პარასკევი, სექტემბერი 18, 2026

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს:

გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩი ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვიდგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს შეკითხვებს დაედო საფუძვლად.

თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა.

როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელსუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ.

საბოლოოდ, ჩვენ, კაბინეტებში გამართული საუბრების შესახებ ინფორმაციის გამოტანისა და „ქართული ოცნებისთვის“ უხერხულობის შექმნის გარეშე, შევძელით საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ ვინ რას და როგორ უმზადებდა და უმზადებს ჩვენს ქვეყანას.

რადგან ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ ნაციონალური მოძრაობისა და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა. გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.

ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. „ფორმულაში“ სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს.

ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ ჟურნალისტის ვერცერთი კრიტიკული კითხვა თუ ჩაკითხვა, რაც საზოგადოებას საინტერესო საკითხების შესახებ სიმართლეს გააგებინებდა. ნუთუ, ეს არის ამერიკული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების სტანდარტი? ამ ფონზე, ჩვენთვის, საბოლოოდ სარწმუნო გახდა ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობა სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იბლოკებოდა და კვლავაც იბლოკება.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა.

„ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კელი დეგნანმა ჩვენს შეკითხვებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ სიყალბე უწოდა. რასაკვირველია, „ფორმულას“ ჟურნალისტს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ელჩისთვის კრიტიკული შეკითხვა შეებრუნებინა და ეკითხა, ჩვენს მიერ დასმული რომელი შეკითხვა ან ჩვენს მიერ ნახსენები რომელი ფაქტი იყო ყალბი: გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას,

გოგოტიშვილის, პოდოლიაკის, დანილოვის განცხადებები, მოსამართლის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ვიზიტიდან მისი მოხსნა, „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამართვა? ამ ფაქტებიდან ელჩმა მხოლოდ ერთის – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა სცადა და იქაც გაირკვა, რომ ჩვენი ვარაუდი მათ შორის შეხვედრის გამართვის შესახებ სრულიად საფუძვლიანი იყო.

უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა – გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი.

იქვე ამერიკის ელჩმა თქვა, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ და იქვე აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოსო. მანამდე ელჩს ნათქვამი აქვს, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო. ამგვარი განცხადებები ჩვენს ეჭვებს მეორე ფრონტის ინტერესთან დაკავშირებით დამატებით აღრმავებს, რაზეც საკუთარ დასკვნას საზოგადოებაც გამოიტანს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხდება იმის მოწმე, რომ ამერიკის ელჩი ზოგადი ფრაზებით ერთს ამბობს და სინამდვილეში, სრულიად სხვა რამეს აკეთებს. როდესაც ზოგადი ფრაზები ქმედებებს არ შეესატყვისება, საზოგადოებას ლოგიკური დასკვნის გამოტანა მარტივად შეუძლია.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, რუსეთი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისთვის და ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობდა უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და მომზადება სამხედრო კონფლიქტისათვის.
ზუსტად იგივე დროს, სამი წლის წინ, დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა.

დიდ მოთამაშეს საქართველო რომ მეორე ფრონტად უნდა, ამაში ის, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვერც გაამტყუნო. დიდი მოთამაშე პროცესებს გლობალური გადმოსახედიდან უყურებს და პატარა ქვეყნის ინტერესები მის მხედველობაში ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ვერც კი ხვდება. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი პატრიოტულად მომართული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამის საფრთხეებს ქვეყანას როგორც მტრებისგან, ისე მეგობრებისგან უნდა არიდებდეს. რაც მთავარია, როდესაც ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხის ნების წინააღმდეგ არ იქნეს მიღებული. ხალხის გვერდის ავლით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასავლური სამყაროს ქვაკუთხედი იყო. როდესაც ხალხის ძალის გეშინია და ამიტომ მას სიმართლეს უმალავ, აშკარაა, რომ ამ ხალხისთვის შენ სიკეთე არ გინდა.

გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის.

„ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო ნაციონალები კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.

ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.

არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა. საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

მთლიანობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაზე იყო საელჩოს სერიოზული ზეწოლა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ დანის პირზე წარმატებით გაიარა: – პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ პირველი მძიმე გამოცდა „ქართულმა ოცნებამ“ 17-18 თებერვალს ჩააბარა. ყველას კარგად გვახსოვს, თავდაპირველად როგორ მოითხოვა გიორგი გახარიამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხოლო შემდეგ როგორ ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებელი იყო. საელჩოში წინასწარ დაწერილი ეს გეგმა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ხალხში ხელისუფლების აღქმა უნდა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები უნდა გამოეწვია. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრინციპულობა აჩვენეს, საელჩოს და გახარიას გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს და მეტიც, „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით, გუნდის გასუფთავებაც კი მოახერხეს. როგორ შეინარჩუნა გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, როგორ გახდა რამდენიმე თვეში პრემიერ-მინისტრი და რა კავშირი ქონდა ამ ყველაფერს იმ უსერიოზულეს პრობლემებთან (ბასიანის სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით დაშლა, სარალიძის საქმე, ჩორჩანა და ა.შ.), რომლებიც გახარიამ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნა, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით;
– 19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორმა ელჩმა ხელისუფლებას ნიკანორ მელია და გიორგი რურუა იძულებით გაათავისუფლებინა, რამაც ხელისუფლების რეპუტაციას მძიმე ზიანი მიაყენა. როდესაც ხელისუფლება კანონის უზენაესობას ვერ იცავს, საზოგადოების თვალში მისი ნდობა მყისიერად კნინდება. სწორედ ამაზე იყო გათვლილი თითოეული კრიმინალის განთავისუფლება, თორემ უგულავას, ოქრუაშვილს, მელიასა და რურუას საელჩოსთვის არავითარი პიროვნული ფასი რომ არა აქვთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. საბოლოოდ, ხელისუფლებამ აუცილებელი ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან ბოლოს მაინც გამარჯვებული გამოვიდა; – საელჩო „ქართულ ოცნებას“ თვეების მანძილზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვდა, რაც, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. თუმცა, ხელისუფლებამ ზეწოლას გაუძლო და რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, საბოლოოდ კი, თავსმოხვეული 43-პროცენტიანი ბარიერი მუნიციპალურ არჩევნებში საკმაოდ დიდი ფორით გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა. „ქართული ოცნება“ აქაც მტკივნეულ ტაქტიკურ დათმობაზე წავიდა, გარისკა, 43 პროცენტს დათანხმდა და ეს სრულიად გაუგებარი ბარიერიც დაძლია;
– „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დროულად გამოაცხადა, რამაც რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შესაძლებლობა არ მისცა. 43-პროცენტიანი ბარიერის ფორმალიზების პირობებში, მუნიციპალური არჩევნები ბევრად უფრო პოლარიზებულ გარემოში ჩაივლიდა, რაც სწორედ საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასა და საელჩოს მიერ დაგეგმილ რადიკალურ დღის წესრიგს აძლევდა ხელს; – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა; – 5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა – ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა;
– ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა. ვისი დავალებით ცდილობდნენ იმ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვალის არევას და იტყუებოდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს.

შარშან სწორედ ასე ჩავარდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე საელჩოდან იყო კოორდინირებული.

ხელისუფლების შეცვლის გეგმა წელს, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე იყო აგებული. სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფორსირების პროცესი სწორედ საქართველოსთვის მოიგონეს, რომელიც საბოლოოდ იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭებოდა, ხოლო საქართველოს – არა, რასაც, საელჩოს გათვლით, საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება და ბაკურიანში განხილული რევოლუციური სცენარის აგორება უნდა გამოეწვია. აშკარა იყო, რომ საელჩო ევროკავშირის უარის ეფექტზე ძალიან დიდ ფსონს დებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის წამყვან ენჯეოებს სრული პოლიტიკური თვითლუსტრაციისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დაყენებისთვის არ გაიმეტებდა. არც მანამდე იზრუნებდა ამდენს სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაზე და ამისათვის, მისი ორივე შვილის ნახტომისებურ სამსახურებრივ დაწინაურებას არ უზრუნველყოფდა. თუ თითქმის უფუნქციო პრეზიდენტზე მანამდე დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ, ახლა აქაც კი მაქსიმალური ინვესტიცია ჩადეს და სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენეს.

თუმცა, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც აჩვენა სიმყარე და გადატრიალების მორიგი მცდელობა წარმატებით ჩააგდო.
ამ ყველაფერს საზოგადოებას ვახსენებთ არა საელჩოს დისკრედიტაციის მიზნით ან მასზე შურის საძიებლად, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა: – ჩვენს შეკითხვებზე კელი დეგნანის რეაქციიდან ნათლად ჩანს, რომ მიდგომა საელჩოს ჯერაც არ შეუცვლია და როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია. ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა, რომ მეორე ფრონტის მიზნებისთვის რევოლუციურ სცენარს არ ამზადებს, ის ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა. როცა საზოგადოება ქმედებით სხვა რამეს ხედავს, გვერწმუნეთ, კლიპებით თავის მართლება შედეგიანი ვერ იქნება; – საელჩოს მიდგომის უცვლელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის გარშემო შექმნილი სამუშაო პროცესის პარალელურად, საელჩოს ფავორიტმა რადიკალურმა პარტიებმა პარალელური პროცესი წამოიწყეს, რაც კონსტიტუციური სისტემის საბოტაჟის კიდევ ერთი გამოხატულებაა; – გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება; – კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელშიც საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან და ენჯეოებთან ერთად, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტი – სახალხო დამცველიც კი ჩაერთო; – ასევე, გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა.

„ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენიანი ფიგურააო. ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო. როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, „ენჯეოს“ და უცხოელ ლობისტს სიტყვა „ოლიგარქი“ აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, შესაბამისი კამპანია საელჩოს მიერ რომ არ იყოს კოორდინირებული, ელჩი ამ სიცრუეს მარტივად გაემიჯნებოდა.

ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა.

ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა ვინმე. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში ხალხისთვის, გაუსაძლისთან ერთად, სრულიად უპერსპექტივო ვითარება შეიქმნა, 2018 წელს კი, პოლიტიკაში მაშინ შემობრუნდა, როდესაც მმართველი გუნდი შიგნიდან მოიშალა, რამაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სერიოზული რისკები შეუქმნა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს.

ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს. საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს. სწორედ მეორე ფრონტის ინტერესს ემსახურება გაუგონარი შანტაჟი, რომელიც მასზე შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების მიზნით მონათლეს ის, საელჩოს კოორდინაციით, ოლიგარქად და მას სხვადასხვა მხრიდან ფორმალური სანქციებითაც კი ემუქრებიან.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული. როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ ჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რაც სახელმწიფოებრივ ამოცანად მიგვაჩნია.

ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება.

ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა საელჩოს გამუდმებული მოთხოვნები ისეთი სამართლებრივი რეგულაციების დადგენის შესახებ, რომელთა შემოღების შემთხვევაში ქვეყნის მართვა უკიდურესად გართულდება, ან სულაც, შეუძლებელიც კი გახდება. აღნიშნულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს, გენერალური პროკურორისა და მოსამართლეების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი, რასაც განვითარებული დასავლური დემოკრატიების პრაქტიკაში ანალოგი არა აქვს. აღნიშნულის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დანერგილი და იქაც სერიოზული პრობლემებით მოქმედებს. აშკარაა, რომ საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის.

ასეთ პირობებში, მხოლოდ ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა, ხალხის მთავარი იარაღი კი სიმართლეა, რომლითაც ის სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი. ჩვენი მთავარი ინტერესი ქვეყნის გადარჩენაა, თორემ განადგურებულ ქვეყანას გინდა სტრატეგიული და გინდაც არასტრატეგიული პარტნიორი ვეღარაფერში გამოადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ, რათა სიმართლით შეიარაღებული ხალხის ძალით ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და გადავარჩინოთ.

კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე – შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ - მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, კონკრეტული კომპანიაა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების შესაბამის მომსახურებას.„ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“,- აღნიშნა პრემიერმა.ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

შალვა პაპუაშვილი – აქციებისას დაკავებულებსა და აქტივისტებს მინდა ვუთხრა, უცხოეთიდან არავინ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე, ყველა აღიარებს, რომ აქციები იყო ძალადობრივი

