ნანა კაკაბაძე: დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩისგან კიდევ უნდა მოველოდეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს – სად არის ჩვენი ამერიკა?

Read Time:4 Minute, 32 Second

დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩისგან კიდევ უნდა მოველოდეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს – სად არის ჩვენი ამერიკა? – ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„სადა არის ჩემი ამერიკა?
70-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო აღქმული ქვეყანა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამართლიანობის მექა. ქართველი დისიდენტების და ყველა პატრიოტის იმედი იყო ის, რომ თუ ოდესმე საქართველოს დამოუკიდებლობა ეღირსებოდა, სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის შენებაში სწორედ ამერიკა დაგვეხმარებოდა და დაგვიფარავდა.
ჯერ კიდევ 70-იანი წლების შუა ხანებში მე და ჩემი თინეიჯერი მეგობრები გულის ფანცქალით ვგულშემატკივრობდით პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ ანტიკომუნისტური ბრძოლის მთავარ იარაღად ადამიანის უფლებათა დაცვის პრიმატის წამოწევას, ხოლო 80-იანი წლების დასაწყისიდან, უკვე სხვადასხვა ასაკის ყველა დისიდენტი აღფრთოვანებული ვიყავით რონალდ რეიგანის მიზანმიმართული და უკომპრომისო ანტისაბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დანგრევა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება გამოიწვია.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის შედეგი იყო.
ამის შემდეგ ჩვენი საოცნებო შორეული ამერიკა ძალიან ახლოს შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ისტორიის კურიოზი იყო, რომ ყველაზე გულმხურვალე კომუნისტად და „ანტიიმპერიალისტად“ მიჩნეული ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეშიც და დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაშიც „იმპერიალისტური“ დასავლეთის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ მოგვევლინა.
მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა საუკუნის ბოლოს ბევრწილად განაპირობა აშშ-ს და მთელი დასავლური სამყაროს სოლიდური მატერიალური, ტექნიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის.
დადგა 21-ე საუკუნე, მოხუცი შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა, რომლებმაც მიაღწიეს მათი პოლიტიკური გამზრდელი შევარდნაძის ძალისმიერ გადაყენებას და საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.
ამერიკამ თვალი დახუჭა სახელმწიფო გადატრიალებაზე და ხელისუფლების უკანონო, ძალისმიერი გზით დაუფლებას „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს. მალე კი ე. წ. რეფორმატორებმა ისეთი აგრესიული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რომ 1 წელიწადზე ნაკლებ დროში უკვე აშკარა გახდა მათი მმართველობის სასტიკი, არაადამიანური სახე, თუმცა, უკვე ნიღაბჩამოხსნილ ნაციონალ მმართველებს თბილისში დიდი პომპეზურობით სტუმრად ჩამოსულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა.
და როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ კიდევ უფრო გათამამებული და გათავხედებული ნაცების ხელისუფლებამ უფრო აგრესიულად განაგრძო სასამართლოს ნოტარიუსებად ქცევა, ბიზნესის დარეკეტება, თავისუფალი მედიის განადგურება, უკანონო დაპატიმრებები, პატიმართა მასობრივი წამებები, შიშის დასათესად ქუჩებში ახალგაზრდების ჩახოცვა და ა. შ. მოკლედ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მართვის მექანიზმად ქცევა.
სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი სერიოზული იმედგაცრუება ამერიკის მიმართ, თუმცა, ბევრი ისევ გულუბრყვილოდ იიმედებდა თავს, რომ „იქ“, „ჩვენი იმედის სახელმწიფოში“ ეს ყველაფერი არ იცოდნენ. ამიტომ თავისუფლებისა და სიცოცხლის  რისკის ფასადაც  დაუღალავად ვმუშაობდით იმაზე, რომ საელჩოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სისტემატურად მიგვეწოდებინა ფაქტებზე დამყარებული სავალალო სურათი, რომელიც ნაცებმა შექმნეს საქართველოში. თუმცა, თუ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებში ჩვენი ძველი კავშირების საშუალებით კიდევ ვახერხებდით სიმართლის გარკვეული დოზის გატანას, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ მხრივ ყრუ კედელს ვაწყდებოდით და თანდათან ვრწმუნდებოდით, რომ მაშინდელი ადმინისტრაციებისთვის ღირებულებებზე აპელირება მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრა იყო და საქართველოს ისინი აღიქვამდნენ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელსაყრელ გეოგრაფიულ ტერიტორიად და ამისათვის მზად იყვნენ ამ ტერიტორიის მმართველთა ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე თვალი დაეხუჭათ. ამან მიგვიყვანა 2008 წლის ომამდეც და 2012 წლამდეც, როდესაც შეუძლებელი იყო მათ მიერ დემოკრატიულად წარმოჩენილი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში შენარჩუნება მათ მიმართ ხალხის უდიდესი ნაწილის პოზიციის გამო.
თუმცა, ოპოზიციაში გადასულ ნაცებს ფარულად დაუწყეს აქტიური მფარველობა და ლობირება.
როდესაც წლების შემდეგ თანდათან აღმოჩნდა, რომ 2012 წელს მოსული ხელისუფლება არ ასრულებდა უსიტყვოდ აშშ-ს ყველა მოთხოვნას, ნაცების ფარული მხარდაჭერიდან მათ აშკარა ლობირებაზე გადავიდნენ და დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩის სრულიად არადიპლომატიური განცხადებებით და ქმედებებით ღიად დაგვანახვეს, რომ ჩვენ მათთვის არა თანასწორუფლებიანი პარტნიორები, არამედ მხოლოდ დავალებების შემსრულებლები უნდა ვიყოთ, რომლებმაც უნდა იმოქმედონ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ-ს ინტერესების შესაბამისად.
ამ ყველაფრის შემყურე მე და ბევრი ჩემი ძველი მეგობარი ვკითხულობთ:
სად წავიდა ჩვენი ამერიკა?
ჩვენ შორიდან არასწორად აღვიქვამდით და ახლოდან დანახული სულ სხვა აღმოჩნდა, თუ ბოლო 20-30 წელიწადში მართლაც ასე შეიცვალა ეს ქვეყანა და დაკარგა იმ ღირებულებებზე ორიენტაცია, რომელიც ჩვენთვის მისაბაძი და საოცნებო იყო?
მე მაინც მგონია, რომ მეორე პასუხია სწორი და აი, რატომ:
ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სფეროში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკისთვის მხოლოდ 2 დიდ მარცხზე ამახვილებდნენ ყურადღებას – იაპონიის ქალაქებში ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად დატრიალებულ უბედურებაზე და ვიეტნამის ომში განცდილ მძიმე მარცხზე. ამ ორი მძიმე მოვლენიდან აშშ-ს მმართველებმა სერიოზული დასკვნები გამოიტანეს. 90-იან წლებიდან მოყოლებული კი აშშ-მ სასტიკი მეთოდებით დაანგრია ან დაიპყრო არაერთი ქვეყანა (იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია და ა. შ.), სერბიის გულში შექმნა ახალი მუსულმანური სახელმწიფო- კოსოვო,  სექსუალური უმცირესობების პრიორიტეტი გამოაცხადა დემოკრატიულობის და ადამიანის უფლებების დაცვის დონის განმსაზღვრელად, აშკარად დაიწყო არადემოკრატიული, მაგრამ მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა.
საქართველოს მაგალითს რომ თავი დავანებოთ, აშშ-მ ვენესუელაში მისთვის მიუღებელი, მაგრამ არჩეული პრეზიდენტის- მადუროს ნაცვლად პროამერიკული ოპოზიციის ლიდერი ცნო პრეზიდენტად და დიდი მცდელობის მიუხედავად იქ ვერ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების გზით იმ კაცის ხელისუფლებაში მოყვანა, დღემდე მას აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად.
პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა დიპლომატებმა იმდენი მოახერხეს, რომ უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის ლიდერები აალაპარაკეს საჯაროდ იმაზე, რომ აშშ-სთან პარტნიორობა არ უნდა გულისხმობდეს მათ მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას.
მოკლედ, ისტორიის ამ უახლესი გაკვეთილებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უნდა მოველოდეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩისაგან, რომელსაც უკვირს, თუ რატომ სთხოვენ მის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებებს, რატომ არ სჯერათ მისი უსიტყვოდ, განა არ უნდა ვიცოდეთ, რომ მის სიტყვებს არავითარი გამოძიება აღარ უნდა ჭირდებოდეს? ამავე დროს საერთაშორისო სკანდალში გახვეულ, ბიუჯეტისა და ევროპელი პენსიონერების ფულის მიმთვისებელ დავით კეზერაშვილს უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იცავდეს და მხოლოდ გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ეწოდოს მას დამნაშავე.
აშშ-ში ბევრი იქაური  მეგობარი  ეთანხმება, რომ ეს არ არის ჩვენი ამერიკა. ისინი თავის ქვეყანაში იბრძვიან, რომ დაიბრუნონ ის სამშობლო, რომელმაც აშშ  აქცია ძლიერ, მდიდარ და მიმზიდველ ქვეყნად. ჩვენ, რა თქმა უნდა, აშშ-ს შიგნიდან შესაცვლელად და დაკარგული ამერიკის დასაბრუნებლად არავითარი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ის კი მაინც შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოტყუებულ ნაწილს ვუთხრათ სიმართლე და ავუხსნათ, რომ დღევანდელი ამერიკა თვითონ ეძებს გზას იმ ღირებულებების დაბრუნებისკენ, რომელზეც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა და მათმა შთამომავლებმა ააშენეს ეს დიადი ქვეყანა“- წერს ნანა კაკაბაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: კელი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში აბსოლუტური ფიასკოა
Next post შალვა პაპუაშვილი: თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას, ვფიქრობ, დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და არაპატრიოტული