ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გახსნის საარჩევნო ოლქებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 14 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედიაზე დაყრდნობით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ცხინვალის რეგიონში გახსნილ 13 დეფაქტო საარჩევნო უბანზე რუსეთის ფედერაციის პასპორტით მოსარგებლე მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო რუსეთის სამხედრო ბაზებშიც.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, მოგვიანებით კი მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისა და შეფასებისკენ მოუწოდა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი) რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,84 % უკვე დაამუშავა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 67% იყო.