავენ ონლაინკონტენტზე წვდომას“, რაც „დემოკრატიისთვის ზიანის მომტანია“.

აშშ-ის სანქციებს არაერთხელ დაექვემდებარა ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს (STF) მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესი. ის თავმჯდომარეობს სასამართლო პროცესს, რომელიც ულტრამემარჯვენე ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხრიდან 2023 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს იხილავს. მორაესი ასევე გახდა X-ის მფლობელის, მილიარდერ ილონ მასკის სამიზნე მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.

2024 წლის ანგარიში ისრაელთან მიმართებით, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით ლაკონურია და ღაზის სექტორში ომის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ შეიცავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა -დავით სონღულაშვილი

მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი და უძველესი აგრარული ქვეყანაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ეს აღიარება ხელს შეუწყობს მათ შორის იმას, რომ საქართველო ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდეს.„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო საქართველოს ეს უდიდესი აღიარება და კიდევ ერთი წარმატება. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო განვითარდეს სოფლის მეურნეობაში ეს მიმართულება, გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა, საქართველო ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უდიდესი აღიარებისთვის. მსოფლიო აღიარება მოიპოვა იმან, რაც ქართველებმა კარგად ვიცოდით, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო არის ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი მსოფლიო ცივილიზაციაში, უძველესი აგრარული ქვეყანა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

დავით ლორთქიფანიძე – დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი

საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების, ეს არის შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რაც აღიარებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო  ინოვაციური მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია.„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის კვალი. იმ ხორბლის, რომლისგანაც დღეს პური მზადდება. ეს თარიღდება 8 000 წლით, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში. ასე რომ, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. ეს გახლავთ, მე ვიტყოდი, უკვე შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რომელიც არის მოშინაურებული და ეს არის სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული.ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი გახლავთ ძალიან მაღალი რეიტინგის და ასევე მას აქვს ძალიან დიდი რეპუტაცია. უკვე არის მაღალი რანგის ექსპერტების გამოხმაურებები. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევების საფუძველი თავის დროზე სწორედ ქართველმა მეცნიერმა, ქალბატონმა ნანა რუსიშვილმა ჩაუყარა, ძალიან ცნობილმა პალეობოტანიკოსმა, რომელიც გახლავთ ამ სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი – დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული

დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მათი კლასტერის მხრიდან ყველა პროცესი დაზიანდეს. აუცილებელი მოცემულობაა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სენსიტიურია, სათუთია, ყველგან მუდმივი თავდასხმა და შეტევა უნდა იყოს. დიდი ხანია, მათი თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ბუნებრივია, როცა ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი მიმდინარეობს ისინი თავის მცდელობას გააქტიურებენ. რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება. ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული. პოლონეთის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სიუჟეტი დაიწყეს იმით, რომ რეალური კანდიდატის არჩევანი რუსული ინტერესებია. ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს არასოდეს დაანებებენ. სააკაშვილი პატრიარქის ეკლესიის ხან ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ხან კრიტიკოსი და მლანძღავი. მისი გამონათქვამები აღარ გვიკვირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის პერსპექტივა ისეთია, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა, რამენაირად პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევაზე საკითხები სკანდალურად წარმართონ

ოპოზიციის პერსპექტივა ასეთია – ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს, რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოებას შეიძლება, რაღაც უკეთესი უნდოდეს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ კლასტერში ის ხვალინდელ უკეთესობას ნამდვილად ვეღარ ხედავს.„აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსთვის, საბოლოო ჯამში, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან. მათ ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი შარაშიძე – მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, ხალხი მისგან ამას არ...

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.როგორც შარაშიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეკლესიაზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.„ქართული სიბრძნეა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს. მან კარგად იცის, სულ რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყოს, ხალხი ამას მისგან არ მიიღებს. მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს. მისი არცერთი განცხადება არ მახსენდება, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. შეიძლება, გარკვეულ შემთხვევაში სიმართლესაც წერდეს, მაგრამ მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, ის საქმეს აფუჭებს. როცა საქმე ეკლესიას ეხება, მას მოვუწოდებ, ახსოვდეს, ეს დიდი ქართული სიბრძნე“, – განაცხადა შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები