სად იბადება საინტერესო იდეები?! – 7 კრეატივ დირექტორის ისტორია

Read Time:3 Minute, 37 Second

სარეკლამო სფეროში რაიმე ღირებულის, საინტერესოსა და ეფექტურის შექმნის საფუძველი გენიალური იდეების მოფიქრებაა. თუ გაქვს კარგი იდეა, გაქვს კარგი პროექტიც, რასაც შემდეგ აღიარება და ნდობა მოყვება. თუმცა, რაიმე გენიალურის მოფიქრება მარტივი სულაც არაა და არც უნივერსალური რეცეპტი არსებობს მის „გამოსაცხობად“. მარკეტერი დაინტერესდა, საიდან და რა სიტუაციებში იბადება ნამდვილი კრეატივი. კონკრეტული მაგალითების მოსაძებნად კი, „იდეებზე მონადირეებს“, კრეატივ დირექტორებს მივმართეთ. საინტერესოა მათი გამოცდილება, თუ რა სიტუაციებში მოსვლიათ იდეები და თავად როგორ ხსნიან მათი გენერირების რთულ მექანიზმს.

ბაჩო მებურიშვილი

ბაჩო მებურიშვილი

BetterFly-ის კრეატივ დირექტორი ბაჩო მებურიშვილი საქმის კეთებისას ყველა დეტალს ამ საქმესთან აკავშირებს და ამიტომაც, იდეებიც მოულოდნელად ეწვევა ხოლმე: -„ხშირად ყოფილა, რომ გზაში, ავტობუსში, მეტროში, მანქანაში მოფიქრებული იდეები აღმოჩენილა ყველაზე კარგი. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წევრს “დატვირთული” დღის შემდეგ დაესიზმრა იდეა და ყველა გაგვაღვიძა მის მოსაყოლად. ასევე, მაგალითად, WWF-ის იდეა კლიენტთან პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა მოყოლის დროს და შემდეგ, თითქმის ზუსტად ასე განვახორციელეთ.

Old Irish-ის სარეკლამო რგოლის იდეა თვითმფრინავში გაჩნდა, როდესაც Nirvana-ს Smells Like Teen Spirit-ს ვუსმენდით. უკვე მოფიქრებული გვქონდა, რომ უნდა შეგვექმნა ლუდი ნამდვილი ირლანდიური მკაცრი ხასიათით და იმ ეტაპზე სარეკლამო რგოლის იდეაზე ვმუშაობდით. საბოლოოდ, სარეკლამო რგოლიც სწორედ Nirvana-ს ამ სიმღერის მისამღერის მუხტით გადავიღეთ, იმაზე, თუ როგორ ელოდებიან Old Irish-ს გიჟი ირლანდიელები.”

გვანცა დათუაშვილი

გვანცა დათუაშვილი

იდეის გაჩენის კონკრეტული სიტუაციის გახსენებას შეეცადა გვანცა დათუაშვილიც, Saatchi & Saatchi-ის კრეატივ დირექტორი: -„როცა ამ სფეროში საკმარისად დიდხანს მუშაობ, ტვინის რაღაც ნაწილი ავტომატურად და ინსტინქტურად ყველაფერში ეძებს იდეას. იდეები მომსვლია ტაქსში, ქუჩაში, პლიაჟზე, თუ ფილმის ყურების დროს. სულ ბოლოს, ჯონ ოლივერის შოუს ვუყურებდით, როცა ძალიან სერიოზული კამპანიის იდეა გამოცხვა და ამ იდეის განხორციელება ძალიან გვინდა.

ყოფილა, რომ გვიანობამდე მიმუშავია პროექტზე, თითქოს ჩიხში გამომწყვდეულს, რაღაც რომ არ მოგწონს და არ იცი რა, შემდეგ კი გამღვიძებია ძალიან კარგი იდეით. ყველაზე უცნაური იყო, როდესაც ერთხელ გამეღვიძა და ტუმბოზე გადაშლილი ბლოკნოტი დამხვდა კამპანიის მონახაზით. არ მახსოვს როდის დავწერე და რა ვითარებაში, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ დამესიზმრა, გამეღვიძა, ჩავიწერე და ძილი გავაგრძელე.

საკმაოდ პროდუქტიულია სამსახურზე ლაპარაკი ოფისს გარეთ. კარგია, როცა კრეატიული ჯგუფი ერთად გაისეირნებს პარასკევს და სხვა თემებს შორის, მიმდინარე პროექტებზე ჩამოვარდება ლაპარაკი. ოფისის კედლებს გარეთ ყოველთვის უფრო ფრთიანი იდეები მოდის.“

გიორგი პოპიაშვილი

გიორგი პოპიაშვილი

გიორგი პოპიაშვილის აზრით, იდეების გენერირებას კონკრეტული გარემო არ სჭირდება და უბრალოდ, ტვინის სტიმულირებაა საჭირო: -“ყველაზე მეტად, იდეის მოსვლაში დედლაინის მოახლოება მეხმარება. განსაკუთრებულად პროდუქტიული კი პრეზენტაციის წინა დღე, წინა საათები და წამებია. კუთხეში მიმწყვდეული გონება სასწაულებს ჩადის.

