სამშაბათი, აპრილი 7, 2026

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის – ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის – სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია – 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების – გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის – ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე – 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის – 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად – 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 000 ლარამდე და სხვ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე – სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე – საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ამასთან, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზარდა და 115.61 დოლარს მიაღწია.როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ნავთობის ფასი ხუთშაბათიდან მოყოლებული 100 დოლარს არ ჩამოსცილებია, რისი მიზეზიც, მედიის ცნობით, ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარაა.ცნობისთვის, გასულ წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 69 დოლარი იყო.

გურამ მაჭარაშვილი – კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-დან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა, ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას

კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა. პირიქით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა ერთ-ერთში ემთხვევა საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირთან დაპირისპირების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, მათ შორის ამერიკაში ვიზიტის თვალსაზრისით, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“.„ამერიკის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მათ მხარდამჭერებსაც აღარ აინტერესებთ. 4 ოქტომბრის შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი – აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაც არაერთხელ დამტკიცდა, კარგია, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა მზარდია

აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია და ეს არაერთხელ დამტკიცდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, კარგია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა მზარდია.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მსოფლიოსა და რეგიონში დიდი გამოწვევაა, დავინახეთ, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, სადაც რა თქმა უნდა, საქართველო მონაწილეობს. აზერბაიჯანი შუა დერეფანში მთავარ ფორმატს ქმნის, მნიშვნელოვანი მონაწილეა. კარგია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ასეთი სახის პარტნიორობაა, რომელიც მზარდია. პრეზიდენტ ალიევის განცხადება, რომ შუა დერეფანში საქართველოს დიდი როლი აქვს, იმას ამტკიცებს, რომ შუა დერეფანში საქართველოში მომავალშიც უფრო მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კახა კალაძე – საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერების ვიზიტები ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს

რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ.„ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება აღნიშნულ დერეფანზე სასურველია. ის, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს როლს ამ კუთხით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟი, შეურაცხყოფა და მუქარა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ვიცით, ამის მიზეზიც – არ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამიტომაც აქვთ აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსადმი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა – „მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა.„მოუთმენლად ველოდებით ამ მოგზაურობას. მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას. ვისაუბრებთ აშშ-უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე. მათ შორის ევროპაზე, უკრაინაზე და ყველა სხვა საკითხზე“, – განაცხადა ვენსმა ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.თეთრი სახლის ცნობით, ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა. ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.

ბოლო სიახლეები