ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ანომალიაც არ იყო – ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება

Read Time:1 Minute, 52 Second

რეალურად, არ არსებობს არცერთი – ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის თუ სხვა რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს იმ წესის შენარჩუნებას, რომელიც დღეს არის დადგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მან 19 აპრილის შეთანხმება და საარჩევნო კოდექსში არსებული წესი ანომალიებად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ანომალიის მიზანი საბოტაჟის შექმნა იყო.

„რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად, 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს – ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ არსებული რეგულაციის დატოვების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას, ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის 6-თვიანი უფლებამოსილების ვადა გასული იქნება, რაც ოპოზიციას სპეკულაციების საბაბს მისცემს.

„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვტოვებთ არსებულ რეგულაციას, რაც დღესაც არის მოცემული. ამ შემთხვევაში, ერთი ვარიანტია, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად კანდიდატურების წარმოდგენაზე, შესაბამისად გვრჩება მოცემულობა, რომ 6 თვით არჩეული თავმჯდომარე და წევრები ინარჩუნებენ თანამდებობებს 2,5 წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვხვდებით ისეთი თავმჯდომარით და ცესკოს წევრებით – ორ წევრზე და თავმჯდომარეზეა საუბარი – რომლებსაც, 2,5 წელია გასული აქვთ უფლებამოსილების სტანდარტული 6-თვიანი ვადა. ამაზე რამხელა სპეკულაციები წამოვა, ხომ წარმოგიდგენიათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

ვინც აპროტესტებს ამ ახალ წესს, სინამდვილეში მათ ახალი ანომალია უნდათ: რომ ვერ ავირჩიოთ ახალი ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, რომ 2024 წლის ოქტომბერში გვყავდეს ისეთი თავმჯდომარე და ისეთი ორი წევრი, რომელსაც 6-თვიანი ვადა გასული აქვს. ამას არ დავუშვებთ, ანომალიას აღარ დავუშვებთ არც საარჩევნო კოდექსში და არც რაიმე სხვა კანონში.“ – განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე რამდენად იქნება ეს საკითხი პრობლემური კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი წესი სწორედ ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები 12 პუნქტთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება.

„დღევანდელი წესი არის სწორედ წინააღმდეგობაში ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან, ახალი წესი თავიდან ბოლომდე იქნება შესაბამისობაში ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე, საბაბი მაინც ხომ უნდა არსებობდეს? – ეს ახალი პროცედურა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წინააღმდეგობაში 12 პუნქტთან.“ – განმარტა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ გვსურს ვითანამშრომლოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები, ასევე ფუნდამენტური პრინციპები დაცულია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიურ ქმედებაში