კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?!— ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა

Read Time:1 Minute, 15 Second

შესაძლოა, სიმსივნის 3 გავრცელებული ტიპის დიაგნოსტირებაში მალე ახალი ტესტი დაგვეხმაროს, რომელსაც ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ამომშრალი სისხლის ლაქა სჭირდება. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს და პასუხს სულ რამდენიმე წუთში იძლევა.

მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ტესტმა გამოავლინა, ვის ჰქონდა პანკრეასის, კუჭისა თუ ნაწლავების (კოლორექტალური) სიმსივნე და ვის — არა. ამ მეთოდით სისხლში კონკრეტული მოლეკულების დაფიქსირების შედეგად კიბოს სწორი დიაგნოსტირება შესაძლოა, შემთხვევების დაახლოებით 82%-ში მოხერხდეს.

ამაში ერთ-ერთ მთავარ როლს მანქანური დასწავლა ასრულებს, რომელიც სისხლის შრატში მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილ მოლეკულებს, მეტაბოლიტებს, აანალიზებს. ისინი ბიოინდიკატორებია, რომელთაც, პოტენციურად, ორგანიზმში არსებული სიმსივნური ქსოვილების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ზემოხსენებული სამი მომაკვდინებელი სიმსივნის დასაფიქსირებლად, ჩვეულებრივ, ორგანოების გამოსახულებები და ქირურგიული პროცედურები გამოიყენება.

ამასთან შედარებით, ახალი ტესტი ბევრად მარტივი მეთოდია, რომლისთვისაც შესაძლოა, სულ რაღაც 0.05 მილილიტრი სისხლი იყოს საკმარისი. თხევადისგან განსხვავებით, მისი მშრალი შრატის შენახვა და ტრანსპორტირება ბევრად ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ტესტი მთელს მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუკი მისი ეფექტიანობა დადასტურდება.

ექსპერიმენტებში ტესტმა სისხლის ლაქით პანკრეასის სიმსივნის შემთხვევების 81.2% გამოავლინა, თხევადი სისხლის ანალიზით კი მისი შედეგი 76.8% იყო. დღესდღეობით ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტირებისთვის 1 ბიომარკერი გამოიყენება, რომელსაც CA19-9 ეწოდება.

ამჟამად ხელმისაწვდომი ტესტების სიზუსტე სიმპტომურ შემთხვევებში 80%-ია, ხოლო უსიმპტომოში — მხოლოდ 13%. მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებული მეთოდი ამ მხრივ გამოსადეგია, რადგან სათანადო მეტაბოლიტებს დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე აფიქსირებს, როცა ხშირად სიმპტომები ჯერ არ იჩენს თავს.

ტესტის ეფექტიანობის დასადასტურებლად კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით კი დიდ და მრავალფეროვან პოპულაციებში, რადგან ჯერჯერობით ის სისხლის ასობით ნიმუშზე გამოცადეს. მომავალში შესაძლებელია, რომ ის სხვა ტიპის სიმსივნეების გამოსავლენად და უკვე დიაგნოსტირებული სიმსივნის ზრდაზე დასაკვირვებლად გამოიყენონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი – დემოკრატიული სამყარო საქართველოს მთავრობის ლიდერებს პირდაპირ ეუბნება: „თქვენ ემსახურებით პუტინს და არა – ხალხს“ – სანქციები ცალსახად იქნება
Next post „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