რა უნდა ვიცოდეთ-8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება

Read Time:1 Minute, 53 Second

8 აპრილს, მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ განლაგებაში შევლენ. ეს სამი სხეული კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით წარმოქმნის სრულ წყვდიადს.

ეს გახლავთ მზის სრული დაბნელება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება.

საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება არანაირი სახით არ გამოჩნდება და ვერც ვერანაირ ეფექტს ვიგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

მზის დაბნელება

მთვარის ჩრდილი დედამიწაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წავა და გაივლის მექსიკას, აშშ-ის 13 შტატს და კანადის ნაწილს.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ იმ ადგილების დეტალური რუკა, სადაც მზე სრულად დაბნელდება.

დაბნელება წყნარი ოკეანის შუაგულში, UTC 15:42 საათზე დაიწყება, როცა მთვარე მზის სინათლის დაბლოკვას დაიწყებს.

სრული დაბნელების ნაწილი UTC 16:38 საათზე დაიწყება და ჯამში 4 წუთსა და 48 წამს გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, დრო და ხედი დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილში ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება, მთვარე მზის მხოლოდ დისკოს ნაწილს დაფარავს.

დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.

მთვარის დაბნელების შემთხვევაში, შუაში დედამიწა ექცევა და მისი ჩრდილი მთვარეს ეცემა.

მზის დაბნელების შემთხვევაში, შუაში მთვარეა და მისი ჩრდილი დედამიწას ეცემა.

მზის სრული დაბნელებისას, ხილული ხდება მზის გვირგვინი, იგივე კორონა, რაც მეცნიერებს ჩვენი დედავარსკვლავის ამ რეგიონის უკეთესად შესწავლის საუკეთესო შანსს აძლევს.

მზის დაბნელება

დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც მზის სრული დაბნელება ხდება. მიზეზი ის არის, რომ მზე და მთვარე ჩვენი პლანეტიდან ისე არიან დაშორებული, რომ ცაში ზუსტად ერთი ზომის ჩანან.

ამ ორ სხეულს შორის ზომების პროპორცია თითქმის ზუსტად იგივეა, როგორიც დედამიწიდან მათი დაშორების პროპორცია.

მთვარის დიამეტრი 3,475 კილომეტრია, მზის კი დაახლოებით 1,4 მილიონი კილომეტრი, ანუ მთვარისაზე დაახლოებით 400-ჯერ მეტი.

მთვარე დედამიწას გარს უვლის 383 500 კილომეტრის მანძილიდან. დედამიწა მზის გარშემო მისგან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს, ანუ 400-ჯერ უფრო შორიდან, ვიდრე მთვარე დედამიწის გარშემო.

რა თქმა უნდა, ეს ზუსტად იგივე არ არის და თანაც, რადგან დედამიწის ორბიტა მზის გარშემო და მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ოდნავ ოვალურია, ხილული ზომები ცვალებადია, მაგრამ საკმარისია, რათა წარმოიქმნას შთამბეჭდავი სრული დაბნელება, რომელიც ხანდახან ხდება დედამიწაზე.

მზის სისტემაში ასეთი შემთხვევითი განლაგება სხვაგან არსად არის და თანაც, ეს მხოლოდ დროებითია. ერთ დროს მთვარე დედამიწასთან გაცილებით ახლოს იყო — ის ჩვენს პლანეტას თანდათან შორდება. საკმაოდ იღბლიანები ვართ, რომ ვცხოვრობთ ზუსტად იმ ეპოქაში, როცა ეს ფენომენი ხდება, შორეულ მომავალში, როცა მთვარე ჩვენგან უფრო შორს იქნება, მზის სრული დაბნელება ვეღარ მოხდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავარია იმერეთში-დაშავებულია 20-მდე ტურისტი
Next post „ბლუმბერგი“ – ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა