ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

რა დანაშაულები ედება ბრალად მეგის ქარდავას – გენერალური პროკურატურის განმარტება

გენერალური პროკურატურა უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თითქოსდა ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების მიღების მიზნით პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობებს უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მ.ქ.-მ, რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ აღიარების მისაღებად, მ.ქ. მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი, კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კერძოდ, 2011 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მ.ქ.-ს მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.
აღსანიშნავია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი

აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.„ქართულ სასამართლოს არა მარტო სტრასბურგით, მაღალი დონის კვლევებით აქვს დადასტურებული, რომ არის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მოწინავეთა შორის. აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი. ასევე აშშ-ი ეძიებს მოკავშირეს ევროკავშირში და საფრანგეთი - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, საკმაოდ სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის ძალების გაერთიანებაა საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რა არ უნდა გააკეთო ძველით ახალ წელს – ხალხური რწმენები

ძველით ახალი წელი საქართველოში სიმშვიდის, დაკვირვებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ხალხური რწმენით, ამ დღეს არსებობდა ქცევები, რომელთა თავიდან აცილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.არ იჩხუბო და არ გაარკვიო ურთიერთობები ხმაურით სჯეროდათ, რომ ძველით ახალ წელს დაწყებული კონფლიქტი მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებოდა ადამიანს.არ გაატარო დღე ცარიელი სუფრით ცარიელი მაგიდა სიღარიბესა და დეფიციტს უკავშირდებოდა. თუნდაც მცირე პური ან ტკბილეული საკმარისად მიიჩნეოდა.არ გაასესხო ფული ხალხური რწმენით, ძველით ახალ წელს ფულის გატანა სახლიდან ფინანსურ დანაკარგს ნიშნავდა.არ დატოვო სახლი მოუწესრიგებელი ითვლებოდა, რომ არეულობა ახალ წელს პრობლემებს „მოიწვევდა“. მცირე დალაგებაც საკმარისი იყო.არ ჩაიფიქრო ბოროტი ან ნეგატიური სურვილები ამ ღამეს ფიქრებს განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდა და ცუდი სურვილი უკან ბრუნდებოდა.დღეს ეს რწმენები უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა ბევრისთვის ძველით ახალი წელი კვლავ რჩება მშვიდი განწყობისა და კეთილი ფიქრების დღედ.

ტაილანდში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

რა ვითარებაა გზებზე – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიასაავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ბოლო სიახლეები