აქციებისას პასუხისგებაში მიცემული 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, უცხოეთიდან არავინ საუბრობს, რომ აქციები მშვიდობიანი იყო.„იცით, რომ 2024-2025 წლებში, ფაქტობრივად ერთი წლის ფარგლებში, იყო ორი მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობით, 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით. ყველას გახსოვთ ეს სურათები – მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე, 150 პოლიციელი დაშავდა საერთო ჯამში, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან. ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალში, სულ 120 ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. აი, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ამ ორი მცდელობისთვის, 120 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ძალადობის მასშტაბი ევროპის დროშის მოფრიალე მოძალადეების მხრიდან. ამ 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა.არ ვიცი, ვინმე ატყუებს თუ არა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფებს ან აქტივისტებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, უცხოეთიდან აღარავინ არ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ არ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და პასუხისგებაში მიცემული. ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობაც, 45-მა ადამიანმა მიმართა და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, აქციებისას დაკავებულმა პირებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებით თუ პრეზიდენტისადმი შეწყალების მიმართვით, დანაშაული აღიარეს.„გახსოვთ თქვენ ორი-სამი წელი, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ელჩი იქნებოდა თუ ევროკავშირი, პროტესტებით გამოდიოდნენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. ამ დროს სახელმწიფო დადგა მყარად, დიქტატორს და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელს არანაირად არ მისცემდა საშუალებას, რომ ის ევროპაში წასულიყო და თავისუფალი ცხოვრება ჰქონოდა. შემდეგ ნახეს, რომ ქართველი ხალხის ნებას ვერ გატეხდნენ და მიატოვეს სააკაშვილი. ხედავთ კიდეც, რა დღეშია.ყველა დანაშაული უკვე არის აღიარებული. 45-მა ადამიანმა შეწყალებით თუ საპროცესო გარიგებით აღიარეს სწორედ დანაშაულებრივი ხასიათი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პარლამენტზე შტურმის მცდელობისა და ასევე 2025 წლის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობისა. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. მათზე ერთადერთი მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა ბრიუსელი და რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და იქ სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით. მიანიშნებდნენ, რომ მზია ამაღლობელს არ უნდა ეღიარებინა, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ, პოლიციელზე ძალადობა. პირდაპირ გაწირეს ადამიანი ციხისთვის, უთხრეს, არ ითანამშრომლო, მერე რა, რომ მთელმა სამყარომ დაინახა, რომ იძალადე პოლიციელზე, არა, შენ მაინც არ თქვა ეს და ჩვენ ვიტყვით, რომ ვითომ ეს ყველაფერი არ არსებობს. ეს არის საბოლოო შედეგი მათთვის, ვინც ენდობა უცხოს და არ ენდობა საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ოთხ ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში.საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გაეროს მისია – არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ირანში ომის დანაშაულები ჩაიდინა, თეირანმა კი – კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თებერვალში ირანში მდებარე სკოლასა და სპორტულ ობიექტზე განხორციელებული სამხედროდარტყმების უკან შეერთებული შტატები იდგა და რომ ეს ქმედებები ომის დანაშაულს წარმოადგენდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.მისიამ ასევე დაადგინა, რომ ირანის ხელისუფლებამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისას, რასაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.ირანის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მისიის ახალ ანგარიშში, რომელიც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნდა წარედგინოს, განხილულია აშშ-ის ქმედებები ირანთან კონფლიქტის პერიოდში და ირანის მთავრობის რეაგირება დეკემბრის ბოლოს დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე.გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ქალაქ მინაბში მდებარე შაჯარეჰ თაიბეს დაწყებით სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ის ძალები იყვნენ. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 120 სკოლის მოსწავლე.მისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო განურჩეველი თავდასხმა, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს.გაეროს ექსპერტების განცხადებით, სკოლა სამოქალაქო ობიექტი იყო და მათ ვერ აღმოაჩინეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.ექსპერტები ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ლამერდში მდებარე სპორტულ ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებითაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და სკოლა, დაიღუპა და დაშავდა 22 მშვიდობიანი მოქალაქე. დასკვნის თანახმად, დარტყმა განურჩეველი ხასიათისა იყო და, შესაბამისად, ომის დანაშაულს წარმოადგენდა.ამასთან, გაეროს მისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ირანის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმები განახორციელა; ეს ქმედებები მოიცავდა უკანონო მკვლელობებს, წამებას, თვითნებურ დაკავებებს, იძულებით გაუჩინარებებსა და გამოხატვის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს.გამოძიების თანახმად, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ მოხერხდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 3 038 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 000 - დაშავდა.გაეროს ფაქტების დამდგენი მისიები არის საგამოძიებო და არა სასამართლო ორგანოები, შესაბამისად, ისინი არ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს. თუმცა, მათი დასკვნები შესაძლოა სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში ეროვნულმა სასამართლოებმა ან საერთაშორისო ტრიბუნალებმა გამოიყენონ. სახელმწიფოები ანგარიშის დასკვნებს მას შემდეგ განიხილავენ, რაც მას ორშაბათს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგენენ.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის კენჭისყრა სამი დღის განმავლობააში, 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობს. მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“.რუსეთის პარლამენტში სულ 450 ადგილია. მათ ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენებს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა 5%-იანი ბარიერის გადალახვა.პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკის მხარეში და ჩუკოტკაში გაიხსნა. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 30 აგვისტოდან ქვეყნის 37 რეგიონში ვადამდელი ხმის მიცემა მიმდინარეობს. 16 სექტემბრის მონაცემებით, 203 952 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა, მათ შორის 14 000-ზე მეტმა საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა.

ბოლო სიახლეები