როდესაც მოსკოვში ვმუშაობდი, სამსახურში მისასვლელად, სულ მცირე, სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი. ამ სამიდან ერთ-ერთი იყო ჟანგიანი და ძალიან ნელი ელმავალი. ამ ელმავალში ვატარებდი დღეში საათსა და ოც წუთს. იდეის წარდგენის დღესაც, დილით ვიჯექი ამ ელმავალში, ვიცოდი რომ მქონდა ზუსტად ორმოცი წუთი და ყველაფრისგან აბსტრაგირებული ვჭყლეტდი ტვინს, იქნებ სამსახურში მისვლამდე რამე მომეფიქრებინა. როგორც მახსოვს, ყველა ღირებული ნამუშევარი, რომელიც მოსკოვში მუშაობის დროს გავაკეთე, სწორედ ამ ჟანგიან ელმავალში მომაფიქრდა.

ბიბი ასათიანი

ბიბი ასათიანი

Windfor’s Communication-ის კრეატივ დირექტორის, ბიბი ასათიანისთვის იდეების მოფიქრება უწყვეტი პროცესია, ამიტომაც, კონკრეტული სიტუაციის გახსენება უჭირს და თავისი პროფესიის წარმომადგენლებს იდეებზე მონადირეებს უწოდებს: -„ძალიან რთულია, ასე კონკრეტული ადგილის/სიტუაციის გახსენება, რადგან ჩემთვის იდეების გაჩენა პროცესია, რომელიც სულ მიმდინარეობს. ალბათ, იდეები სადღაც არიან სივრცეში და ჩვენც თუ მოვხვდებით მათ სიახლოვეს, გაგვიმართლებს და დავიჭერთ ზოგიერთს. ფაქტობრივად, ჩვენ იდეებზე მონადირეები ვართ.”

ფიქრი ჩვენი გონების უწყვეტი პროცესია და შესაძლოა, ამიტომაცაა რთული კონკრეტული დროისა და მომენტის გახსენება, თუ რა სიტუაციაში აინთო ნათურა ჩვენს თავში. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, იდეების გაჩენის პროცესი ბუნებრივი და მარტივად გენიალური პროცესი ყოფილა. თურმე, ისინი ყველაზე მოულოდნელ, უცნაურ და ასე განსაჯეთ, უხერხულ დროსაც კი შეიძლება გვეწვიონ.

ნიკუშა ანთაძე

ნიკუშა ანთაძე, Holmes&Watson-ის კრეატივ დირექტორი: -„მე მჯერა, რომ თავში მაქვს იდეების სამშობიარო. რთული სათქმელია, რომელი იდეა სად და როდის ჩაისახა, მაგრამ მათი დაბადების მომენტი ყოველთვის ეიფორიულია. საფიქრალს თავში იდებ, ივიწყებ და მერე იდეა მოულოდნელად იბადება ძილში, გზაში, ტუალეტში, რიგში, შხაპის ქვეშ, ლიფტში, ან სექსის შემდეგ სიგარეტის მოწევის დროს. ყველა იდეა ასეთ სიტუაციებში ჩნდება, კონკრეტული მაგალითების გახსენება კი ისეთივე რთულია, როგორც დაორსულების მომენტი.“

ანი ჭყოიძე

ანი ჭყოიძე

branding.ge-ის კრეატიული ჯგუფის ხელმძღვანელი ანი ჭყოიძისთვის ბრეინშტორმინგი და ასევე, ბევრი სიარული იდეების „მოყვანის“ ერთ-ერთი ხერხია: -„როგორც წესი, ჩვენთან იდეის ფორმირება გუნდურად ხდება. ასევე, ფიქრის კარგი საშუალება ჩემთვის სიარულის პროცესია. ბევრს დავდივარ ფეხით და იდეებიც ამ დროს იბადება.“

ლევან ლეფსვერიძე

ლევან ლეფსვერიძე

ბრეინშტორმინგი ნაცადი ხერხი აღმოჩნდაLeavingstone-ის კრეატივ დირექტორისა და თანადამფუძნებელის, ლევან ლეფსვერიძისთვისაც: -„ჩვენ, ვისაც იდეების გენერირება ყოველდღიურად გვიწევს, ასე განსაკუთრებულად გამოყოფილი არ გვაქვს მომენტი. ძირითადად იდეები, გუნდის წევრებთან ერთად ბრეინშტორმინგისას, სამუშაო გარემოში მოდის ხოლმე.“

დასკვნა კი ასეთია, მთავარია შენი საქმე გიყვარდეს და მასზე ფიქრობდე. ტვინი კი თავს საქმეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც შეასრულებს. ამიტომაც, არ მოგერიდოთ, იფიქრეთ ყველგან, იფიქრეთ ტაქსში, მეტროში, შხაპში, საპირფარეშოში, დღისით, ღამით, ძილსა თუ ღვიძილში და იდეები აუცილებლად გესტუმრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე ის ინგა აღარ ვარ, მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა” – ინგა გრიგოლიას ემოციურმა წერილმა ხალხი შოკში ჩააგდო
Next post მშობლებო შვილებს მიხედეთ!!! აფთიაქში 12 წლის გოგონა მივიდა და ორსულობის ტესტი იყიდა, თქვა რომ უფროსი დისთვის უნდოდა…