ნიკოლოზ სამხარაძე: იქნება უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტიც და მხარდამჭერი რეზოლუციაც

Read Time:2 Minute, 37 Second

ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელებს რაიმე განცდა აქვთ იმისა, რომ საქართველოსგან მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება იქ და რა განვითარებები გვაქვს. ასევე კოორდინირებულად ვმოქმედებთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ერთმანეთს ვუთანხმებთ პოზიციებს თუ რას ვისაუბრებთ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე და ძირითადად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის ჩვენი, ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნების მისაღწევად, რაც არის ნატოში ინტეგრაცია და რაც არის ასევე, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორც საქართველოსი, ასევე უკრაინის, კოორდინირებულად ვმოქმედებთ საერთაშორისო არენაზე.

თავს თუ მოვუყრით ამ განცხადებებს, რაც კეთდება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებისგან, ვნახავთ, რომ რამდენიმე ათეული განცხადებაც კი შეიძლება შეგვხვდეს. იგივე შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნებიც მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, სიხშირეში შეიძლება იყოს განსხვავებული.

რაც შეეხება თავად უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს, ისინი იმიტომ არის თამამი, რომ ეს კონცენტრაცია და დღევანდელი საკითხი, პირდაპირ პროპორციულად ეხება უკრაინის უსაფრთხოებას. ჯარები მობილიზებულები არიან უკრაინის საზღვართან.

ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელებს რაიმე განცდა აქვთ იმისა, რომ საქართველოსგან მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება. იგივე შეუძლია დაადასტუროს ჩვენმა საელჩომ კიევში, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში. ეს მიმდინარე პროცესია და უკრაინას ჩვენგან მხარდამჭერი განცხადებები არასდროს არ მოაკლდება.

რაც შეეხება რეზოლუციას, დღეს ბიუროზე შევთანხმდით, რომ ხვალ ფრაქციებს შორის იქნება შეხვედრა, კონსულტაციები, ისინი შეჯერდებიან ტექსტზე და შემდეგ უკვე განვიხილავთ ამას,“- განაცხადა სამხარაძემ.

ამასთანავე, როგორც მან განმარტა, ნატო რუსეთის დათქმას, საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის გაუქმებასთან დაკავშირებით, არ მიიღებს, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანად ალიანსის არსებობა შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთისთვის უარის თქმის შემთხვევაში კი სცენარი შეიძლება რამდენიმენაირად განვითარდეს, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინაში პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მთავარი თემა, რომელიც რუსეთმა შემოაგდო, არის, რომ ნატომ უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს წევრობის დაპირება. ასევე, ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ნატოსთვის და მთლიანად ზოგადად დასავლეთისთვის ეს ისეთი წინადადებაა, რომელზეც მათ ერთადერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის უარი, იმიტომ, რომ თუ ამ დათქმას ისინი მიიღებენ, ნატოს არსებობაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – რა სცენარები შეიძლება იყოს ამოქმედებული რუსეთის მხრიდან და რისთვის არის მზად დასავლეთი, როგორ შეიძლება ის დაეხმაროს თუნდაც უკრაინას ან საქართველოს ამ სავარაუდო სცენარების დროს. ერთი სცენარი არის ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება, რაც ანალოგური იქნება იმისა, რაც რუსეთმა 2008-ში გააკეთა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ეს მძიმე ნაბიჯი იქნება, რომელზეც დასავლეთისგან რაიმე ტიპის რეაქცია იქნება საჭირო. რამდენად შორს წავა დასავლეთი ამ მიმართულებით და რა იქნება აქ მკვეთრი ნაბიჯები, ესეც ძალიან საინტერესოა. სცენარის ერთ-ერთი ნაწილი არის სამხედრო შეჭრა, რომელიც ყველაზე უარესი სცენარია. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების როგორც საჯარო განცხადებები, ასევე დახურულ შეხვედრებზეც ყველა გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს ინტერესები იქნება დაცული და ჩვენ თქვენ გარეშე არაფერზე რუსეთს არ მოველაპარაკებითო და ეს ძალიან კარგია და ძალიან გვახარებს, მაგრამ მეორე არის, თუ ეს სცენარები განვითარდა, ამ შემთხვევაში რისი იმედი შეიძლება გვქონდეს დასავლელი პარტნიორებისგან. ამიტომ ჯერ ეს იმდენად მიმდინარე პროცესია, რომ ანალიზის და წინასწარი პროგნოზების კეთება სწორი არ იქნება, მაგრამ ამ სავარაუდო სცენარებისთვის უნდა ვიყოთ მზად დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რადგან, ალბათ, ხვდებით, რომ ცალკე აღებული საქართველო რუსეთს სამხედრო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. პარტნიორებთან მუშაობა სწორედ ამ სცენარებზე მიდის და ძალიან გააქტიურებულია ეს კონტაქტები“, – განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები – ნატოს კარი ღია რჩება
Next post ანა ნაცვლიშვილი პოლიციელზე: ვინც ახლა მხოლოდ ამ ერთი კაცის დანაშაულს ხედავს მომხდარში, ამ დუმილის შემოქმედი და ნაწილია!