შაბათი, ოქტომბერი 31, 2026

პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე: სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის – ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის – სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია – 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების – გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის – ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე – 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის – 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად – 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 000 ლარამდე და სხვ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე – სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე – საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.„დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, დოქტორი ჰანს კლუგე, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეწვია.შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).შეხვედრაზე დოქტორმა ჰანს კლუგემ სასულიერო პირებს სამომავლო ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლებიც მის საარჩევნო პლატფორმასა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას უკავშირდება.მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საარჩევნო მარათონში წარმატებები უსურვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ - გაიხსნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამთო საქმისა და გეოლოგიის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და მინერალური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.კონფერენცია, რომელიც ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა), გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ განაცხადა, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები ხელს უწყობს დარგში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გაცნობას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.„სამთო საქმე და გეოლოგია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მინერალურ-რესურსული პოტენციალი, რომლის ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების ათვისების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს, ახალი სამეცნიერო იდეების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერებს და წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ კონფერენციას“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.კონფერენციას ესწრებოდა მხარდამჭერი კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე. მისი განცხადებით, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლო დარგის მდგრადი განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობასა და პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. მისივე თქმით, RMG, როგორც სამთო სექტორში მოქმედი კომპანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარგის განვითარებასა და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობას. ამასთან, კომპანია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას, წარმატებულ სტუდენტებს კი სტიპენდიებს უნიშნავს, რითაც მათ სწავლისა და პროფესიული წინსვლის მოტივაციას უძლიერებს. RMG-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს სამთო საქმისა და გეოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერებას და დარგისთვის კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებას.სტუ-ის ინფორმაქციით, კონფერენციის ძირითადი თემატიკა მოიცავს სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, ბუნებრივ საფრთხეებსა და გარემოს დაცვას, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიასა და გეოფიზიკას.ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები და განიხილონ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია RMG.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება – „ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს.„ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას.მანამდე, დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანზე დარტყმას არ განახორციელებს.

ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების პროცესში.თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან ჰოფმაისტერი დაესწრნენ“, — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების შესახებ ოქმი გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.აღნიშნული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა ხელი მოაწერეს ოქმს ,,საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა -  „იფექ იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ“.დოკუმენტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარება.დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებას, ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას.ოქმი ეფუძნება 2021 წლის 29 სექტემბერს, ქალაქ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალი ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის შექმნასა და მისი ფუნქციონირების პრინციპების განსაზღვრას.

ბოლო სიახლეები