ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

რა დანაშაულები ედება ბრალად მეგის ქარდავას – გენერალური პროკურატურის განმარტება

გენერალური პროკურატურა უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თითქოსდა ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების მიღების მიზნით პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობებს უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მ.ქ.-მ, რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ აღიარების მისაღებად, მ.ქ. მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი, კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კერძოდ, 2011 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მ.ქ.-ს მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.
აღსანიშნავია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს

რომის პაპმა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდა დაგმო. ამის შესახებ ლეო XIV-მ რომის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას განაცხადა.პონტიფიკოსმა ევროპაში ხარჯების ზრდას დიპლომატიის ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ სტუდენტებმა მსგავსი გადაიარაღება „თავდაცვით ხარჯებად“ არ უნდა მოიხსენიონ. მისი თქმით, მსოფლიო „ომებით დასახიჩრებულია“.„არ ვუწოდოთ „თავდაცვა“ ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობასა და არასტაბილურობას, ამცირებს განათლებასა და ჯანდაცვაში ინვესტიციებს, ანგრევს ნდობას დიპლომატიის მიმართ და ამდიდრებს ელიტებს, რომლებსაც საერთო კეთილდღეობა არ აინტერესებთ“, – განაცხადა რომის პაპმა.ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ აკრიტიკებდა ევროპელ მოკავშირეებს , რომ ისინი თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ. თებერვალში მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკული იარაღის მყიდველთა პრიორიტეტული სია გადაიხედება იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომლებიც თავდაცვაზე მეტს ხარჯავენ.ტრამპის მოთხოვნით, 2025 წელს ნატო-მ მხარი დაუჭირა წევრი ქვეყნებისათვის თავდაცვითი ხარჯების მშპ-ის 5%-მდე ზრდას.სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2025 წელს სამხედრო ხარჯების გლობალური ზრდის მთავარი ფაქტორი ევროპაში დანახარჯების 14%-იანი ზრდა გახდა, რომელმაც 864 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დონალდ ტრამპის სადღეგრძელო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე – მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, – ასე უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მჭიდრო და ისტორიული კავშირების პატივსაცემად სადღეგრძელო წარმოთქვა.აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებს „პოზიტიური და პროდუქტიული“ უწოდა და დღეს გამართული „დიდებული მიღების ცერემონიისთვის“ ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. ასევე, ოფიციალური მიწვევა გაუგზავნა სი ძინპინსა და მის მეუღლეს და ისინი 24 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიპატიჟა.ამასთან, დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მოიხსენია ამერიკელი ვაჭარი სამუელ შოუ, რომელმაც 250 წლის წინ ჩინეთთან ივაჭრა; ბენჯამინ ფრანკლინი, რომელმაც თავის გაზეთში კონფუცის ციტატები გამოიყენა; პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელიც ჩინეთს დაეხმარა ალმა მატერის დაარსებაში.„ისევე, როგორც ბევრ ჩინელს ახლა უყვარს კალათბურთი და ჯინსები, დღეს ამერიკაში არსებული ჩინური რესტორნები რაოდენობით აღემატება შეერთებული შტატების ხუთ უმსხვილეს სწრაფი კვების ქსელს ერთად აღებულს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყნებს „ბევრი საერთო აქვთ“ და მიუთითა ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა „შრომისმოყვარეობა“, „სიმამაცე“ და „მიღწევა“.„მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ“, – განაცხადა ტრამპმა მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები: პროექტის კოორდინატორი სიბილა ბოროიევიჩ შოშტარიჩი (Prof. Sibila Borojević Šoštarić) და სტანკო რუჟიჩიჩი (Prof. Stanko Ružičić) ზაგრების უნივერსიტეტიდან (ხორვატია) და პაველ დანიჰელკა (Prof. Pavel Danihelka) ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ჩეხეთის რესპუბლიკა).ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუმრები სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ასევე პრეზენტაციების სახით თავიანთ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის პროექტში მონაწილეობს. თეა მურვანიძის განცხადებით, პროექტს, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება, კოორდინაციას ევროპული უნივერსიტეტები უწევენ.„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო ტრენინგებში, კვლევით აქტივობებსა და ერთობლივ აკადემიურ ინიციატივებში. ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში განათლების ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისა და ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ახალი აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებს თეა მურვანიძე.სტუ-ის ინფორმაცით, მობილობის პროგრამის ფარგლებში კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გეოლოგიისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჯარო ლექციებს გამართავენ, ხოლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცეში სტუმრებს აკადემიურ, კვლევით და სოციალურ-კულტურულ აქტივობებს შესთავაზებენ.

ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

SOCAR-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.„Italiana Petroli (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის დასრულების შემდეგ, SOCAR-ი ლევან დავითაშვილის IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია იტალიური ნავთობკომპანიის განცხადებაში.განცხადების თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ის ოპერაციებს იტალიაში უხელმძღვანელებს, რათა „უზრუნველყოს ბიზნესის უწყვეტობა, შეინარჩუნოს და შემდეგ გააძლიეროს მისი პოზიცია ადგილობრივ ენერგერტიკულ ბაზარზე და ზედამხედველობა გაუწიოს SOCAR ჯგუფში კომპანიის ფართო ინტეგრაციას“.ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2022-2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლიდან SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიცია უცხოეთში კარდაკარ დადის და ქვეყნის დასანქცირებას ითხოვს, მათი მიზანია, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდეთ

ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს. ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას დიდი ნდობა გამოუცხადა და მათ რა გააკეთეს? ეს ნდობა წყალში გადაყარეს და რევოლუციური ბარიკადების მოწყობა დაიწყეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.„ხალხი რას ხედავს? ოპოზიცია უცხოეთში კარდაკარ დადის და ქვეყნის დასანქცირებას ითხოვს. მათი მიზანია, რომ საქართველოს რაც შეიძლება ცუდი გაუკეთონ, რათა მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდეს და მათ რევოლუციურ გეგმებს რაღაც საფუძველი შეექმნას. ბუნებრივია, რომ მოსახლეობა მათ არც ხელს ჩამოართმევს და არც კარს გაუღებს. მათი მხრიდან მცდელობაა, რომ 26 მაისი ხალხის გახლეჩვისთვის გამოიყენონ. ალბათ პროვოკაციის გეგმაც ექნებათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბოლო სიახლეები