კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე

Read Time:2 Minute, 13 Second

ვფიქრობ, მთავრობა ახლო მომავალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიის პროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს და ამ სტრატეგიის განსახილველად პარლამენტი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი საერთო შეთანხმების, კონსენსუსის საფუძველზე იყოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ადამიანის უფლებათა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე ქვეყნის განვითარება. ჩემი მიმართვით მინდა გამოვხატო უპირობო პატივისცემა ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინაშე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას.

1918 წელს, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებლებმა პირველ კონსტიტუციაში ასახეს საუკუნეების გამოცდილებით ჩამოყალიბებული და მოსახლეობის ნებით განმტკიცებული მემკვიდრეობა. მაშინ, როდესაც ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე მსოფლიოში სხვა მოსაზრებები იყო გავრცელებული, საქართველოში საზოგადოების ყველა ჯგუფი ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთო.

თითოეული ადამიანი ერთობლიობაში ქმნის და აშენებს ძლიერ სახელმწიფოს. შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ეს ფუნდამენტური ფასეულობა კვლავაც უნდა განამტკიცებდეს საქართველოს სახელმწიფოს და აძლიერებდეს ეროვნულ თვითმყოფადობას.

ამავე დროს, ორმაგად მტკივნეულია, როდესაც ახალი თაობის რეფორმებზე საუბრის პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა ხდება და მათ არსებობისთვის ბრძოლა უწევთ. აქვე, კიდევ ერთხელ ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ ისტორიული უსამართლობის დასრულებისთვის.

საქართველოს პარლამენტს, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს, განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა არსებითი ნაბიჯები გადადგა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნისკენ, იქნება ეს ბავშვთა დაცვის ახალი კოდექსის დამტკიცება, შრომის ახალი ნორმების დადგენა, არჩევნებში გენდერული კვოტების მიღება, საქართველოს კონსტიტუციაში ახალი უფლებრივი რეგულაციების შემოტანა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის კანონის მიღ თუ სხვა.

საქართველოს პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს როგორც სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების, ისე მათ სათანადო აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და ამ პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარესთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართულებით აქვს. მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მხრივ შინაარსობრივ რეფორმებს გულისხმობდა, დღეს უკვე განსაახლებელია და უფრო ამბიციური გეგმაა შესამუშავებელი. ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლებში სამწუხაროდ გვქონდა გამოწვევები და სწორედ ამიტომ, საჭიროა მეტი მუშაობა და წინსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე და ამ ეტაპზე, თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს.

მინდა ყურადღება გავამახვილო ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პროექტს საქართველოს პარლამენტს, ვფიქრობ, მთავრობა ახლო მომავალში წარუდგენს და ამ სტრატეგიის განსახილველად პარლამენტი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი საერთო შეთანხმების, კონსენსუსის საფუძველზე იყოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული.

ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მიღწევები ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია. გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ერთად გავაგრძელოთ უფრო ძლიერი ქვეყნის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 334 პაციენტი
Next post სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო