საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხს ეხება და რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობასთან, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით გავრცელებულია არაერთი მცდარი, დაუსაბუთებელი და რეპუტაციის შემლახველი განცხადება.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუბლიკაციები სცდება საკითხის ობიექტური და კეთილსინდისიერი გაშუქების ფარგლებს და შეიცავს უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და, მათ შორის, ღვაწლმოსილი პროფესორების ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შემლახველ „შეფასებებს“. მსგავსი შინაარსის განცხადებები, სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი ინტერესით განპირობებული ინფორმაციის გავრცელების სათანადო ფორმად.
„დომენტი (დიტო) ჩუბინიძისთვის, როგორც აკადემიური თანამდებობის პირისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სრულად იყო დაცული ეთიკის ნორმები და ეთიკის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. კერძოდ, დაცული იყო როგორც ეთიკის კომისიის სხდომის მიმდინარეობის, ისე სხდომის ოქმისა და მასთან დაკავშირებული მასალების კონფიდენციალურობა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდა შინაარსობრივად დამახინჯებული მონაცემები, მათ შორის, მიზანმიმართულად გავრცელდა მცდარი ცნობები, თითქოსდა უნივერსიტეტმა დიტო ჩუბინიძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ განმარტოს საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.
უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. უნივერსიტეტი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო დადგენილი პროცედურები, ეთიკური სტანდარტები და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს და სრულად იზიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და აცნობიერებს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან ბრალის წარდგენა ავტომატურად არ ადასტურებს მის დანაშაულს. ამასთან, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი შიდა რეგულაციებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცალსახად აცხადებს, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აქვს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთების შეფასება – შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში – კომპეტენტური ორგანოების პრეროგატივაა და არა მედიის საშუალებით გავრცელებული ცალმხრივი შეფასებებისა თუ ზეწოლის საგანი.
უნივერსიტეტი მოუწოდებს სტატიის ავტორებსა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციის გავრცელებისგან და პატივი სცენ უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და თითოეული თანამშრომლის კანონიერ უფლებებსა და პროფესიულ რეპუტაციას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფრთხილებს დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

