ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგ „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს, ერთი მხრივ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, მერე მხრივ კი, ჰოლდინგის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ლევან ბეგლარიშვილმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტთა კორპორაციაში სტაჟირებას, მათ დახელოვნებასა და მედიაპროდუქტების კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის განცხადებით, უნივერსიტეტს ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე „ბიზნეს მედია კორპორაციაში“ სტაჟირება დამატებით მოტივაციას შეუქმნის. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, პროგრამაში ჩართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, კორპორაცია იღებს.

„კორპორაცია დაინტერესებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და ბიზნესტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჩართვით თავის საქმიანობაში. ეს გულისხმობს კორპორაციის გრიფით გასულ სატელევიზიო გადაცემებისა და ონლაინ კონტენტების მომზადების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას, სამუშაო გამოცდილების მიღებას, მათ დახელოვნებას როგორც ბეჭდური მედიის, ასევე, სატელევიზიო მედიის მიმართულებით და რაც უმთავრესია, ჩვენი სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, ეს მრავალმხრივ საინტერესო და საჭიროა როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, „ბიზნეს მედია კორპორაციისთვის“. სემესტრულად სტაჟირების პროგრამას არაუმეტეს 10 სტუდენტი გაივლის და ისინი, უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ, ამავდროულად, კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების კარიერული ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქმედით ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

„ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელის, ლევან ბეგლარიშვილის თქმით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ბიზნესმედიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ დროსა და სივრცეში მიიღებენ, მედიაინდუსტრიის სტანდარტებს დაეუფლებიან და ეკონომიკისა თუ ბიზნესის მიმართულების ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს განივითარებენ.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა სამომავლო კოოპერაციის დეტალები კიდევ ერთხელ შეათანხმეს. ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორმხრივ სარგებლიანი აღმოჩნდება, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადება მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მზაობას გამოვთქვამს, ამ პროცესში აკადემიურმა პერსონალმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, სტუდენტების ჩართულობით, „ბიზნეს მედია კორპორაციასთან“ პარტნიორობა განავითაროს და ახალი პროექტები განახორციელოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპაში XXI საუკუნეში პირველად, მზე სრულად დაბნელდა

12 აგვისტოს საღამოს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სრული დაბნელება მოხდა. მთვარის მიერ სრულად დაფარული მზის ხილვა შესაძლებელი იყო გრენლანდიაში, ისლანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ხოლო დასავლეთ ევროპის უდიდეს ქალაქებში მთვარემ მზის დისკი 85-95%-ით დაფარა.კონტინენტური ევროპისთვის მზის სრული დაბნელება 1999 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა, რის გამოც მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია - რეგიონის უმსხვილეს ქალაქების მაღაზიებში სპეციალური სათვალეები და ბინოკლები მოვლენამდე მრავალი დღით ადრე სრულიად გაიყიდა.მომდევნო დაბნელება უკვე ერთ წელიწადში - 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. მისი სრული ფაზის ხილვა უშუალოდ ესპანეთის უკიდურეს სამხრეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იქნება შესაძლებელი.

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა ასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.  სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას... მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე.„ოთხი წელი არ გვყავდა შვილი, სულ ვლოცულობდით და უფალს შევთხოვდით გულმოწყალებას. 2019 წლის 31 მარტს მოვილოცეთ დირბის დედათა მონასტერი. დავესწარით პარაკლისს. მე და ჩემი მეუღლე ვატარებდით სარტყელს და შევთხოვდით უფალს შვილს. დაახლოებით ერთ თვეში შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველას გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და გირჩიოთ ამ სასწაული ადგილის მოლოცვა“.„დიდება უფალს! მე და ჩემს მეუღლე ბავშვს თითქმის 8 წელი ველოდით. გამოკვლევების მიხედვით, შვილის ყოლის არანაირი სირთულე არ იყო, მაგრამ შვილი არ გვეძლეოდა. ძალიან მინდოდა, მომელოცა მონასტერი, მაგრამ გამუდმებით დაბრკოლებებს ვაწყდებოდი და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. მინდოდა, მელოცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატთან, მაგრამ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა – როდის დავბრუნდებოდი, არ ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე, ხატი შემეძინა და თან წამეღო. თანაც, წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი იყო ჩემს ოჯახში დაბრძანებული. გამგზავრებამდე სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად მაღაზიაში წავედი, სადაც მამაოც იყო და (არ ვიცი რომელი ტაძრიდან) გამყიდველს ესაუბრებოდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა შევარჩიე. მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხატი ვერ ვიპოვე და გამყიდველს მივმართე. მამაომ მიმითითა, რომ ეს არ არის ხატი, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია ფრესკიდან და ცალკე ხატად შეძენა არ შეიძლებაო. მეც გამოვტრიალდი და წამოვედი. თუმცა ამ მაღაზიაში არც ჰქონდათ ხატი, მამაოს მითითების გათვალისწინებით სხვაგანაც აღარ მიძებნია. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში, ერთ-ერთ არხზე ვუყურე გადაცემას, რომელშიც მიდგომილი ღვთისმშობლის ხატზე იყო სიუჟეტი. ძალიან დამწყდა გული, რომ მაშინ უცნობ მამაოს ვენდე და ხატი არ შევიძინე. სიუჟეტის ბოლოს, კომპიუტერის ეკრანზე აღბეჭდილ ხატს ხელით შევეხე და გულწრფელი ცრემლი წამსკდა, კარგა ხანს ასე გულამომჯდარი ვტიროდი. გავიდა არც ისე დიდი დრო და დღე-დღეზე პატარას ველოდებით. უფალმა და დედაღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ“, – წერს მაია.

ხვიჩა კვარაცხელია – სეზონის ტიტულით დაწყება ძალიან სასიამოვნოა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა. ზალცბურგში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ვარსკვლავმა ანგარიში გახსნა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.„მართლაც რთული თამაში იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა სეზონის ტიტულით დაწყება. ბოლო ერთ წელში მეექვსე ტიტულის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარმატების მიღწევა ბევრად მარტივია, რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი ევროპის სუპერთასის მოგებით ზედიზედ მეორედ დაიწყო და ისტორიაში მხოლოდ მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება მიჯრით შეძლო. 2025 წელს პარიზულმა გუნდმა „ტოტენჰემი“ დაამარცხა.„პარი სენ-ჟერმენი“ 16 აგვიტოს მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება – ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდება.

დაღუპულია 4 ადამიანი – გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

გომის მთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსს გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სად ჯარიმდებიან ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად – შსს-ს სტატისტიკა

საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2026 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) უკვე გამოწერილია 927 189 ვიდეოჯარიმა, საიდანაც 46.5% დედაქალაქზე მოდის.საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი, მას მოსდევს იმერეთი, სამეულშია აჭარა.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოს რეგიონების მიხედვით: (ცნობისთვის, ამ ეტაპზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა)თბილისი - 431 866 იმერეთი - 143 486 აჭარა - 129 289 შიდა ქართლი - 48 943 ქვემო ქართლი - 44 069 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 43 313 გურია - 33 717 კახეთი - 20 739 სამცხე-ჯავახეთი - 19 160 მცხეთა-მთიანეთი - 12 577 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33ამავე საანგარიშო პერიოდში, ვიდეოჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ 616.2 მილიონ ლარს გადააჭარბაშეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.

ბოლო სიახლეები