დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მათი კლასტერის მხრიდან ყველა პროცესი დაზიანდეს. აუცილებელი მოცემულობაა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სენსიტიურია, სათუთია, ყველგან მუდმივი თავდასხმა და შეტევა უნდა იყოს. დიდი ხანია, მათი თავდასხმის ობიექტი ეკლესიაა. ბუნებრივია, როცა ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი მიმდინარეობს ისინი თავის მცდელობას გააქტიურებენ. რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს პროცესი გააქტიურდება. ამაში საერთაშორისო მასშტაბია ჩართული. პოლონეთის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სიუჟეტი დაიწყეს იმით, რომ რეალური კანდიდატის არჩევანი რუსული ინტერესებია. ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს არასოდეს დაანებებენ. სააკაშვილი პატრიარქის ეკლესიის ხან ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ხან კრიტიკოსი და მლანძღავი. მისი გამონათქვამები აღარ გვიკვირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

