ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა – ჩვენთვის არავითარი...

თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა, - ასე ეხმაურება “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას.როგორც იმნაძემ აღნიშნა, “სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.“თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის

„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.„მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტზე. მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ორი ინოვაციური მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ და „ვამოროლონი“. ადრე გაკეთდა განცხადება, რომ „ჯივინოსტატის“ შეძენა დასრულებული იყო და „ვამოროლონთან“ მოლაპარაკება ბოლომდე იყო მისაყვანი. საბედნიეროდ, ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის. ვისარგებლებ შესაძლებლობით და აუცილებლად ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.დღეს ასევე ხაზი გაესვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, გენეტიკური დაავადება ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატი იქნა შეძენილი გასულ პერიოდში.  ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ ოჯახის წევრებისთვის. ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადება, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა.დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ ვინ განახორციელებს უშუალოდ მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება. სჭირდებოდა ამას მთავრობის დადგენილების მეშვეობით დარეგულირება, რომლის საფუძველზეც შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დეტალურად იქნება განსაზღვრული ყველა პროცედურა. მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მომზადება, უშუალოდ მედიკამენტის დანიშვნის, მისი გამოყენების პრაქტიკაზე თვალყურის დევნება, მისი ეფექტიანობის გაზომვა და ა.შ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობას, რათა მედიკამენტის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 864 კაფსულა ფსიქოტროპული პრეპარატი, მათ შორის 54 კაფსულა “Pregabalin" 100 აბი ,,Poxakim“, 200 კაფსულა ,,Nopaintin“, 180 აბი ,,Clonazepam-Sobhan” და 330 კაფსულა ,,Gabax”.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ივანე ჩხაიძე – ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ბავშვებში კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია – ამ ვირუსს არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, არ ხასიათდება მძიმე გართულებებით

ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია -კოკსაკის ვირუსის მართვა ხდება დამხმარე თერაპიით - სიცხის საწინააღმდეგო საშუალებებით, სითხის მიღებითა და კანის მოვლით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.ივანე ჩხაიძის თქმით, კოკსაკის ვირუსი, როგორც წესი, არის ვირუსი, რომელსაც არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა და არ ხასიათდება მძიმე გართულებებით.„კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევები ყველაზე მეტი. განსაკუთრებული მატება აღინიშნება თუ არა, ამის თქმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს კლინიკური ან ლაბორატორიული დადასტურება, რაც NCDC-ის მიერ ხდება.კოკსაკი არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.კოკსაკის ვირუსი, როგორც წესი, არის ვირუსი, რომელსაც არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, ეს არის თვითლიმიტირებადი და არ ხასიათდება მძიმე გართულებებით.მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა.სტატისტიკის გათვალისწინებით, ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის აქტიურობა მაღალია. აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი კოკსაკი ყველაზე მეტად აქტიურია.ჩვენი კლინიკის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვქონია არცერთი მძიმე შემთხვევა, რომლის უკან კოკსაკის ვირუსი იდგა. ჩვენ ვაკეთებთ მძიმე შემთხვევებში ვირუსების იდენტიფიცირებას, ვინაიდან იაშვილის კლინიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენი ბაზაა. განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ არსებობს, რომ კოკსაკით გამოწვეული დაავადება მომატებულია“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მარიამ ლაშხი – ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ აფრიკის, ევროპის, შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, მნიშვნელოვანია მათგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ როგორც აფრიკის, ევროპის, ასევე შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.„საპარლამენტო დიპლომატიას, როგორც მთავარ ინსტრუმენტს, ვიყენებთ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სასაუბროდ. ასევე, ჩვენი ეკონომიკური და შუა დერეფნის როლის გაძლიერებისთვის. სწორედ ეს იქნება ის ძირითადი საკითხები, რომლის თაობაზეც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებისას განვიხილავთ. ჩვენ ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ როგორც აფრიკის, ევროპის, ასევე შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია მათგან როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება, ასევე იმის ხაზგასმა, რომ გაერო-ს რეზოლუციებში მნიშვნელოვანია უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენს რეზოლუციებზე“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ბოლო სიახლეები