ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ზოგიერთ ქუჩასა და გამზირზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები მოძველებულია და ეტაპობრივად ყველაფერი განახლდება.
„ცხელი ხაზი მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ ვპასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. იყო გარკვეული მომართვიანობა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში.
გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვმნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

