სამშაბათი, ივლისი 14, 2026

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით.

„ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად. მინდა, თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მივმართო, სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე. სიმართლეა, რომ სახელმწიფო, რომელიც მართულია „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებით, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, იმის გამო, რომ მათ გამოხატეს თავისი პოლიტიკური აზრი. მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან. სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ. ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამ ქალაქს ამასთან ერთად სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგა პროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს რეგიონში. ამისთვის ჩვენ უაღრესად სწრაფად შეგვიძლია სატრანსპორტო კვანძებით დავაკავშიროთ ერთმანეთთან, თბილისი, ლილო, რუსთავი, განვავითაროთ მეტრო. ეს იქნება უარღესად დიდი ეკონომიკური ენერგიის მატარებელი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა გახარიამ.

დღესვე გიორგი გახარიამ  საკრებულოების წევრობისა და მერობის კანდიდატებიც წარადგინა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, პარტიიდან წარდგენილი არიან: ლევან დოლიძე; ზაზა თავაძე; სალომე კობალაძე; გიორგი შარაშიძე; დავით ფარცვანია, თამარ (ტატა) ხვედელიანი, ეკატერინე ვეფხვაძე; მალხაზ მჭედლიშვილი; საბა ჯიქიძე; გიორგი სოსელია; თიკო თვალაძე; გიორგი კიკნაველიძე; ზაურ რეხვიაშვილი; ქეთევან ბაკარაძე; ვატო ფაჩულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი – ახალი ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი შეცვალა. მინისტრის ახალი ბრძანებით, განისაზღვრა და დაზუსტდა საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის კუთვნილი 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გაცემის პირობები, ვადები და საჭირო დოკუმენტაცია. დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომელიც ბავშვს უვლის და არ არსებობს დედის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საფუძველი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ვადით შეძლებს ბავშვის მოვლის შვებულების აღებას, საიდანაც 90 კალენდარული დღე ანაზღაურებადი იქნება. ცნობისთვის, საქართველოში დეკრეტული შვებულებით წელს, იანვარ-მაისის პერიოდში 284-მა მამაკაცმა და 4 560-მა ქალმა ისარგებლა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობა ჯამში 4 844 იყო. მშობლებისთვის გადარიცხულმა თანხამ კი დაახლოებით, 7,8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, კანონი ადგენს, რომ ბავშვის მამას 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება სრულად, თუ დედას ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია. თუ დედამ ანაზღაურებადი შვებულების ნაწილი უკვე გამოიყენა, მამას ანაზღაურდება მხოლოდ დედის მიერ გამოუყენებელი დღეების პროპორციული ნაწილი, თუმცა არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. ბრძანების პროექტით ასევე იცვლება შვებულების ანაზღაურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მოვლის შვებულებით მეორე მშობელი სარგებლობს, საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ:ბავშვის დაბადების მოწმობა; შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.ცვლილებები ასევე აისახება შვებულების ანაზღაურების გაცემისა და დოკუმენტების მიღების წესზე. მათ შორის, განისაზღვრება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტები ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი. პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებასაც. კერძოდ, იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებსაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება ბრძანების ამოქმედებამდე წარმოეშვათ, შვებულება ახალი წესით მიეცემათ.

საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, ეს იყო ილია მეორის ოცნება და იდეა – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო."საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ "ბეთლემს", რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა. დღეს ჩვენ ამ პროექტს ვუძღვნით მის ხსოვნას.ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს, ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. სახელწოდება "ბეთლემი" შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ეს არის მრავალპროფილური, როგორც საქველმოქმედო, ისე საგანმანათლებლო ცენტი. "ბეთლემი" კი განიმარტება, როგორც უფლის სახლი ხორციელი და სულიერი საზრდოთი.11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული სახლი "ბეთლემი" - 150 ბენეფიციარზე, 24-საათიანი მზრუნველობით. ამას ემატება კიდევ 100 ბენეფიციარი დღის მომსახურებით, ხუმრობით და სიყვარულით "მოხუცებულთა ბაღი" დავარქვით", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – მიხეილ ხიდურელი

საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მედიასთან განაცხადა.მისი თქმით, კომპანია Alshaya Group, რომელიც საქართველოში „სტარბაქსის“ ოპერირებას უზრუნველყოფს, 70-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ „სტარბაქსით“ არ შემოიფარგლება.„კომპანიას „სტარბაქსთან“ ერთად აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Victoria's Secret და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ „სტარბაქსით“ არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიცაა, მაგალითად, Primark,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.ხიდურელს დამატებითი დეტალები, მათ შორის, მოლაპარაკებების ეტაპისა და Primark-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის ვადების შესახებ, არ დაუსახელებია.Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმა ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა დევიდ სანჩესი ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციაში დევიდ სანჩესისთვის საჯარო სამსახურის პოზიცია არაკანონიერად შეიქმნა და მისი დანიშვნის პროცესი ადმინისტრაციული წესების დარღვევით წარიმართა, რაც ნეპოტიზმისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.თავად დევიდ სანჩესისი და პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.როგორც „როიტერი“ წერს,  ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ახალ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, რომლის მთავრობაც და უახლოესი გარემოცვაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის გამოძიებებისა და სკანდალების წინაშე დგას.ცნობისთვის, გასულ წელს  კორუფციის ბრალდება წაუყენეს სანჩესის მეუღლესსაც. ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ირაკლი კობახიძე – მადლობა ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიისას თავიდან ავირიდოთ გართულებები

მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.„ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები