კვირა, აპრილი 26, 2026

მეუფე შიო – ღრმად გვწამს, რომ ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში და ილია მეორე თავისი ლოცვით შეგვეწევა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ წირვა და პანაშვიდი აღასრულა.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა, განვლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის, ილია მეორის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად.

„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან. ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40-დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. ჩვენც ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოღვიძება და აღმავლობაც.

უფალმა ჩვენ გვანახა პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც, მოსეს მსგავსად, უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც საუბრობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე“. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში და მის უნეტარესობაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე, მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისა და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი, ნაყოფი იყო და არის ის, რაც ვიხილეთ – ქართველი ხალხის პასუხი მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ნაკადი მის უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს, გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული ეფინებოდა ყველას, განურჩევლად ასაკი და სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა.

ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე. შეიძლება თითქოს ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას, დაბნეულ სამწყსოს, შეიძლება, გვეფიქრა, რა გვეშველება მის გარეშე, მაგრამ, როგორც მისი გარდაცვალების დღეებში დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, უფლის მადლით, მისი უწმინდესობის მადლით, ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით. დღეს, როგორც არასდროს, ისე ძალუმად გვესმის უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება და ვისაც მე ვრწმენე, ის, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს, ის არ მოკვდება უკუნისამდე“. წმინდა წერილი როგორც გვასწავლის, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა გამოირჩეოდა.

ძნელია ჩემთვის დღეს საუბარი თქვენ წინაშე და მინდა, თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი, რომ ასეთ ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი. დიდება და მადლობა უფალს, დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი წყალობისა და მფარველობისთვის, მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ილია მეორეს თავისი დიდებული ღვალწლისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვიზიტი როგორც კი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ირანისგან ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა მას შემდეგ, რაც მან პაკისტანში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა.„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. საინტერესოა, როგორც კი ვიზიტი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა წერია დოკუმენტში და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს.„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. მისმინეთ, შეთანხმება რთული მისაღწევი არ არის. ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ახალი ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. ბევრი რამ შემოგვთავაზეს, ბევრი რამ, მაგრამ არასაკმარისი“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, რადგან ისინი არა ქვეყნის ლიდერს, არამედ ისეთ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, არავის სმენია.„მოგზაურობა გავაუქმეთ. არ ვაპირებთ 15 საათის განმავლობაში თვითმფრინავებში ყოფნას, წინ და უკან სიარულს, რათა არასაკმარისი დოკუმენტი მოგვცენ. ამიტომ, ტელეფონით ვიმუშავებთ და მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს. მათ სამხედროები პრაქტიკულად აღარ დარჩათ, ლიდერებიც აღარ ჰყავთ. არავინ იცის, ვინ არის ლიდერი – არ მგონია, მათაც იცოდნენ, ვინ არიან ლიდერები. ფელდმარშალი შესანიშნავია, პაკისტანის პრემიერ-მინისტრიც შესანიშნავია. იცით, მათ სურთ, რაღაც მოხდეს,  მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 15-16 საათის განმავლობაში მოგზაურობას იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა შესახებაც არავის სმენია. ისინი ძალიან კომპეტენტურები არიან, მაგრამ ქვეყნის ლიდერს არ ხვდებოდნენ. ისინი სხვა ადამიანებს ხვდებოდნენ. მე ვთქვი, ჩვენ უბრალოდ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ძალიან ბევრი მოგზაურობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ძალიან ძვირია. მე ხარჯების მიმართ ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი დაბა ლენტეხი, სოფელი თეკალი იყო.მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მეუფე საბა – არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება

წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.მისივე თქმით, წმინდა სინოდის საქმიანობაში არანაირი ჩარევა არ არის.„წინა სინოდის სხდომაზე იყო განხილული რაღაც საკითხები, რაღაც დარჩა განსახილველი, რომლებსაც 28-ში განვიხილავთ. 28-ში პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება.არანაირი ჩარევა ჩემთან არ ყოფილა, არანაირი ჩარევა არ არის. წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას. დაელოდეთ, ვლოცულობთ და ღვთის შეწევნით იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ღვთისთვის სათნო იქნება“, – აღნიშნა მეუფე საბამ.ჟურნალისტის კითხვაზე, გამოკვეთილია თუ არა სავარაუდო კანდიდატები, მეუფე საბამ აღნიშნა: „ეს ფარული კენჭისყრაა და წინასწარ მე არ ვამბობ“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა.ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას დაავალა ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს, სხვა დეტალები უცნობია.მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთსა ლიბანის სამხრეთით ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.ისრაელმაც დღეს არაერთი დარტყმა განახორციელა ლიბანის სამხრეთით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, ექვსი წევრი დაიღუპა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პარლამენტში მანდატზე უარს ამბობს

ორბანმა უარი თქვა უნგრეთიs პარლამენტში მანდატზე. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ორბანის განცხადებით, დასრულდა მისი პარტია „ფიდესის” პრეზიდიუმის სხდომა, და მათ საპარლამენტო ფრაქციის “კარდინალურად რეფორმირება” გადაწყვიტეს, რომელიც 27 აპრილს იქნება ფორმირებული. მისი ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება, ხოლო თავად ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებს.„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი”-„ქრისტიან-დემოკრატები” სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის” საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის,” - განაცხადა ორბანმა.მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ხელმძღვანელობის ასარჩევად სხდომა ივნისისთვის გადაიდო. ამ მომენტისთვის პარტია „ფიდესის” პრეზიდენტის თანამდებობას თავად ორბანი იკავებს.

ბოლო სიახლეები