ჩვენს პარტნიორებს გავაცანი პარტია „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ: ანტიკორუფციული რეფორმები, უნგრეთის გაწევრიანება ევროპულ პროკურატურაში და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენა, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი წერს.
მადიარის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან პირველი ტექნიკური შეხვედრები ბუდაპეშტში 17-18 აპრილს გაიმართა.
„ეს შეხვედრები იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მადიარმა და ისაუბრა თავისი მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე.
მისი თქმით, პარტია „ტისა“ იღებს ვალდებულებას ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებაზე, უნგრეთის ევროპულ პროკურატურაში გაწევრიანებაზე და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენაზე.
„ჩვენ ვაპირებთ ამ ვალდებულებების სრულად შესრულებას მთავრობის ფორმირების შემდეგ, ისევე როგორც შევასრულებთ დაპირებას, რომ უნგრეთს დავუბრუნებთ ევროკავშირის იმ ფინანსებს, რომლებიც ხალხს ეკუთვნის. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობას როგორც უნგრეთისთვის, ისე ევროპისთვის. ევროკავშირის დაფინანსება არ არის ქველმოქმედება, არამედ სამართლიანი ანაზღაურებაა იმ წვლილისთვის, რომელიც უნგრელებმა შეიტანეს კავშირში და იმ სამუშაოსთვის, რომელიც უნგრეთმა ევროპისთვის შეასრულა. არსებობს სრული შეთანხმება ერთ საკითხზე: რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს, რათა უნგრელი ხალხისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრები საბოლოოდ გათავისუფლდეს. ჩვენი მთავრობის ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული“, – განაცხადა მადიარმა.
მისივე თქმით, ფიცის დადების შემდეგ მესამე ვიზიტით ბრიუსელში ჩავა და წევრი ქვეყნების ლიდერებთან ყოვლისმომცველ შეთანხმებას გააფორმებს, რათა უნგრელმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს წვდომა ევროკავშირის სახსრებზე.
„12 აპრილს უნგრელმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა: უნგრეთის ადგილი ევროპაშია“, – წერს მადიარი.

