ორშაბათი, აპრილი 27, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, საუნივერსიტეტო სივრცეში დააფუძნოს ამერიკის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც იქნება ფლაგმანი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შესწავლის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელ ალექსანდერ დენიელსთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტში საქმიან ვიზიტად მყოფ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე და სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე ესწრებოდნენ, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უძღვებოდა.

როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ უმაღლეს სკოლებთან, როგორიცაა: ფერფაქსის ამერიკის უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, პენსილვანიის ჰარისბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანტა კლარას უნივერსიტეტი, ამერიკის კოლეჯთა და უნივერსიტეტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სახალხო კოლეჯები, კირკვუდის სახალხო კოლეჯი, მუსკატინის სახალხო კოლეჯი, მორაინ ვალის საგანმანათლებლო ცენტრი, ვაუკეშა ქაუნტის ტექნიკური კოლეჯი, ჩრდილოეთ ვისკონსინის ტექნიკური კოლეჯი, სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის სახალხო კოლეჯი და დასავლეთ აიოვას ტექნიკური კოლეჯი.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ამერიკის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მნიშვნელოვანია სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ახალი კონტაქტები, ახალი პროექტები, მიზნები. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტს მიზნების განხორციელებაში დაეხმარება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების უფროსმა ალექსანდერ დენიელსმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კი, ონლაინ რეჟიმში, ალექსანდერ დენიელსსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში მონაწილე ქართველ მეცნიერს, სტუ-ის CERN/CMS ქართული ჯგუფის ლიდერსა და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს შორის საქმიანი საუბარი შედგა.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა შეხვედრის დასასრულს განაცხადა, საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებმა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში ახალგაზრდების საქმიანობამ. ასევე, შთამბეჭდავი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მდიდარი და რარიტეტული კოლექციებით. რაც მთავარია, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, უფრო ინტენსიურად ამოქმედდება სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მეტად დაახლოების პროცესს“, – აღნიშნა ალექსანდერ დენიელსმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ.მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ენდრიუსის ავიაბაზიდან თეთრ სახლში გაემგზავრნენ, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი უმასპინძლებთ.ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.

ანდრიუს კუბილიუსი – უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა რთული პროცესია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავდაცვის შესაძლებლობების სწრაფ ინტეგრაციას

ევროპის თავდაცვის კავშირს შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციას, – ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC) განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისათვის უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.„უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება. ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა რთული პროცესია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავდაცვის შესაძლებლობების სწრაფ ინტეგრაციას“, – განაცხადა კუბილიუსმა.ამასთან, კუბილიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის უახლოეს წლებში ყველაზე ეფექტური თავდაცვის კავშირი შეიძლება იყოს ახლად შექმნილი კავშირი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციაზე.„ჩვენ გვჭირდება ევროპის თავდაცვის კავშირი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ინტეგრირება მოვახდინოთ უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობებთან“, – აღნიშნა ევროკომისარმა.მისივე თქმით, ასეთი ალიანსი დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ საიმედო უსაფრთხოების გარანტიების მიღებაში.ასევე, მისი თქმით, ალიანსი შეიძლება, გახდეს ქვეყნის ეფექტური რეკონსტრუქციის საფუძველი.ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარალელური გაწევრიანება საერთო ბაზარზე და ევროპის თავდაცვის კავშირში უახლოეს მომავალში „უკრაინის მიმართ ევროპული სტრატეგიული პოლიტიკის აშკარა ელემენტი“ გახდება.

შვილად აყვანის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში სოციალური აგენტი მონაწილეობას აღარ მიიღებს

შვილად აყვანის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში სოციალური აგენტი მონაწილეობას აღარ მიიღებს.ცვლილება შედის “შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონის ყველა იმ მუხლში, რომელიც მშვილებლის (ასევე, მინდობით აღმზრდელის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის, სავალდებულო წინაპირობად, მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერის წარდგენას ითვალისწინებს.“შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რეგულაციის მიხედვით, მთელ რიგ გარემოებებთან ერთად, მშვილებლის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოებს. შეფასების მიზნით, შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დადასტურდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება და 120 000 ქულას აღემატება. ამასთან, მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, შვილად აყვანის მსურველმა პირმა/ოჯახმა ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება ამ პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღრიცხვიდან მოიხსნება.ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობდა დასტურდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება.როგორც სამინისტრო განმარტავს, პროცესის პირველ ეტაპზე - შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და მომდევნო ეტაპზე - შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (პირის/ოჯახის შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია), შესაძლებელი იქნება დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1 571 მშვილებელი ოჯახი.

ისრაელ კაცი – „ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება, ლიბანის მთავრობა თუ არაფერს გააკეთებს მის შესაჩერებლად, ქვეყანა ცეცხლში გაეხვევა

„ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება, ლიბანის მთავრობა თუ არაფერს გააკეთებს მის შესაჩერებლად, ქვეყანა ცეცხლში გაეხვევა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი „ცეცხლს ეთამაშება“, ხოლო ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვერ იარსებებს, თუ ჩვენს სამხედროებს ცეცხლს გაუხსნიან“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.ოფიციალურად გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთის წინააღმდეგ დარტყმებს კვლავ აგრძელებენ. ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს სამხედრო ოპერაციების გაგრძელების უფლება აქვს და ომის მიზნები ჯერ სრულად მიღწეული არ არის.

მიხეილ სააკაშვილი – როგორც ირკვევა, ნიკა მელია აპირებდა საღამოს პროცესზე მოსვლას ჩემთან სადებატოდ, კარგია, რომ არ დავრჩი ამ პროცესზე, გადავრჩით

ახლა ირკვევა, რომ საღამოს პროცესზე ნიკა მელია აპირებდა მოსვლას და ემზადებოდა ჩემთან სადებატოდ, მანამდე ნიკა ბოიკოტირებდა სასამართლოს,  – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით“.„დღეს ორი ე.წ. სასამართლო ჩამინიშნეს. დილის პროცესის შემდეგ, რამდენიმესაათიანი მოცდა მიწევდა სასამართლოს საკუჭნაოში „ზვიგენის საბოტაჟის“ საქმის განხილვამდე. ამიტომ ჩემი სათქმელი დილასვე ვთქვი და ციხეში დავბრუნდი. ახლა ირკვევა, რომ საღამოს პროცესზე ნიკა მელია აპირებდა მოსვლას და ემზადებოდა ჩემთან სადებატოდ, მანამდე ნიკა ბოიკოტირებდა სასამართლოს. ხოდა, ვიფიქრე, რომ კარგია რომ არ დავრჩი დღეს. ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით, როგორც რომში არენაზე დატყვევებული გლადიატორების. ეს არა მხოლოდ უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებდა დიქტატორს, არამედ უპრეცედენტო იქნებოდა მსოფლიო პოლიტპატიმართა ისტორიაში.  ასე რომ, გადავრჩით და იმედია, მომავალში არ ჩავიყენებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში. ძალა ერთობაშია“, – წერს სააკაშვილი. 

ბოლო სიახლეები