ირაკლი კობახიძე – საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის

Read Time:1 Minute, 54 Second

საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება იდგება სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის. დეტალებს რომც არ ჩავუღრმავდეთ, უკვე ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას. სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ.

რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიის – „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად.

„აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, მეხუთე კოლონას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში.

როგორც ცნობილია, ამ მიზნის გამჟღავნებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ, თუმცა, დავით უსუფაშვილს გუშინ წამოცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა. კერძოდ, მან გუშინ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ომში რუსეთთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგება ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. საზოგადოებას მოვუწოდებთ, სათანადოდ შეაფასოს რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ტელევიზიების მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და გამოიჩინოს მაქსიმალური განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პროვოკაციების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 386 რუს დეპუტატს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ დაუჭირეს მხარი
Next post Google უკრაინელებს მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ შეატყობინებს