სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026

ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ “ავერსის კლინიკაში” ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პირველი ოპერაცია ჩაატარა

3 მარტს ამიერკავკასიაში პირველად “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდმა წარმატებით ჩაატარა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია. საზოგადოებისთვის ახლად დანერგილი მეთოდის გასაცნობად კლინიკაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ჩატარებული ოპერაციის, მისი მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხს. ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც მედიკამენტებით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებათა სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორებიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდულობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება და პაციენტები გაცილებით დამოუკიდებელნი ხდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაციით პარკინსონის დაავადების სიმპტომების მკურნალობა მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი დანერგვა საქართველოშიც აამაღლებს უამრავი პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად:

– ევროპის კლინიკებში ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაციის მინიმალური ღირებულება 40 ათასი ამერიკული დოლარია. ფასს უდიდესწილად განსაზღვრავს ის ტექნოლოგიები და აპარატურა, რომლებიც ერთჯერადად გამოიყენება ოპერაციის დროს. ამერიკულ კომპანია “მეტრონიქსთან” მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ოპერაციის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 70 ათას ლარს შეადგენს, – გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ. მისივე თქმით, “მეტრონიქსის” წარმომადგენლები პირველ ოპერაციას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდი, ქირურგი და მთელი პერსონალი მზადაა ამ რანგის ოპერაციების ჩასატარებლად:

– ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდის დასანერგად მუშაობა 4-5 წლის წინ დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიების შეძენა სოლიდურ ფინანსურ ხარჯს მოითხოვდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი გუნდის მომზადებაც, რომელიც სათანადოდ წარმართავდა ამ ოპერაციას. “ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე ქვეყანაში გაიარა სტაჟირება, რომ სრულფასოვნად შეესწავლა მეთოდი. დღეს ჩვენი კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მზად არიან ამ რთული მანიპულაციების ჩასატარებლად.

“ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსმა ლაშა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერაციები უზუსტეს ტექნოლოგიებს მოითხოვს, ამიტომ უახლესი და მაღალი ხარისხის აპარატურა გადამწყვეტ როლს ასრულებს ოპერაციის წარმატებაში:

– კარგ შედეგს თანმიმდევრული მუშაობით შედეგად ვიღებთ, რაც პირველმა ოპერაციამაც დაადასტურა. მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან ერთად მნიშვნელოვანია ნევროლოგის, ანესთეზიოლოგისა და გუნდის შეწყობილი მუშაობა. ნეიროქირურგი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირამიდის მწვერვალია, – აღნიშნა ბატონმა ლაშამ. მან განგვიმარტა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს გულმკერდის მიდამოში, კანქვეშ, მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას, რომელიც ტვინში ელექტრონულ იმპულსებს გზავნის, ამგვარად ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც მოძრაობის დარღვევას იწვევს ან აკორექტირებს მათ. პაციენტის სრული რეაბილიტაცია ერთ თვეს მოითხოვს – ამ ხნის განმავლობაში ელექტროსტიმულატორის პარამეტრების მატების პროცესი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა პაციენტი ეფექტს პირველივე დღეებიდან გრძნობს.

კონფერენციის დასასრულს, როდესაც ოპერაციიდან ათი საათი იყო გასული, პაციენტმა, 36 წლის გოჩა ნიკოლეიშვილმა, დამოუკიდებლად შეძლო პალატიდან გამოსვლა და ჟურნალისტებთან შეხვედრა. მან მადლობა გადაუხადა “ავერსის კლინიკის” მედპერსონალს და აღნიშნა, რომ ქართველ პროფესიონალთა დამსახურებით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცათ შანსი, მათი ცხოვრების ხარისხმა საგრძნობლად აიწიოს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გივი მიქანაძე – წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთჯერადად იქნა მიღებული.მინისტრის განმარტებით, სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 1795-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამის მიზეზი გახლდათ შემდეგი: მათ არჩეული ჰქონდათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა, უკვე წლებია, აღარ მოქმედებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას. გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნა მიღებული.სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლა სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად დაუფინანსდება, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების მეტ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ილია სულამანიძე ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი (+100) იჭიდავებს, მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი იქნება.გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და...

დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მრევლს ენატრება ილია მეორის ლოცვა, სიტყვები.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები