ეკა კუპატაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას იხსენებს პერიოდს, როდესაც შვილებს მარტო, თუმცა ნათესავებისა და ახლობლების მხარდაჭერით ზრდიდა.
„მე და ნიკა ვათენებთ და ვაღამებთ გიგას საფლავთან. მან იცის, რომ სამართალმა იზეიმა და მისი სული მოსვენებულია.
ნიკა ორი წლისაც არ მყავდა და გიგაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა მარტო დავრჩი. არ ვგულისხმობ ყველასგან მიტოვებულს, ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, ძმები… შვილები მეუღლის სოფელში გავზარდე და იქაც ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი გულიანი მეზობლები. შვილები მარტომ გავზარდე, მაგრამ არა ყველასგან მიტოვებულმა. ვინც არ უნდა გედგას გვერდით, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მაინც დედას აქვს. ასე წვალებაში გავზარდე შვილები და სიმწრით გაზრდილი შვილი წამართვეს… მე რომ ჩემი თავისა და ძალის, ჩემი უკომპრომისობის იმედი არ მქონოდა, ამ ბრძოლაში არ შევიდოდი და ჩემი შვილისთვის გარდაცვალების დღეს თავს მოვიკლავდი, ჩემს შვილს მიწაში არ გავუშვებდი და სახლში არ შემოვიდოდი, თბილ ლოგინში არ დავწვებოდი, თუმცა ახლაც არ მძინავს“, – თქვა ეკა კუპატაძემ.

