ორშაბათი, მაისი 25, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს (ADAU) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორებმა – აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და პროფესორმა ზაფარ გურბანოვმა მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მხარეებმა აგრარული მიმართულებით საგანმანათლებლო-კვლევითი პარტნიორობის შესაძლებლობების, სტუდენტების აქტიური ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივების, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების შემუშავების თაობაზე მოსაზრებები შეაჯერეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტების რექტორებმა თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო იმ მხარდამჭერ პროექტებსაც, რომლებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდებს სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართულობისა და მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას შეუქმნის.

 

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის ჭრილში გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და მისი რეალიზება ორივე ქვეყნის აგრარული სექტორისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს. გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა, რასაც აძლიერებს ისეთი ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, როგორიცაა: ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, TRACECA, ბაქო-თბილისი-ყარსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის – აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან (ADA) და მის რექტორთან, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევთან, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, ბატონი ემინ ამრულაევი და აზერბაიჯანის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორსა და წარმომადგენლებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები წარმატებით ახორციელებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, განვიხილეთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და მოწინავე აგრარული ტექნოლოგიების სწავლების შესაძლებლობები. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან, საქართველოში, აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული პირველკურსელები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლებიან. შესაბამისად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორობას ასევე გააგრძელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ თეა ჯუღელის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი გაცილებით ქმედითი გახდება შეხვედრაზე გამოთქმული ხედვებითა და სამომავლო გეგმებით.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებით სწავლა-სწავლების განვითარება სამომავლოდ უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვესახება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ერთობლივი კვლევითი პროექტების, აკადემიური მობილობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას შეუწყობს ხელს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აგრარული მიმართულების მაღალ დონეზე განვითარებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროფესორ-მასწავლებელთა მომზადებისა და თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის და რაც მთავარია, ამ ცოდნის გაზიარებისთვის“, – აღნიშნა თეა ჯუღელმა.

როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაფარ გურბანოვმა განაცხადა, მემორანდუმის ხელმოწერით, საფუძველი ჩაეყარა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რაც ძლიერ ბიძგს მისცემს ახალი ერთობლივი პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, რაც ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ახალი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საწინდარი გახდება.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის თქმით, თანამედროვე აგრარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარება მრავალმხრივ არის დამოკიდებული როგორც ინოვაციურ კვლევებზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.

„ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ტრანსფერს, თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკის დანერგვასა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ახალი პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს აგრარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, შექმნის დამატებით პლატფორმებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისთვის და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის მდგრად განვითარებას რეგიონში“, – აღნიშნა ლიანა თარგამაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერამდე აზერბაიჯანული უნივერსიტეტის რექტორი და დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტს ესტუმრა, სადაც ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილი მდიდარი ლაბორატორიული ბაზა დაათვალიერა და სხვადასხვა აკადემიურ დეპარტამენტში მიმდინარე კვლევით პროექტებს გაეცნო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ალეკო ტაბატაძე – შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს

შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ტაბატაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ალეკო ტაბატაძე გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.„გიორგი კანდელაკს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია, ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ ეფუძნება. არ ვიცი, შენი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთო. ამ განცხადებაზე ყველანაირი რეაგირება იქნება, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან. ადამიანს თავისი ქვეყანა ასე სძულდეს და ტყუილებს ავრცელებდეს, წარმოუდგენელია. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს. საქართველო ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, როგორც სამეზობლოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, მით უფრო მალე ამოისუნთქავს ქართული საზოგადოება

„ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, ქართული საზოგადოება მით უფრო მალე ამოისუნთქავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“.„რამდენიმე თვის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ვნახეთ, მათ შორის იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო გენერალი, კანდელაკი. აგერ, ბატონო, საქართველოში ადგილებია, მობრძანდით და დაბომბეთო. ეს ადამიანები ხან ირანს ეუბნებოდნენ, საქართველოში ადგილებია და დაბომბეთო, ხან ამერიკას ეხვეწებოდნენ, საქართველო ირანის სასარგებლოდ მუშაობს და დაბომბეთო. ამ ხალხს საკუთარი ქვეყანა ეზიზღება. ეს ადამიანები გამოკითხვაზე იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გამოიკითხნენ. ან გამოსაკითხი რა არის, როცა საკუთარ ქვეყანას ვნებ. მათ მტკიცებულება არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მტკიცებულება მართლა რომ გქონდეს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში უნდა მიხვიდე, რომ გამოიძიონ. ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები