სამშაბათი, ივლისი 21, 2026

რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება

თბილისში შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოები 23 ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, ამ პერიოდში ქალაქის მთავარ გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. ასევე, გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზე.

შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით;

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შემოვლას შეძლებენ რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით;

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს საშუალებით;

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა – ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე გახდება ორმხრივი.

რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები – N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397, ასევე მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

უკუმიმართულებით, ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით კვლავ გმირთა მოედანს დაუბრუნდებიან და ისარგებლებენ დადგენილი სქემით.

ავტობუსები N359 და N391 იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით; ავტობუსი N378 მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ აღარ მივა და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით; N408 მიკროავტობუსი მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან დაუკავშირდება თამარ ჭოველიძის ქუჩას; მიკროავტობუსი N420 მეტროსადგურ „რუსთაველს“ აღარ გაივლის და იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს; N457 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები არ თანხმდებიან ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებმაც შესაძლოა, მათი წამყვანი კომპანიები დააზარალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ხუთ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, ტენდენციამ, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიან სტრატეგიას, მთელ რიგ ქვეყნებს – მათ შორის, საბერძნეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ავსტრიასა და პორტუგალიას – უბიძგა, ბრიუსელის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტიდან გამონაკლისების დაშვება მოეთხოვათ ან შემოთავაზებული ზომები სრულად დაებლოკათ.როგორც გამოცემასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, წევრი ქვეყნების მოთხოვნებმა გააჩინა შეშფოთება, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლებად არის მზად, მხარი დაუჭიროს სანქციებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობით კვლავაც მოგების მიმღებ ევროკავშირის კომპანიებს აზარალებს.ევროკავშირს სანქციების დაწესება ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია. ვეტოების გამო, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შორის ოთხდღიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.„მოლაპარაკებების მაგიდასთან მორალური ვალდებულების განცდა სულ უფრო სუსტდება. დედაქალაქები ერთხმად საუბრობენ მკაცრ რიტორიკასა და სოლიდარობაზე, მაგრამ როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მიდგება საქმე, ეს ერთიანობა ქრება“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ ერთ-ერთმა დიპლომატმა.გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების ვეტოების გამო, ამ სისტემის მუშაობაც საფრთხის ქვეშ დგება.„ფაინანშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ საბერძნეთი სანქციების მთელი პაკეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ დამტკიცდება.პორტუგალიამ და გერმანიამაც მოითხოვეს, სანქციების პაკეტიდან ამოეღოთ რუსული თევზის შესყიდვის აკრძალვა. მათი განცხადებით, ეს აუცილებელია ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და იტალია, როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულებები, მოითხოვენ, შემსუბუქდეს აკრძალვა, რომელიც უკრაინაში ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემას ეხება.ავსტრიამ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყინული რუსული აქტივებიდან ორი მილიარდი ევროს განბლოკვა, რათა ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთში დაკისრებული ჯარიმის კომპენსაცია მიიღოს.

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა დაიწყო-დროა, საქართველო ხვიჩას ოქროს ბურთისთვის გაერთიანდეს!

მოგესალმებით. ის დროა, როცა დიდი საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ...დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელახლა გაგვიჩინა იმედი, რომ ზღაპრული სცენარი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑 კვლავ რეალურია! მოთამაშეების ნაწილი, რომლებიც იყვნენ კონკურენტები ამ ბრძოლაში, ფინალამდე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ვინც განიხილებოდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, მას არ ჰქონია საოქროსბურთე მუნდიალი.პსჟ აქამდე თავს იკავებდა ოქროს ბურთის კამპანიაზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ - ვისზე აეწყოთ მხარდასაჭერი სცენარი - ხვიჩა კვარაცხელიაზე თუ უსმან დემბელეზე. ჩემი აზრით, საფრანგეთის წარუმატებლობის გამო, ახლა ევროპის ჩემპიონების კამპანია ქართველის მხარდასაჭერად ჩაირთვება, როგორც 2025/26 წლის სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.და აქ უნდა ვიყოთ ჩვენც! თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში კვარასთვის მნიშვნელოვანი იქნება. უცხოური ნებისმიერი დიდი გამოცემის პოსტი, რომელიც ხვიჩაზე თუ ოქროს ბურთზე იქნება, კომენტარებში აუცილებლად ბევრი უნდა ვიყოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑!კვარას ჰქონდა საოცარი ევროპული სეზონი, ყველა დიდ მატჩში გადამწყვეტი იყო, ჩამოიკიდა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მედალი და ოფიციალური აღიარებაც მიიღო - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!ალბათ ვფიქრობდით, რა ცუდია, რომ მუნდიალის წელი მოუწია... თუმცა დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა იმედები განაახლა!ხვიჩა კვარაცხელია 26 ოქტომბერს ლონდონში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამარჯვებულის სტატუსით უნდა ვიხილოთ! ამ ბრძოლაში თითოეული გადამწყვეტი ვიქნებით, თუ როგორ ვიაქტიურებთ.იწყება თამაში და ჩვენ აქ ვართ!-წერს Geo Team

გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული

გერმანიის ელჩმა ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა თუ კი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისთვის პირველ რიგში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჯობია, ვიდრე მტრული.„გერმანიის ელჩმა ბატონმა პიტერმა მოახერხა, რომ რამდენიმე წელიწადში, რომ წელიწადნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეუარცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,  ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.ახალი მომსახურებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.„საქართველოს მელიორაციის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებლად და ჰქონდეს მინიჭებული უნიკალური ნომერი.ახალი სერვისების მიწოდების პროცესს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ადგილზე გაეცნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი.ახალი მომსახურების დანერგვით იუსტიციის სახლში მელიორაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს.

ბოლო სიახლეები