შაბათი, ოქტომბერი 10, 2026

როგორია კორონავირუსის ე.წ. ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები. თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამებით გამოწვეული „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ, ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები, პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის პოსტში „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებებზე საუბრობს.

„ბოლო დროს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენს „კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის სხვადასხვა შტამის მიმართ, რამეთუ მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დაავადების მიმდინარეობაზე.

ზოგადად ვირუსებს ახასიათებთ მუტაგენეზი ანუ მუტაციების წარმოქმნის პროცესი, რაც გულისხმობს ცვლილებებს ვირუსის გენომში და შესაბამისად ვირუსის ანტიგენურ სტრუქტურაში. გამონაკლისი არც SARS-CoV-2-ია. მუტაციები შეიძლება იყოს მცირე, რომელიც პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ვირუსის თვისებებზე და ხშირად შეუმჩნეველი რჩება და უფრო სერიოზული მუტაციები, რომელსაც შეუძლია სერიოზულად შეცვალოს ვირუსის ანტიგენური სტრუქტურა და წარმოშვას ახალი შტამი.

სადღეისოდ ცნობილია SARS-CoV-2-ის 10-მდე სხვადასხვა შტამი, რომელთან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ხუთი შტამი: ე.წ. ჩინური (საწყისი შტამი), ე.წ. ბრიტანული, ე.წ. ბრაზილიური, ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ე.წ. ინდური – იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იქნა ეს შტამი პირველად ნანახი. აგრეთვე აშშ-სთვის ლოკალურად მნიშვნელოვანი ე.წ. კალიფორნიული შტამი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად შტამები მოიხსენიება არა ქვეყნის დასახელებით, არამედ სპეციალური კოდებით, მაგ., ე.წ. ინდური შტამის კოდია B.1.617, ბრიტანული შტამის – B.1.1.7 და ა.შ. გარდა ამისა, სულ ახლახანს თითოეულ შტამს ჯანმო-მ მიანიჭა დასახელება ბერძნული ანბანის მიხედვით: Alpha – ბრიტანული შტამი, Beta – სამხრეთ აფრიკული შტამი, Gamma – ბრაზილიური შტამი, Delta – ინდური შტამი და Epsilon – კალიფორნიული შტამი და ა.შ.

ეს შტამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გხვდება. საქართველოში ამჟამად დომინირებს ე.წ. ბრიტანული შტამი (Alpha) და ე.წ. ჩინური (საწყისი) შტამი. თუმცა ცალკეულ ავადმყოფებში უკვე დაფიქსირებულია ე.წ. ინდური შტამი (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამები.

მოსახლეობის ინტერესი სადღეისოდ განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამების მიმართ, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით ამ შტამების თავისებურებებს. ძირითადად შევეცდებით ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად ისმება.

ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში, მაგრამ აქტუალური გახდა 2021 წლის აპრილ-მაისში. სადღეისოდ ე.წ. ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და არსებობს საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი. სულ ახლახან იგი დაუდასტურდა საქართველოში მყოფ ხუთ კოვიდპაციენტს, რომელთაგან ორი საქართველოს, ხოლო სამი უცხოეთის მოქალაქეა. ე.წ. ინდური შტამის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სხვა შტამებისგან ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით, მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

ე.წ. ინდურ შტამს სავარაუდოდ ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი გადამდებლობა და შესაბამისად უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. ინდური შტამი სავარაუდოდ სტანდარტულთან (ჩინურთან) შედარებით უფრო მეტად ასნებოვნებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებში ვაქცინაციის პროცენტი ბევრად დაბალია.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევდა სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა რამდენად ვრცელდება ეს ადამიანებზე დადგენილი არ არის. COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი იცავს ე.წ. ინდური შტამისგანაც, მაგრამ სავარაუდოდ ნაკლებად.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე პოტენციურად შედარებით ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან, თუმცა ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ე.წ. ბრიტანული შტამისგან იცავს 93%-ით, ხოლო ე.წ. ინდური შტამისგან – 88%-ით.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც პოტენციურად შედარებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. ინდური შტამის მიმართ.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს, იგი პირველად გამოვლენილ იქნა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, მაგრამ აქტუალური გახდა 2020 წლის დეკემბერში. სადღეისოდ ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. მისი გავრცელების რისკი საქართველოშიც არსებობს, თუმცა იგი შედარებით მცირეა. სულ ახლახანს ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს. სხვა შემთხვევები ჯერ დაფიქსირებული არ არის.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამის თავისებურებებიც ჯერ ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შესაძლებელია ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

დადასტურებულია, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი (დაახლოებით 50%-ით) გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები ჯერ არ არსებობს.

COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ისევე როგორც კონვალესცენტის პლაზმა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავენ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისგან, ვიდრე სხვა შტამებისგან.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. გამონაკლისი შეიძლება იყოს კომპანია Regeron-ის მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი.

ახლა, როგორი იქნება რეკომენდაციები:

ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები – პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება – კერძოდ ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქპოსტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოძიების მასალების მიხედვით, „ფლაიდუბაის“ მეორე პილოტი გეგმავდა „თვითმკვლელ თავდასხმას“, თვითმფრინავის ტერმინალთან შეჯახებას, რათა მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია

„ფლაიდუბაის“ ომანელი მეორე პილოტი დუბაი-თელ ავივის რეისზე „თვითმკვლელ თავდასხმას“ გეგმავდა. ამის შესახებ აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოძიების მასალებში.არაბეთის გაერთიანებული საამიროების პროკურატურის განცხადებით, მეორე პილოტი თვითმფრინავის შეჯახებას ბენ-გურიონის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალთან გეგმავდა, რათა მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია.გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილმა თელ ავივში განხორციელებული ორი წინა ვიზიტი მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ფრენის მარშრუტისა და აეროპორტის გასაცნობად გამოიყენა. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ რეგულარულად დადიოდა მელბურნში მდებარე მეჩეთში, რომელიც მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტთან (RMIT) არის დაკავშირებული; სწორედ იქ გაიცნო მან იმ ცენტრთან დაკავშირებული პირები, რომელსაც თავად My Centre-ს უწოდებდა. მისი თქმით, ცენტრს ხელმძღვანელობდა ლიბანელი მამაკაცი, მეტსახელად აბუ ჰამზა, ხოლო მას მხარს უჭერდა ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა „მუსლიმთა საძმოსთან“.არაბეთის გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის რადიკალიზაციის პროცესი 2017 წელს, ავსტრალიაში მისი სწავლის დროს დაადგინეს. პროკურორების განცხადებით, ომანელმა ეჭვმიტანილმა მოგვიანებით ძალადობისა და ტერორიზმის მომხრე იდეები გაიზიარა და შთაგონება 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებიდან მიიღო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ - 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, მონაწილეობდნენ თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სოფო უგრეხელიძე, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ კურსების მსმენელები, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების“ მენეჯერი, რექტორის მრჩეველი რატი გურგენიძე და მოწვეული სტუმრები. ვიცე-რექტორის განცხადებით, მოკლევადიანი და ინტენსიური პროფესიული კურსების როლი უმნიშვნელოვანესია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების სწრაფად დასაკმაყოფილებლად და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მოკლევადიანი ინტენსიური კურსები უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სასურველი პროფესიისთვის აუცილებელი უნარები შეიძინონ და დასაქმების ბაზარზე თავიანთი ადგილი სწრაფად მოიძიონ. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია წლების მანძილზე თბილისის მერიის ძალისხმევა, რაც პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით განხორციელებას გულისხმობს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ მეშვეობით, მსმენელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, სპეციფიკურ და ხშირ შემთხვევაში იშვიათ პროფესიებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და აკადემიური რესურსით, ამ საშვილიშვილო საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი მოხსენებით პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ მენეჯერი რატი გურგენიძე წარდგა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უშუალო ჩართულობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 75 მოქალაქემ მიიღო. რატი გურგენიძის განცხადებით, მოკლევადიან კურსზე - ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი) მოსამზადებელი პროფესიული კურსი 15-მა მსმენელმა გაიარა, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსის მოსამზადებელი პროფესიული კურსი კი - 25-მა, შენობების ენერგოუზრუნველყოფის დაგეგმვა და მართვა განახლებადი რესურსების გამოყენებით (ენერგოაუდიტი) – 15-მა, ელექტროავტომობილების დასამუხტი მოწყობილობების სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი (მემონტაჟე და სისტემური უზრუნველყოფა) – 20-მა მსმენელმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიგეგმა და განხორციელდება პროექტის შემდგომი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ახალ ინტენსიურ პროფესიულ მოკლევადიან კურსებს, რომლებშიც ჯამურად 105 მოქალაქე ჩაერთვება. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი სრული აკრედიტირებული კურსი - 40 მსმენელი (1 ჯგუფი); სამშენებლო საქმის მწარმოებლის მოსამზადებელი კურსი - 20 მსმენელი (1 ჯგუფი); სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟის მოსამზადებელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ლიფტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი). შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა და დეკანებმა პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების მსმენელებს, რომლებმაც ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსები წარმატებით დაძლიეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. ცნობისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელ მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი მომზადება ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა.“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული.როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო

ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. შესაბამის განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ეროვნული ბანკის თანახმად, გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე იქნება ძალაში.„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ილია სულამანიძე – მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა.სულამანიძის თქმით, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია, დარჩენილი კი ოლიმპიური ჩემპიონობაა.„მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს.დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ექიმს. შევეცდები, ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოვიპოვო.ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს დროშას ვუყურებდი. ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ გამომსვლოდა. გული ამიჩუყდა. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვენლოვანესია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს მოვიპოვებ“, – ამბობს ილია სულამანიძე.საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონები ილია სულამანიძე (100კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის პრიზიორია, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60კგ) – ბრინჯაოსი.

ბოლო სიახლეები