კახა კუჭავა: აუცილებელია შეიქმნას სარგებლის მთლიანი ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადგილობრივს, ბოლომდე ჩაერთოს თავისი კუთხის, მხარის განვითარებაში და მიიღოს სარგებელი

Read Time:1 Minute, 47 Second

აუცილებელია შეიქმნას სარგებლის მთლიანი ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადგილობრივს, ბოლომდე ჩაერთოს თავისი კუთხის, მხარის განვითარებაში და მიიღოს სარგებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ მხარეში, გამორჩეულში თავისი ბუნებით, რაზეც ყველა თანხმდება თუნდაც იმ სტატუსის გამო, რომელიც ამ რეგიონში ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს აქვს.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით უმნიშვნელოვანესია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმისთვის.

თქვენ კარგად გახსოვთ, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს „ქართული ოცნება“ გარემოზე ზრუნვას და ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას.

როდესაც ვსაუბრობთ პოტენციალის ბოლომდე გამოყენებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სარგებელი, რომელიც მოსახლეობისთვის მოაქვს ამ ეროვნულ პარკებს და დაცულ ტერიტორიებს.

აუცილებელია შეიქმნას სარგებლის მთლიანი ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადგილობრივს, ბოლომდე ჩაერთოს თავისი კუთხის, მხარის განვითარებაში და მიიღოს სარგებელი.

როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივებზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, რითაც გამოირჩევა ხარაგაული.

ბევრ ჩვენგანს გვიმგზავრია ამ ულამაზეს მხარეში, გვითქვამს, რომ ციცაბო ფერდობებზე მიწების დამუშავება, შრომა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, რომელიც აქ განვითარებულია, ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.

ეს ის მოსახლეობაა, რომელიც თავისი შრომით, ყოველდღიურად ამტკიცებს, რამდენად აუცილებელია ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ოჯახების, რეგიონის და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ეს მუნიციპალიტეტი, ეს მონაკვეთი, არის ის ისტორიული მონაკვეთი, რომელიც აკავშირებდა დასავლეთს და აღმოსავლეთს, სანამ რიკოთის გვირაბი გაკეთდებოდა. აქ მიმდინარეობდა ვაჭრობა დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. ეს ისტორიული მნიშვნელობა აუცილებელია სწორად გავიგოთ და ბოლომდე გამოვიყენოთ ის რეალური შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს.

როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებაზე, ძლიერ საქართველოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა – თვითმმართველობა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას არ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით.

ამ მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტია განხორციელებული, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა კიდევ უფრო დიდი ტემპი და ამას აუცილებლად მივაღწევთ ძლიერი თვითმმართველობით, ძლიერი მერით და საკრებულოთი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ცენტრალური ხელისუფლება. ყველა ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ დროულად და ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა კანდიდატად წარმოვადგინოთ კობა ლურსმანაშვილი- ადამიანი, რომელთან ერთად მე-9 მოწვევის პარლამენტში ოთხი წელი ვიმუშავე, სამი წელი ერთ კომიტეტში ვმუშაობდით.

ნებისმიერ საკითხზე იგი აუცილებლად ახსენებდა ხარაგაულს და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ამ მუნიციპალიტეტის ინტერესები, რაც ლოგიკურიცაა, იგი ხარაგაულის მაჟორიტარი იყო, მანამდე იყო მერი, ახლაც ასრულებს მერის მოვალეობას და დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და გააგრძელებს თავისი მუნიციპალიტეტის, თავისი ხალხის მსახურებას“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: ავღანეთის კრიზისი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი უფრო დიდი სამხედრო ავტონომიისკენ უნდა ისწრაფოდეს
Next post „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს