მეუფე შიო: როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბოროტი სულების მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით – დიდი მარხვის პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ასეთი ღვაწლისთვის

Read Time:1 Minute, 49 Second

,,მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში…  ვეცადოთ, მოვიშოროთ ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა და შევცვალოთ ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით…” – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)  დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათის ქადაგებისას განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია განსაკუთრებით გვახსენებს, რომ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავების გარდა, არსებობს მარადიული ცხოვრება და ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამ მარადიული სიცოცხლისთვის.

მაგრამ როგორ უნდა მოვემზადოთ მარადისობისთვის და ღმერთთან შეხვედრისთვის? – უნდა მოვემზადოთ სულის განწმენდითა და თავშეკავებით, მარხვით. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბოროტი სულების მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით. აი, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში.

ამაზე საუბრობს ასევე წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. მას მოჰყავს მაგალითად მორბენალები და მოკრივეები და წერს: „ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი”.

აქ წმინდა პავლე მოციქული საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ ისე კი არ ასპარეზობს, თითქოს არ იცოდეს, რისთვის ასპარეზობს, ფუჭად და ამაოდ კი არ მოღვაწეობს, როგორც, მაგალითად, მოკრივეები, რომლებიც ვარჯიშის დროს ჰაერში იქნევენ მუშტებს, არამედ ნამდვილ დარტყმებს ვაყენებ ჩემს მტერს, ეშმაკს, მაგრამ ამისთვის ვიმონებ და ვთრგუნავ ჩემს სხეულს, რაღა სხვას რომ ვუქადაგებ, თავად არ გამოვჩნდე უღირსიო.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, პავლე მოციქულის ეს სიტყვები გახლავთ ფუძემდებლური ქრისტიანული ასკეტიკისთვის. აქედან ჩანს, რომ ხორციელი მოთხოვნილებების დათრგუნვის და თავშეკავების გარეშე შეუძლებელია ვნებების აღმოფხვრა და სულიერ ცხოვრებაში წარმატება.

დიდი მარხვის პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ასეთი ღვაწლისთვის. ამიტომ ვეცადოთ, მოვიშოროთ ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა და შევცვალოთ ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით და დავინახავთ, რა დიდ სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენ ეს… მაგრამ ამას სჭირდება შრომა და თავის იძულება, რადგან “სასუფეველი ცათა იიძულების”, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითიუკუნისამდე, ამინ!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: თავად ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ღიად ამბობენ, რომ ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს კოალიციურით
Next post ზივზივაძის დუბლი – საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 2:0 ამარცხებს