მეუფე შიო: ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი

Read Time:1 Minute, 43 Second

ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს ქადაგებაზე განაცხადა.

მისი თქმით, წმინდა მამები დიდმარხვას ასევე უწოდებენ სულიერ გაზაფხულს, როგორც განახლებას, როგორც ახალი ძალების მოკრებას.

„დღეს ჩვენ დავასრულეთ ღირსი ანდრია კრეტელის სინანულის კანონის კითხვა. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ მარხვაზე, სინანულზე. დიდი მარხვა – ეს არის განსაკუთრებული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში და ეს არ არის პერიოდი მარტო საკვების შეცვლის თვალსაზრისით, ეს არის ჟამი, როცა ვუღრმავდებით საკუთარ თავს, ვიკვლევთ ჩვენს თავს, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი და რას ვხედავთ ჩვენს გულსა და სულში ასეთ დროს, თუ მართლა გვსურს სინანული? – ცოდვათა უფსკრულს, უამრავ ცოდვას ვხედავთ; მაგრამ ჩვენი ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ, რომ საკმაოდ სახიფათოა სულიერად, საკუთარ თავში მხოლოდ ამ ცოდვის დანახვით შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ძალიან ცუდად დამთავრდეს ადამიანის სულისთვის, ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, სევდაში და ა.შ.

ამიტომ სინანული სხვა რამეში მდგომარეობს. ვიმეორებ, ეს არ არის შემოფარგვლა, ჩაკეტვა მარტო ცუდის დანახვაში, როგორც ერთგვარ საპყრობილეში, არამედ სინანულის დროს ადამიანი აი, ამ ცუდ, ბნელ მხარესთან ერთად ხედავს ნათელსაც, ხედავს სიკეთეს და სწორედ იმიტომ ვხედავთ აი, ამ სიბნელეს, რომ ჩვენ ვიცით – არსებობს კეთილი, არსებობს ნათელი და არსებობს წმინდა.

აი, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს“. აი, ბნელში, რაც ჩვენს სულშია, წყვდიადში ჩანს ეს ნათელი, ნათელი ღვთის დიდებისა და ნათელი იმისა, რაც არის ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის, რაც მიანიჭა უფალმა ყოველ ჩვენგანს და რაც არის ჩვენი მოწოდება და დანიშნულება. ეს არის ღმერთთან თანაზიარების მადლი, ღმერთთან თანაზიარების ნათელი, ღვთის დიდება.

აი, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს არის ნამდვილი სინანული და ამიტომ ეწოდება ამ მარხვას მარხვა სიხარულისა. სიხარულის მარხვაა ეს სწორედ ამიტომ, აი, ამ მწუხარებასთან ერთად შეზავებული არის აი, ასეთი სიხარული, რომელშიც იხილვება ის, რაზეც მოგახსენეთ – ყველაზე დიდი, წმინდა და ნათელი რამ და ზეაგვამაღლებს, ასე ვთქვათ, აი, ამ მიწიურ ცხოვრებაზე და ამ სიხარულს მოგვანიჭებს.

თქვენ იცით, ალბათ გსმენიათ, რომ წმინდა მამები დიდმარხვას ასევე უწოდებენ სულიერ გაზაფხულს, როგორც განახლებას, როგორც ახალი ძალების მოკრებას და ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი, რომ სიხარულით შევეგებოთ აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, ჩვენ კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ
Next post თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს