პარასკევი, ივნისი 27, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამი პროფესორი ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორ და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ერთ პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქროს მედალი გადასცა არქიტექტორს, პროფესორ ჯუმბერ მალაღურიძეს, რომელიც დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ჯუბმბერ მალაღურიძე არის 219 ნაშრომის, მათ შორის: 27 აშენებული, 11 განუხორციელებელი პროექტის,10 სასწავლო – მეთოდური პროგრამისა და 6 სახელმძღვანელოს, 47 სამეცნიერო სტატიის და 4 მონოგრაფიის, 10 საზოგადოებრივ – პოლიტიკური სტატიისა და 106 მხატვრული ნამუშევრის ( გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა ) ავტორი. ასევე, რექტორმა ოქროს მედალი გადასცა საქართველოს და საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, “საავტომობილო ტრანსპორტის” დეპარტამენტის უფროსს, 250 -ზე მეტი ნაშრომის ავტორს ჯუმბერ იოსებიძეს და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, მრავალი ნაშრომის ავტორს, რომლის ძალისხმევით მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სტუ-ში შესაძლებელი გახდა ისტორიული საავიაციო-საინჟინრო პროგრამის აღდგენა, რამილ ზუკაკიშვილს.

როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ჯუმბერ მალაღურიძის, ჯუმბერ იოსებიძის და რამილ ზუკაკიშვილის მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობასა და მაღალი სტანდარტის სწავლება-სწავლის პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი სტუ-ის უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს მედლით, დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალი მეცნიერის მოღვაწეობის აღიარებაა, ეს არის მადლობისა და დაფასების სიმბოლო იმ ღვაწლისთვის, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ თავგანწირვას, ერთგულებას და შემოქმედებით ძალას ეფუძნება. დღეს ეს ღირსეული ჯილდო, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გადავეცით გამოჩენილ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით, სამეცნიერო წვლილითა და მომავალი თაობების აღზრდისადმი მიძღვნილი საქმიანობით დაიმკვიდრეს საყოველთაო აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აფასებდეს ღირსეულ მეცნიერებს. მათ, ვინც ყოველდღიურად აშენებს ცოდნის ტაძარს, ქმნის ნოვაციურ იდეებს და უზიარებს ამ სიმდიდრეს სტუდენტებს. ასეთი ადამიანები არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საყრდენი არიან. გულითადად ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ღირსეულ ჯილდოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და ახალ მიღწევებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ აკადემიური საბჭოს წევრად მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ურთმელიძე, აკადემიური საბჭოს წევრად დაამტკიცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იმერეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია ორი ადამიანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გვინდოდა, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ხამენეის ლიკვიდაციისთვის, კაცმა უპასუხა, რომ ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდებათ.„ხამენეი ჩვენს მიზანში რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვკლავდით მას. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა”, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რომ ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობებს ქმნის სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოებისთვის.მისივე თქმით, ისრაელი ამ საკითხზე ენერგიულად მუშაობს.„ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ამაზე ენერგიულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ასევე მძევლების დასაბრუნებლად.„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბრიტანეთის ქალაქის ცენტრში ხვრელი გაჩნდა – რა აღმოაჩინეს შიგნით

ბრიტანეთის ქალაქის ცენტრში ხვრელი გაჩნდა. ითვლება, რომ შიგნით XII-XIII საუკუნის საავადმყოფოს ნაწილი იყო.ამ ადგილას ოდესღაც რომაელი ლეგიონერების ციხესიმაგრე იდგა. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა არქეოლოგები გათხრები ჩაეტარებინათ, წერს  Mirror.ადრე აქ იყო ადგილი, რომელმაც შუა საუკუნეების სახელი „ზარაფხანის ეზო“ მიიღო და რამდენიმე საუკუნის წინ დაანგრიეს, შემდეგ კი მასზე გზა გაიყვანეს.აღმოჩენის ადგილი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და დაცვის ქვეშაც კი იყო მოთავსებული, რათა არქეოლოგებს საცობებში მშვიდობიანად მუშაობა შეძლებოდათ.იორკის საბჭოს წევრმა ქეით რავილიუსმა განაცხადა: „ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ტერიტორიაზე რომაული ლეგიონერების ციხესიმაგრესთან დაკავშირებული მრავალი რთული არქეოლოგიური ობიექტი იყო. სამუშაოების პროგრესირებასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის გაზიარებას“.გამოცემაში აღნიშნულია, რომ 1836 წელს მოედნის ტერიტორია ახალი ქუჩის ლანდშაფტი გახდა და მალევე გახდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილი იმ დროისთვის.

გია ვოლსკი – საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო

გარკვეული მაჩვენებლები არსებობს. თუ რეიტინგები აინტერესებთ, მონაცემებს ჩახედონ,. შაჰინს ეს მონაცემები არ აინტერესებს, მას ის აინტერესებს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს და ქვეყანას მართავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, „თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“.„შაჰინის განცხადებებს მხოლოდ არგუმენტებით თუ დავუპირისპირდებით. სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად იხსენიებდნენ, მაგრამ გახსოვთ, ადამიანის უფლებების დარღვევის რა მასშტაბი იყო. საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო. თურმე მაინც ის ყოფილა დემოკრატიის შუქურა და აქ დემოკრატიის უკუსვლა მიმდინარეობს. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ბოლო სიახლეები